„სოფლად მცხოვრები ქალების სახით მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს…“
„ტირძნისის საჯარო სკოლაში ეკონომიკის პედაგოგად ვმუშაობ. მიუხედავად გადატვირთული რეჟიმისა, ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ვფიქრობ, რომ სოფლად მცხოვრები ქალების სახით, მნიშვნელოვანი რესურსი არსებობს. ამიტომ, რეგიონში, თემში მცხოვრებ ქალებთან ერთად, ვცდილობ სხვადასხვა სახის აქტივობები განვახორციელო.“ – შიდა ქართლის სათემო ფონდის „მშვიდობისა და განვითარებისთვის“ ხელმძღვანელი მარიამ ბუჩუკური.
– როგორც ვიცი, ხარ კოალიციის – „ქალთა პოლიტიკური ჩართულობისთვის“ წევრი…
-კოალიციაში გაწევრიანებას და სხვადასხვა პოლიტიკოსთან შეხვედრას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ამით საშუალება მეძლევა სოფლად მცხოვრები ქალების საჭიროებები და აქტუალური თემები უფრო ფართო აუდიტორიასთან გავაჟღერო. ასევე, მივიღო გამოცდილება პოლიტიკოსი ქალებისგან და მეც განვაგრძო აქტიური ჩართულობა სხვადასხვა საკითხის სასიკეთოდ გადაჭრაში. მიღებული ცოდნა დამეხმარება თანასოფლელ ქალებთან ერთად სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში ჩასართველად. როდესაც სოფლად მცხოვრებ ქალებთან დავიწყეთ მუშაობა და სხვადასხვა ტრენინგი ჩავუტარეთ, მიხვდნენ, რომ ძალიან შეზღუდულები იყვნენ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რადგან ისინი, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ოჯახებს ემსახურებოდნენ. მათ გააქტიურებას სხვადასხვა პროექტის ფარგლებში დიდი ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა მნიშვნელოვანი შედეგებია მიღებული.
– რაში გამოიხატება მათი აქტივობა?
– მათ მიიღეს საგრანტო კონკურსში მონაწილეობა, დაწერეს სოფლისთვის საჭირო პროექტები და არა საკუთარი ოჯახებიდან გამომდინარე. ეს არის: სამეურნეო დანიშნულების გზების, შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, გახსნეს კომპიტერული ცენტრები, რომლებიც სრულიად უფასოდ ემსახურება თემში მცხოვრებ ადამიანებს, ინტერნეტით მომსახურება ბავშვებისთვის და ა.შ.
– 2014 წელს გააკეთე კვლევა სასაზღვრო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში…
– სასაზღვრო გამყოფ ხაზთნ მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით ქალებს, მრავალი პრობლემა აწუხებთ. მათ ყოველდღიურად უწევთ, აიტანონ მძიმე ფიზიკური და სოციალური მდგომარეობა. ქალები ეწევიან საკუთარ მეურნეობებში ფიზიკურ შრომას ოჯახის კეთილდღეობისა და ფინანსური მდგრადობისათვის, თუმცა აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავლები მწირია, რაც ვერ უზრუნველყოფს ოჯახის ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
– ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქალებს აწუხებთ…
– ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ქალებს აწუხებთ, არის საბავშვო ბაღების არარსებობა სოფლებში, ან არსებული საბავშვო ბაღების მდებარეობა და მდგომარეობა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის ელემენტარულ სტანდარტებს – შენობები, სადაც განთავსებულია საბავშვო ბაღები, ნესტიანი და ბნელია, არ ნიავდება, რაც ბავშვების ჯანმრთელობას საშიშროებას უქმნის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ არსებული საბავშვო ბაღების სველი წერტილები და საპირფარეშო შენობის გარე პერიმეტრზე მდებარეობს. სასაზღვრო – გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების უმრავლესობაში (ქვ. სობისი, ზე. სობისი, კირბალი, ქორდი, არბო) არ არის საბავშვო ბაღები, რის გამოც მშობლები იძულებულნი არიან, ბავშვები ატარონ მეზობელ თემში, ან სოფელში არსებულ საბავშვო ბაღებში, რომელიც სოფლიდან დაცილებულია 3-4 კმ-ით. ამის გამო დედებს უწევთ ამ მანძილის ფეხით გავლა, ვინაიდან განსაზღვრულ საათებში არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ყოველივე ეს კიდევ უფრო ამძიმებს მათ ყოველდღიურ ცხოვრებას, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, რადგან არსებობს მტაცებელი ცხოველების საშიშროება.
