„ფოტოგრაფია მთელი ცხოვრება ძიების პროცესია…“
„საერთოდ, ხელოვნების მიმართ ინტერესი რომ გამიჩნდა, მამაჩემის დამსახურებაა. ბავშვობაში ხშირად დავყავდი მეგობარ ფოტოგრაფებთან, პოეტებთან, მხატვრებთან და ა.შ. ვიცნობდი ძალიან ბევრ ნიჭიერ ადამიანს. მართალია, მაშინ პატარა ვიყავი და ისე ვერ აღვიქვამდი ყველაფერს, როგორც დღეს, მაგრამ ხელოვნებისადმი ინტერესი მაინც დაილექა ჩემში. რეჟისურა რომ გადავწყვიტე და ოჯახის წევრებს გავუმხილე, მამაჩემს ძალიან ბედნიერი სახე ჰქონდა. დედა არ ეთანხმებოდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მამის მხარდაჭერამ გამათამამა.“ – რეჟისორი, ფოტოგრაფი ლელა მეფარიშვილი.
– რეჟისურა, ფოტოგრაფია – როგორ მოხდა ერთი პროფესიიდან მეორე პროფესიაში გადასვლა?
– მე არ ვარ, კონკრეტულად კინორეჟისორი. ვიზუალურ ხელოვნებათა რეჟისურა დავამთავრე. სამწუხაროდ, პრაქტიკის გავლაც კი ძალიან გამიჭირდა. ინსტიტუტშიც კი, მხოლოდ ერთი კამერა და ერთი სამონტაჟო გვქონდა. მოკლემეტრაჟიანი ფილმების გადასაღებად უამრავი იდეა არსებობდა, მაგრამ პროდიუსერის მოძებნა ძალიან რთული იყო. ამიტომ გამიჭირდა ჩემს პროფესიაში ფეხის მოკიდება. ორი წელი ტელევიზიაში ვმუშაობდი. ცოტა გამოცდილება მივიღე და შემდეგ უკვე ფოტოგრაფიაზე გადავერთე. არ მქონდა ვიდეოკამერა, მაგრამ მქონდა ფირის კამერა „ზენიტი“, რომელიც მშობლებმა სტუდენტობის პერიოდში მაჩუქეს. ბავშვობიდან მომყვება ფოტოგრაფიის მიმართ ინტერესი.
მამაჩემის მეგობარს ფოტოატელიე ჰქონდა. თითქმის, ყოველდღე, მე და მამა მასთან მივდიოდით. ძალიან მიყვარდა იმ სქელი, წითელი, ხავერდის ფარდის გადაწევა, სადაც უშუალოდ ფოტოებს იღებდნენ. ამ ფარდის მიღმა ჩემთვის მიუწვდომელი სამყარო იყო. ხალხი რომ მოდიოდა და ფოტოებს იღებდნენ, ჩუმად ვიჭყიტებოდი, რომ დამენახა, იქ რა ხდებოდა. მახსოვს, აგრეთვე, რომ ფოტოატელიის სარდაფში იყო ოთახი, სადაც ეს კაცი ფირებს ამჟღავნებდა და არავის არ უშვებდა. ჩემთვის ზღაპრული ოთახი იყო. ახლაც, ვგრძნობ იმ ნესტისა და გასამჟღავნებელი წამლების სუნს. ერთ დღეს ისეთ დროს მივედით, მამის მეგობარი იმ ოთახში იყო, და რომ გამოვიდა, ოთახს თვალი შევავლე, რაც ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა იყო.
წლების შემდეგ უკვე, ფოტოგრაფია ჩემთვის საკუთარი თავის გამოხატვისა და რეალიზების საშუალებად იქცა. თავიდან, უფრო ჰობი იყო, მაგრამ თანდათან ვგრძნობდი, რომ ვეღარ ვჩერდებოდი და ყოველდღე ახალი აღმოჩენა და გადაღება მინდოდა. ჩემმა ფოტოებმა, სრულიად უცხო ადამიანების მოწონებაც რომ დაიმსახურა, ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამათამამა.
– პირველად რა, ან ვინ გადაიღე?
– ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, რატომღაც ზოოპარკში წავედი. ალბათ, იმიტომ, რომ პრეტენზია არავის ექნებოდა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ფოტოები გამოვიდა, მაგრამ პირველი კადრები იყო და მთელი ფირი იქ დავხარჯე, რომელიც, სამწუხაროდ, დავკარგე.
– ახლა რომელ ჟანრში მუშაობ?
– ჩემი ხელოვნების აღქმა უფრო პორტრეტებში გამოიხატება. მიყვარს შავ-თეთრი პორტრეტების გადაღება, ხასიათის გადმოცემა. მაგრამ არა დადგმული, უფრო სპონტანურად აღბეჭდილი ემოციები მომწონს. გადასაღებად სოფლებში დავდივარ. ვფიქრობ, უფრო საინტერესოა და შედარებით მარტივიც. ქალაქში ხშირად მხვდებიან აგრესიულად განწყობილი ადამიანები. ფოტოგრაფების მიმართ სოფლებში უფრო მეტ სითბოს გამოხატავენ. გიღებენ, როგორც სტუმარს და არა, როგორც ფოტოგრაფს.
– რატომ შავ-თეთრი?
