სკოლის პედაგოგმა თვითმკვლელობის შემდეგ კოლეგებს და ოჯახს უპასუხო კითხვები დაუტოვა
ქარელის რაიონის სოფელ ძლევიჯვარში საჯარო სკოლის პედაგოგის თვითმკვლელობის ფაქტზე სამართალდაცველებმა სკოლის დირექტორი დაჰკითხეს – ამის შესახებ „კვირას“ სკოლის დირექტორმა ია გეგელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, მისთვის 48 წლის ლედი იმერლიშვილის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.
„ლედი იმერლიშვილი ჩემი ახლო მეგობარი იყო. ჩემთვის გაუგებარია, რა მოხდა, ან რატომ მოიკლა თავი. უამრავი კითხვები დაგვიტოვა ჩვენც. არც წერილი დაუტოვებია. სკოლაში ჩემს მოადგილედ მუშაობდა, სასწავლო ნაწილის თანამდებობას იკავებდა. 1993 წლიდან კი სკოლაში დაწყებითი სკოლის პედაგოგად მუშაობდა. იმავე დღეს გამომძიებელმა დამკითხა. ლედის სკოლაში არანაირი პრობლემა არ ჰქონია. პარასკევს სკოლაში იყო, არც არაფერი შეგვიმჩნევია. გაკვეთილები ჩაატარა და სახლში წავიდა“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას სკოლის დირექტორმა.
მისი თქმით, ლედი იმერლიშვილი 30 იანვარს საღამოს საცხოვრებელი სახლის სარდაფში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სოფელ ძლევიჯვარის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, ლედი იმერლიშვილის ცხედარი თავდაპირველად შვილმა აღმოაჩინა. ცხედარს იმავე დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ლედი იმერლიშვილის მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავდა. მათ შორის ერთ-ერთი უკვე დაოჯახებულიც იყო.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ლედი იმერლიშვილის ოჯახი სოფელ ძლევიჯვარში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი მეუღლე ადრე მძღოლად მუშაობდა, ახლა კი დროებით უმუშევარი დარჩა. ლედი იმერლიშვილს სოფელ ძლევიჯვარში სამშაბათს, 3 თებერვალს დაკრძალავენ.