ლადო ვარძელაშვილის მინისტრობისას გამოვლენილ დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაეცემა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური შემოწმების შედეგად, აუდიტის დასკვნას პროკურატურას გადაუგზავნის – ამის შესახებ „კვირას“ აუდიტის სამსახურში  განუცხადეს.

როგორც „კვირას“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე მზადდება დოკუმენტაცია პროკურატურაში გადასაგზავნად.

შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ანგარიშის დასკვნა 2011-2012 წლებში მოწყობილ ფეხბურთის სტადიონებს ეხება. დოკუმენტის თანახმად, ფეხბურთის მოედნების მშენებლობაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 392 400 ლარი ზედმეტად გაიხარჯა. ფეხბურთის ფედერაციამ 369 600 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში უკან მას შემდეგ დააბრუნა, რაც მას აუდიტის სამსახურის აღნიშნული ანგარიში გადაეგზავნა.
აღსანიშნავია, რომ ამ დროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობას ლადო ვარძელაშვილი ხელმძღვანელობდა.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს 2011-2012 და 2013 წლების ფინანსური და შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა სახის დარღვევა, მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი: 2011-2012 წლებში სპორტის სამინისტროსთვის, ფეხბურთის მოედნების მშენებლობის მიზნით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები სამინისტროს მიერ გადაცემულია ფეხბურთის ფედერაციაზე, ხოლო ფეხბურთის ფედერაციამ აღნიშნულ სამუშაოებზე გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები სხვადასხვა კომპანიასთან. დადგინდა, რომ აღნიშნულ სტადიონებზე ჩატარებულ სამუშაოებზე ბიუჯეტიდან ზედმეტად დახარჯულია 392 400 ლარი“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები