„გამოვრიცხავ, რომ თითქოსდა, ჭიკაიძე მფარველობდა მათ, ვინც რაიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი“
„ჭიკაიძის გადადგომა მორალური პასუხისმგებლობის აქტია. მე პატივს ვცემ ჭიკაიძის გადაწყვეტილებას“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მაღრაძე კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მინისტრი ჭიკაიძე შესაძლოა, ხელს აფარებდა სამინისტროში მომუშავე, სხვადასხვა დანაშაულში შემჩნეულ პირებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე პროკურატურაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შეიძლება რაიმე დაინტერესება ჰქონდეთ, რომ ბევრი გახმაურებული საქმე არ გაიხსნას.
„პატივს ვცემ ჭიკაიძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჭიკაიძე არაკეთილსინდისიერი ადამიანი იყო. ის ძალიან წესიერი და შრომისმოყვარე იყო, მაგრამ მან ჩათვალა, რომ იმ გამოწვევებზე, რაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე დგას, მისთვის პასუხი ძნელია. მისი გადადგომა მორალური პასუხისმგებლობის აქტია. აბსოლუტურად უარვყობ იმ ინფორმაციას, რომ ჭიკაიძე სპეციალურად მფარველობდა მათ, ვინც რაიმე დანაშაულში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში, ისე პროკურატურაში არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება რაიმე დაინტერესება ჰქონდეთ, რომ ბევრი გახმაურებული საქმე არ გაიხსნას.
ვიღაც- ვიღაცებმა დაიწყეს შსს- ს დატოვება, ეს ჩვენ ადრე და მაგრად უნდა მოგვეთხოვა. ზოგი შეიძლება არაპირდაპირ ჩართულია რომელიმე საქმეში და გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს. ამას არ გამოვრიცხავ, თუმცა გამოვრიცხავ იმას, რომ მათ ჭიკაიძე თითქოსდა, სპეციალურად ხელს აფარებდა. ეს დანაშაული დიდი გამოწვევა და სახელმწიფოს მიმართ მიმართული აქტია. ეს შესაძლოა, იმისთვის გაკეთდა, რომ ქვეყანაში ქაოსი და უნდობლობა წარმოიქმნას. ეს საქმე თუ შეფერხდება, შესაძლოა, მასში ამერიკული სპეცსამსახურები ჩაერთონ. თუკი საჭირო იქნა, ამ დანაშაულის გასასხსნელად ყველა ძალა უნდა გამოვიყენოთ“,- განაცხადა გუგული მაღრაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართა. ჭიკაიძის მოთხოვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.