ფოფხაძე Human Rights Watch-ის კვლევაზე: ჩემს სამშობლოში რა ხდება, ამაზე სხვას უფრო მეტი ინფორმაცია არ აქვს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე Human Rights Watch -ის კვლევის შედეგებს არ ეთანხმება.
მისი აზრით, მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობას არ შესწევს საკმარისი უნარი ქვეყანაში არსებული დანაშაულების გამოსაძიებლად, არასწორია.
„ეს უწყება სად იქნება და რომელი სტრუქტურისკენ მიმართული, განსჯის საგანია. გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნაჩქარევად ვერ მიიღება. ჩემთვის Human Rights Watch-ის პოზიციები ყოველთვის საინტერესო იყო, მაგრამ ჩემს სამშობლოში რა ხდება, ამაზე სხვას უფრო მეტი ინფორმაცია არ აქვს, ვიდრე მე. ამ ორგანიზაციის პოზიცია საყურადღებოდ მიმაჩნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს პოზიციას იმის გამო შევიცვლი, რომ ვიღაც რაღაც დასკვნას დებს. ეს ორგანიზაცია ავტორიტეტული და მნიშვნელოვანია, მისი დასკვნები საყურადღებოა, მაგრამ მიმაჩნია, რომ იმ გზით თანამიმდევრულად მივდივართ, რა გზითაც სახელმწიფომ უნდა იაროს. პროცესი მთლიანობაში დადებითია, მაგრამ ამის პარალელურად, არსებობს კითხვის ნიშნები. შენიშვნები საყურადღებო უნდა იყოს, რომ თვითკმაყოფილებაში არ ჩავვარდეთ“, – განაცხადა ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ Human Rights Watch – ის კვლევაში ნათქვამი იყო, რომ გახმაურებული დანაშაულები, რომლებიც სამართალდამცავების მიერ იყო ჩადენილი, ისევ გამოუძიებლად რჩებოდა და სახელმწიფოს, საქმის გამოსაძიებლად საკმარისი ბერკეტი არ გააჩნდა.