ყოფილი პროკურორი ლევან გაბუნიას პასუხობს – თამაზ გეთია იური ვაზაგაშვილისგან ქრთამის აღებას უარყოფს
ვაკე-საბურთალოს რაიონის ყოფილი პროკურორი თამაზ გეთია კატეგორიულად უარყოფს ლევან გაბუნიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ იური ვაზაგაშვილმა რამდენიმე წლის წინ პროკურატურას, მისი შვილის განთავისუფლების სანაცვლოდ, 70 ათასი დოლარი გადაუხადა.
თამაზ გეთიამ „კვირასთან“ საუბრისას ვერ გაიხსენა წლების წინ გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას საქმე. თუმცა, მან „კვირას“ დაუდასტურა, რომ 2002 წელს იგი ვაკის რაიონის პროკურორის თანამდებობას იკავებდა.
„რა სისულელეს მეუბნებით, როგორ მკადრებთ ასეთ რაღაცას, რა ფულის აღებაზე მელაპარაკებით. რა მახსოვს წლების წინ მომხდარი საქმე… მიმართეთ პროკურატურის პრესცენტრს და ინფორმაციას მოგაწვდიან. ამას წინათ ლევან გაბუნიამ ჯერ თქვა, პოლიციამ დაფარა ეს დანაშაულიო, და მაგან ჯერ კარგად გაარკვიოს რაღაცები. ალბათ, გამოითხოვენ მაგ საქმეს და შეისწავლიან“, – აღნიშნა თამაზ გეთიამ.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მოწვეულმა სტუმარმა ლევან გაბუნიამ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს მოკლული ზურა ვაზაგაშვილი ბექა პაპუაშვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. როგორც ლევან გაბუნიამ აღნიშნა, 2002 წელს ბექა პაპუაშვილის მკვლელობის გამო ზურა ვაზაგაშვილი და რამდენიმე პირი დააკავეს. მისი თქმით, იური ვაზაგაშვილმა, შვილის პატიმრობიდან გათავისუფლების სანაცვლოდ, მაშინ 70 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა.
„2002 წელს, ზურაბ ვაზაგაშვილმა თავის მეგობრებთან ერთად მოკლა ბექა პაპუაშვილი, რომლის მოწმე იყო ჩემი შვილი გიორგი გაბუნია. ერთი წლის შემდეგ, ჩემი შვილი, როგორც მოწმე, მოიშორა ზურა ვაზაგაშვილმა, რომ მას პასუხი არ ეგო. 2003 წელს უკვე „ვარდების რევოლუცია“ მოხდა, მთავრობა შეიცვალა და იმის შიშით, რომ იმ მთავრობას არ გამოეძიებინა ეს საქმე, მოწმე მოიშორეს.
გამოძიება ბექა პაპუაშვილის საქმეზე მაშინვე დაიწყო, იმ დღესვე დააკავეს ზურა ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები, მაგრამ იმ დღესვე გაუშვეს. ჩემი შვილის მკვლელობის შემდეგ, ყველა გამომძიებელი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ჩემი შვილის მკვლელობის საქმესთან, მაშინ ყველა საუბრობდა იმას, რომ იური ვაზაგაშვილმა 70 ათასი აშშ დოლარი ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურატურას გადაუხადა. მე ამის მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ეს ინფორმაცია მაშინდელი გამომძიებლებისგან მაქვს მიღებული“, – განაცხადა ლევან გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“.
იზა შაქარაშვილი