– მე ძალიან დიდი ჩარევა არ მიყვარს ფოტოში, მაგრამ, როცა პორტრეტს ვიღებ, აბსოლუტურად ყველანაირ ფერს გამოვრციხავ, მხოლოდ შავ-თეთრი უნდა იყოს. თითქოს, ორი ფერია და ძალიან ადვილია, მაგრამ საკმაოდ რთულად აღსაქმელია, რადგან სწორედ ამ ორი ფერით უნდა შექმნა განწყობაც და სინათლეც. ამიტომ, ჩემთვის შავ-თეთრ ფოტოზე მუშაობა უფრო საინტერესოა, ვიდრე, ისედაც ბუნებისგან მოცემული ლამაზი ფერების აღბეჭდვა. თუმცა, ამასაც დიდი ცოდნა უნდა, რომ სწორად გადაანაწილო ფერები და განათება.
– ფოტოგრაფია და ფოტოხელოვნება…
– ფოტოგრაფია ფოტოხელოვნებაა. თუნდაც, პასპორტის ფოტოს იღებდე, ესეც ფოტოხელოვნებაა. მასაც თავისებური ცოდნა, მიდგომა და აღქმა სჭირდება. სამწუხაროდ, საქართველოში, ისე, როგორც სხვა პროფესიები, არც ფოტოგრაფიაა დაფასებული. საზღვარგარეთ, გაყიდვადიც არის, დაფასებულიც და ღირებულიც. საქართველოში ჯერ კიდევ ვერ აღიქვამენ ადამიანები, რატომ უნდა დაკიდონ ფოტო კედელზე.
უცხოელი ფოტოგრაფები ტექნიკური საშუალებებითაც ძალიან განებივრებულები არიან. შეიძლება დამწყები ფოტოგრაფი იყოს, მაგრამ ისეთი ხარისხის ტექნიკას ფლობენ, რომ ჩვენთან შეიძლება ბევრ სტუდიას და პროფესიონალ ფოტოგრაფს არ ჰქონდეს. უცხოელ ფოტოგრაფებში ყველაზე მეტად მათი უბრალოება მხიბლავს. ჩვენთან ბოლო დროს უფრო მოდაში შემოვიდა ფოტოგრაფია. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, შენი სახელი რამდენად ჟღერს, მთავარია, რას აკეთებ. ჩემთვის დიდი წარმატება იყო, როცა ინგლისში კალენდარზე დაიბეჭდა ჩემი ფოტო, აგრეთვე – გერმანულ გაზეთში და შვეიცარიის პოლიტიკურ ჟურნალში.
– გამოფენები და კონკურსები…
– ჯგუფურ გამოფენებში ვმონაწილეობ, მაგრამ პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია. ალბათ, ჯერ კიდევ ძიებაში ვარ. მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში ვგეგმავ გამოფენის გაკეთებას, მაგრამ ვფიქრობ, შემაჯამებელი იყოს, იმის, რაც აქამდე გადამიღია თუ კონკრეტული თემა შევარჩიო. თუმცა, პორტრეტული ხასიათის იქნება.
ფოტოკონკურსებშიც ვმონაწილეობდი. ბათუმის ფოტოკონკურსში ჩემი ფოტო პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ვფიქრობ, აუცილებელია კონკურსებში მონაწილეობა. სტიმულია, პაექრობის, თვითდაჯერების მომენტიცაა. პირველი სტიმული სწორედ იმან მომცა, რომ ჩემი ფოტო 50 საუკეთესო სურათს შორის მოხვდა. ძალიან დიდი გამარჯვება და ემოცია იყო ჩემთვის, სხვა კონკურსებში მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა. რამდენიმე წელია აღარ ვმონაწილეობ კონკურსებში, რადგან ტურიზმში გადავინაცვლე. ტურისტული კომპანია Kaukasus-Reisen-ის ფოტოტურების ხელმძღვანელი ვარ. ვხვდები უცხოელ ფოტოგრაფებს. ორი კვირის განმავლობაში ვმოგზაურობთ მთელს საქართველოში, ვაცნობ ქართველ ფოტოგრაფებს, საკმაოდ საინტერესოა ჩემთვისაც და მათთვისაც. მართალია, ტურიზმი სეზონურია, მაგრამ ამისთვის მზადება მთელი წელი მიმდინარეობს. ფოტოებსაც იშვიათად, მაგრამ მაინც ვიღებ. ვარ Backstage-ის ფოტოგრაფი და ვმუშაობ ფილმების გადაღებებზე
-აკეთებ ხელნაკეთ აქსესუარებსაც…
– დეიდამ შემასწავლა და შემაყვარა ყველანაირი ხელსაქმე – ქსოვა, კერვა… სხვა ადამიანების გაკეთებულ აქსესუარებს რომ ვნახულობდი, დავინტერესდი, მე რამდენად გამომივიდოდა. თავიდან, უბრალოდ, ჰობი იყო, ახლა კი ერთ-ერთი შემოსავლის წყაროა. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გვერდი შევქმენი და ინტერნეტით ვიღებ შეკვეთებს – ავსტრიიდან, გერმანიიდან, ამერიკიდან და კიდევ სხვა ქვეყნებიდან. ამ კუთხით საშობაო გამოფენებში ვმონაწილეობ.
მზევინარ ხუციშვილი