ირაკლი ალასანია ემზარ კვიციანის ბრალდებას პასუხობს

საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ემზარ კვიციანის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას უპასუხა. როგორც ალასანიამ “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მაშინ თავად აქტიურად ეწინააღმდეგებოდა “მონადირის“ გაუქმებას და სააკაშვილ – ოქრუაშვილს სპეციალურ სქემასაც სთავაზობდა.
“იმ დროს, როცა მე აფხაზეთის სტრუქტურებს ვხელმძღვანელობდი კოდორში ისეთი ვითარება იყო, რომ ვერ ჩადიოდნენ აფხაზეთის სტრუქტურის წარმომადგენლები. ჩვენ იქ შესვლა და მშვიდობის დამყარება შევძელით. (არ ვგულისხმობ იმ შესვლას, რომელიც იმ ხელისუფლების პერიოდში დიპლომატიაში ჩემი წასვლის შემდეგ განხორციელდა) დავიწყეთ აფზახეთში ლეგიტიმური სამსახურების აღდგენა. გარდა ამისა, მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც კბილებით ვიცავდი “მონადირის“ შენარჩუნებას, “მონადირე“ ეს იყო უმამაცესი, გამოცდილი სამხედროებით დაკომპლექტებული ორგანიზაცია, რომელიც იცავდა ხეობას. უდიდესი შეცდომა იყო, როცა მაშინ სააკაშვილმა და ოქრუაშვილმა ეს სტრუქტურა გააუქმეს, რამდენიმე თვის განმავლობაში ვახერხებდი ამ ორგანიზაციის დაცვას, ვთავაზობდი მათ სქემას, რომ მეტი შეიარაღებით, მეტი კომპეტენციის შეტანით უკეთესად იქნებოდა დაცული კოდორი. მაგრამ მოხდა ისე, რომ მე როცა აფხაზეთის სტრუქტურა, ცვლილებები თავად განახორციელა სააკაშვილმა“, – განაცხადა ალასანიამ ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში.
ემზარ კვიციანმა ირაკლი ალასანიას გუშინ ტელეკომპანია“ობიექტივის“ ეთერით მიმართა და განაცხადა, რომ კოდორის ხეობის ჩაბარება რუსეთისთვის სწორედ ალასანიას ბრალია. კვიციანმა მისი და ალასანიას შეხვედრის დეტალებიც გაიხსენა. “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ირაკლი ალასანია აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნეს. დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ნახვა უნდოდა. მან მითხრა, რომ გუბერნია უნდა გაუქმებულიყო და აფხაზეთისთვის მას უნდა ეხელმძღვანელა. მე ვუთხარი, რომ წასვლის შესახებ განცხადება ორჯერ დავწერე. გუბერნია იმიტომ, შეიქმნა, რომ ერთ მუშტად უნდა გაერთიანებულიყვნენ და ალასანიას ვუთხარი, რომ გუბერნიაში დაეტოვებინა ის ადამიანები, რომლებიც ჩემს დროსაც იყვნენ, რადგან ვიცოდი ისინი ხეობას არ უღალატებდნენ. ალასანიამ მითხრა, რომ გუბერნია უნდა დაშლილიყო. მმართველობას იგი აიღებდა ხელში და ასეთი ფრაზა თქვა, რომ „აფხაზები იძულებულნი იქნებიან კარგად დაგველაპარაკონო. გავაძლიერებთ ეკონომიკურად, ბევრ ფულს ჩავდებთო და ჯარსაც შევიყვანთო.„ სწორედ მაშინ ვუთხარი, რომ ხელისუფლების მიერ ხეობაში ჯარის შეყვანა იმას ნიშნავდა, რომ კოდორის ხეობა ჩაბარებული იყო ფხაზებისთვის და რუსებისთვის. მე თავის დროზე ვიცოდი, რომ ჯარის შეყვანა აწყობდათ რუსებს, ამიტომ თავი გავისულელე და ვაცხადებდი, რომ არც თბილისს ვექვემდებარებოდი, არც რუსებს და არც აფხაზებს. ეს იყო 1994 წლის 30 ივლისი. მოვილაპარაკეთ ისე, რომ მე ვრჩებოდი ხეობაში როგორც ადგილობრივი, გვქონდა ჩვენი ადმინისტრაცია, ქართული დროშა და ვიყავით გამარჯვებულები. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. მათ ჯარს შემოყვანა მოინდომეს. ალასანიას პირდაპირ ვკითხე, თუ ვინ იქნებოდა პასუხისმგებელი თუ კოდორის ხეობა ჩაბარდებოდა? მან მითხრა, რომ პასუხისმგებელი იქნებოდა თვითონ. დღესაც ვეკითხები: ბატონო ირაკლი რატომ ჩააბარე კოდორის ხეობა მტერს?“ – განაცხადა ემზარ კვიციანმა „ობიექტივის“ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები