„ხელოვნება თავისუფლების პრაქტიკაა…“
„ხელოვნების სფეროში მაყურებლის, მსმენელის, მკითხველის ყურადღება არის მთავარი ფასეულობა. სინათლეში უნდა დადგე და რაღაც განსხვავებული გააკეთო. ხელოვნება არის საშუალება, ადამიანებმა გამოხატონ ის, რაც მათში და გარშემო ხდება. რაც იმას ნიშნავს, რომ შენზე მოქმედებს სამყარო. მთავარია ნებისმიერი მიდგომა ძალადობით არ იყოს მიტანილი საზოგადოებამდე. ჩემთვის გადამწყვეტია ის, რაც მე მინდა. მე მინდა ძიება, კვლევა, ფიქრი…“ – რეჟისორი პაატა ციკოლია.
– რატომ რეჟისურა?
– ყველა ადამიანი თავისებურად ცდილობს პროტესტის გამოხატვას იმ გარემოს მიმართ, რომელიც მიუღებელია და უნდათ, რომ შეიცვალოს. მე ამისთვის რეჟისურა ავირჩიე. ვფიქრობ, ჩემი პროფესია მაძლევს საშუალებას, გავლენა ვიქონიო იმ მოვლენებზე, რაც ჩემ გარშემო ხდება. ეს პროტესტი აუცილებლად შეცვლის ამ სინამდვილეს და მოცემულობას. გარდა ამისა, ცდილობ საკუთარი თავის პოვნას და თვითრეალიზებას, რომ დაიხარჯო.
– ვის ან რის მიმართ გაგიჩნდა პირველად პროტესტი?
– სხვა ბევრ პრობლემასთან ერთად, ჩემთვის მიუღებელია, როგორ აზროვნებს საზოგადოება. ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა სიცრუისგან დაკონსერვებულები ვიყავით, რამაც ჩვენი შეხედულებები დააზიანა, სამყაროსგან, გარემოსგან და აქტიური პროცესებისგან მოგვწყვიტა. ჩვენს კულტურაში დღემდე კოდირებულია ისეთი რაღაცები, რაც ხელს გვიშლის. გარკვეული შეხედულებები იბადება იმიტომ, რომ ამის საჭიროება არსებობს, რომ გაუმკლავდე პრობლემებს და საფრთხეს. ის, რაც აქტუალური აღარ არის, აუცილებელია მისი მოშორება და უნდა გაქრეს.
– როგორ ირჩევ პიესებს?
– თემა უნდა იყოს საინტერესო და აქტუალური. ბოლო პერიოდში ორი სპექტაკლი დავდგი. ერთი ფოთის თეატრში – „კალიგულა“ და მეორე ბათუმის თეატრში – „სიყვარულით გაკეთილშობილებული არლეკინი“. მე პიესები ავიღე იმიტომ, რომ თემა საინტერესო იყო. თუმცა, ორივე სპექტაკლში პიესის ტექსტის ორიგინალი ალბათ, ორი პროცენტია. ფაქტობრივად, მე და ოთარ ქათამაძემ, მსახიობებთან ერთად ახალი ტექსტი დავწერეთ.
მე ვარ მომხრე, რომ ყოველდღე ახალი პიესა იწერებოდეს. ყველას, ვისაც წერა შეუძლია, რაღაცას წერდეს სცენისთვის და რეჟისორს არ უწევდეს იმაზე ფიქრი, რა დადგას. კარგი იქნებოდა, მერე ეს ყველაფერი იკითხებოდეს და იდგმებოდეს.
– თეატრის მაყურებელი…
– თეატრს ცოტა მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ეს იმის ბრალია, რომ თეატრს პროდუქტი არ აქვს. ის,რომ, თითქოს მაყურებელს ფული არ აქვს და თეატრში არ დადის, ტყუილია. ინტერესი ყოველთვის არსებობს იმის მიმართ, რაც ადამიანებს აწუხებთ. თუ თეატრს მაყურებელი არ ჰყავს, ესეიგი, ის არ ლაპარაკობს აქტუალურ, საზოგადოებისთვის საინტერესო თემებზე. და თუ, საზოგადოებას ის არ აინტერესებს, რაც თეატრის სცენაზე ხდება, ეს მსახიობების ან რეჟისორების პრობლემა არ არის. ეს ტოტალური პრობლემაა. თაობები იზრდება, იცვლება შეხედულებები და მათ თავიანთ ენაზე უნდა ელაპარაკო. ფასეული უნდა გააკეთო, თუ გინდა, რომ დაგიფასონ.
მე კრიტიკული მაყურებელი მაინტერესებს, რომლის თეატრში მოყვანაც განსაკუთრებით ძნელია, იმიტომ, რომ ისინი ტყუილს არ იჯერებენ და არ გაერთობიან იმით, რაც სცენაზე ხდება. ყოველთვის ვცდილობ, ისეთი სპექტაკლი დავდგა და ისეთი მაყურებელი მოვიყვანო, რომლისთვისაც საკითხი საინტერესო და აქტუალურია.
– სამწუხაროდ, ხელოვანებს კრიტიკა არ უყვართ…
– მართალია, ხანდახან მაბრაზებს, მაგრამ მე მიყვარს. თუმცა, რაც მაბრაზებს, ის კრიტიკა არ არის. ნებისმიერი აზრი შენთვის მისაღები უნდა იყოს. ის გაჩვენებს იმას, რაც შენ ვერ დაინახე, ან უფრო მკაფიოდ გაჩვენებს, შეიძლება უბრალოდ დაგარწმუნოს. კრიტიკა ჩვეულებრივი დიალოგია. როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს ადამიანებთან დიალოგი. აუცილებელია და გჭირდება, მაგრამ კრიტიკა პრემიერის დღეს არ უნდა ხდებოდეს. ობიექტური კრიტიკა წლებს მოაქვს, როცა ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში დროს უძლებს.
– პრობლემები, რომლებმიც რეჟისორს თეატრში ხვდება…
– ამაზე საუბარი შეცდომა იქნება. ნებისმიერ თეატრში არის გარკვეული მოცემულობა, სინამდვილე და იმას უნდა მოერგო. რა თქმა უნდა, გხვდება პრობლემებიც და ხელშეწყობაც. რა რესურსიც არის, ის, უნდა გამოიყენო და იმუშაო.
– ხშირად საუბრობენ, რომ მსახიობები ინსტიტუტიდან თეატრში მოუმზადებლები მიდიან…
– წლების განმავლობაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო და გასაკვირი არც არის, რომ თეატრალური ინსტიტუტიდან მსახიობები მოუმზადებლები გამოდიან. არა მხოლოდ მსახიობები, მეც მოუმზადებელი გამოვედი. დავამთავრე თეატრალური ინსტიტუტი, მაგრამ არ ვიყავი მზად, რომ სპექტაკლები დამედგა. ნელ-ნელა, წვალებით , უფროს რეჟისორებთან მუშაობით ვისწავლე. მაგალითად, მუსკომედიის თეატრი ჩემთვის დიდი სკოლა იყო. დოიმ, მისდა უნებურად, პედაგოგის, მენტორის როლიც შეასრულა. მსახიობებისთვისაც ასეა. სხვადასხვა რეჟისორებთან მუშაობით იზრდებიან. მთავარია მსახიობი ცნობისმოყვარე იყოს და მუშაობა უნდოდეს. მე ძალიან მიყვარს მსახიობები და ვუფრთხილდები მათ.
– პრემიერა…
– როგორც წესი, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ვიმუშავე, რადგან სულ ვიხარჯები. მერე სიცარიელის გრძნობა მრჩება, რომ რაღაც დამთავრდა და ახალი ამოცანა ჯერ არ მაქვს. ვაკეთებ ანალიზს და კრიტიკულიც ვარ საკუთარი თავის მიმართ. ვიწყენ, თუ აღმოვაჩინე, რომ რაღაც ისე არ გაკეთდა, როგორც მინდოდა, რადგან მერე გავლენა აღარ გაქვს სპექტაკლზე, ის მთლიანად მსახიობების და თეატრის ხელში გადადის. როგორც წესი, რთული დღეებია პრემიერის შემდეგ.
– ხელოვნება, საზოგადოება და ხელისუფლება…
– ხელოვნება კომუნიკაციის სფეროა, რომელშიც ადამიანები ცდილობენ იყვნენ თავისუფლები. თავისუფლების პრაქტიკაა ხელოვნება. საზოგადოებას სჭირდება ეს სფერო და ხელისუფლებამაც შესაბამისი ინტერესი უნდა გამოიჩინოს. სხვა შემთხვევაში ხელოვნება დარჩება ისე, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყოს, მხოლოდ რომ ბრჭყვიალებდა.
ხელოვნებაში, ისე, როგორც მეცნიერებაში სულ ძიების პროცესი მიმდინარეობს. ხელოვნება, ისე, როგორც მეცნიერება, კონკრეტულ პრობლემებზე მუშაობს და აგვარებს მათ, ცდილობს იყოს სინამდვილის ადეკვატური. სახელმწიფო, რომელიც ამას ყურადღებას არ აქცევს, ის შორსმჭვრეტელი არ არის.
კარგი იქნება, თუ ახალგაზრდებს მაინც მიხედავენ. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, ახალგაზრდებისთვის არანაირი კაპიტალი და რესურსი არ იხარჯება. მათთვის უფასო, თავისუფალი სივრცე არ არსებობს, რომ ახალგაზრდული სუბკულტურა გაჩნდეს. ახალგაზრდებს ერთმანეთთან კომუნიკაცია არ აქვთ. სულ ადგილის ძიებით არიან დაკავებულნი და სულ იატაკქვეშეთში არიან. უფროს თაობას რომ პრეტენზიები აქვს ახალგაზრდებთან, წიგნებს არ კითხულობენ და არაფერს აკეთებენო, ეს პრეტენზიები მიუღებელია. ჯერ თვითონ ჩაიხედონ სარკეში, დაფიქრდნენ, რა მემკვიდრეობა დაახვედრეს ამ ახალგაზრდებს. ყოველი ახალი თაობა ბევრად უფრო კარგად არის ინფორმირებული უფროსი თაობის დანაშაულზე და შეცდომებზე. ყველა კარგად ხედავს თავისი მშობლების სისუსტეებს. მაგრამ მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ახალგაზრდები ადგილს, საერთო ენას იპოვნიან კომუნიკაციისთვის და ყველაფერი დალაგდება. ამას დრო მოიტანს.
– ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორი…
– ფოთის თეატრის მთავარი რეჟისორობა მაკისრებს პასუხისმგებლობას, ჩავიდე და რეგულარულად დავდგა სპექტაკლები, რომ თეატრალური პროცესი სულ მიმდინარეობდეს.
მზევინარ ხუციშვილი