– სასმელი წყლის პრობლემა…
– სოფლებში არსებობს სასმელი წყლის ვარგისიანობის პრობლემა, ვინაიდან წლების განმავლობაში არ მომხდარა მისი ლაბორატორიული გამოკვლევა ვარგისიანობაზე, ასევე არ მომხდარა წყლის ავზების დაქლორვა, მოშლილია ინფრასტრუქტურა, მოძველებულია მიმწოდებელი მილები. არის სოფლები, სადაც წყლის ჭაბურღილები დამონტაჟებულია დაბინძურებულ და სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიებთან. სოფელ ქორდში კი ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისას, სადაც უნდა განთვსდეს ბავშვთა გასართობი ცენტრი, სასმელი წყლის ავზის გვერდით დამონტაჟდა კანალიზაციისთვის განკუთვნილი ჭა, რაც ქმნის საშიშროებას, რომ კანალიზაციაში ჩასული მასა შეერევა სასმელ წყალს. სოფლების უმრავლესობაში პრობლემას წარმოადგენს წყლის არასრული მომარაგება, კერძოდ, სოფლებში წყლის გრაფიკი განისაზღვრება ორ დღეში ერთხელ ორი საათით, ხოლო, სადაც არ არის წყალი, ქალებს შორი მანძილიდან უწევთ წყლის ზიდვა.
– სხვა რა პრობლემები არსებობს?
– სოფლების უმრავლესობაში დღემდე არ ჩატარებულა გამრიცხველიანებისა და გაზიფიცირების სამუშაოები. ქალებს ზაფხულის პერიოდშიც კი შეშის ღუმელზე უწევთ სადილისა და სხვა მსგავსი საქმიანობების კეთება.
მოშლილია სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზები. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა ნალექიანი ამინდების დროს. ამ პერიოდში შეუძლებელი ხდება ფეხით და, ზოგიერთ შემთხვევაში, მსუბუქი ტრანსპორტით გადაადგილებაც კი.
ხშირად ვხვდებით დაზიანებულ და ამორტიზებულ სახლებს, რომელიც საშიშია საცხოვრებლად. სახლების უმრავლესობა დაზიანებულია 2008 წლის კონფლიქტის დროს. არის სახლები, სადაც საყრდენი კედლები ერთმანეთს არის დაცილებული, მაგრამ გამოუვალი მდგომარეობის გამო ოჯახებს მაინც უწევთ ასეთ სახლებში ცხოვრება.
არცერთ სოფელში არ არის სანიტარული ნორმები დაცული, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილი ურნები და ტერიტორიები, რის გამოც ნაგვის ნარჩენები გვხვდება ნებისმიერ ადგილას, რაც დაავადებების გავრცელების წყაროს წარმოადგენს.
– გარკვეული თანხა ბიუჯეტიდან ყოველთვის გამოიყოფა…
– იმის გამო, რომ სოფლის განვითარების პროგრამით გამოყოფილი ბიუჯეტის შესახებ სახელმწიფომ თავიდანვე არ მოახდინა საინფორმაციო კამპანია, მოსახლეობა ვერ ერკვევა ამ ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობასა და მის მიზნობრიობაში, რის შედეგად გვაქვს ე.წ. რიტუალების სახლის მშენებლობის სურათი, რაშიც იხარჯება სოფლის ბიუჯეტი წლების განმავლობაში და, მიუხედავად ამისა, არცერთი ასეთი სახლი დღემდე არ არის დასრულებული.
– თუ არის მოსახლეობაში დაუცველობის განცდა?
– რა თქმა უნდა, მოსახლეობაში არსებობს დაუცველობის განცდა. არის სოფლები, სადაც თვალნათლივ ჩანს ე.წ. საზღვრის გამყოფი მავთულხლართები, ხოლო ზოგიერთ სოფელში მსგავსი მავთულხლართები არ არის და ამის გამო ხშირია ადამიანების დაკავება და გატაცება, ვინაიდან მოსახლეობა ვერ ერკვევა, სად არის კონტროლირებადი ზონის დასასრული. ამ მხრივ გამოირჩევა სოფელი კირბალი, საიდანაც გატაცებულია 42 ადამიანი, რომლებიც ფულადი ჯარიმების გადახდის შედეგად გათავისუფლდნენ.
უნდა ვთქვა, რომ მოსახლეობა მძიმე ფსიქოლოგიურ და სოციალურ წნეხს განიცდის. განსაკუთრებით მაღალია ონკოლოგიური დაავადებები ქალებში. მიუხედავად ამისა, ქალები აქტიურად განაგრძობენ ცხოვრებას.
– დრო…
– ჩემი დღეები სულ გაწერილია. კვირაში ორი დღე სკოლაში ვარ, დანარჩენი დღეები დავდივარ სოფლებში, შეხვედრებზე, ტრენინგებზე, ფაქტობრივად, სულ მოძრაობაში ვარ. ხანდახან მითქვამს, მოდი ამ შაბათ-კვირას დავისვენებ-მეთქი, მაგრამ ვერ ვჩერდები…
მზევინარ ხუციშვილი