„ჭიკაიძის გადადგომა სწორი ნაბიჯი არ იყო“

„შინაგან საქმეთა მინისტრმა გადადგომით, ვაზაგაშვილის საქმეზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. ეს არ იყო სწორი ნაბიჯი“- აღნიშნული განცხადება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ვიქტორ დოლიძემ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
დოლიძემ იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტიც შეაფასა. დეპუტატის განცხადებით, ვაზაგაშვილის გარდაცვალება თავისი ფორმით და სისასტიკით სიცილიურ კინემატოგრაფიას აგონებს.
„იურის გარდაცვალება ჩემთვის ტრაგედიაა. მე ეს სიცილიურ კინემატოგრაფიას და სცენარებს მაგონებს. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მე და იურის ბევრჯერ გვისაუბრია იმ ვითარებაზე, რაშიც სააკაშვილის რეჟიმმა მისი და სხვა უამრავი ადამიანის ოჯახი ჩააგდო. ცუდია, რომ ამაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა შსს მინისტრმა და გადადგა. პასუხისმგებლობა კი არ უნდა მოიხსნა, საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანო. შსს-მ ამ საკითხზე მეტი უნდა იმუშაოს და საქმე გამოძიებული იქნას, თუმცა აქ საქმე ჭიკაიძეში არ არის. პრობლემა არის სისტემური, ქვეყანა იმართება კულუარებიდან ერთი ადამიანის მიერ და ასეთ დროს დიდი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი ან გენერალური პროკურორი. ამიტომ თუ კულუარებიდან მაინც ყოფილი პრემიერისგან იმართება, უფრო სწორი იქნება ის თავის ძველ პოსტს დაუბრუნდეს და ისე მართოს ქვეყანა“,- აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომის მოთხოვნით საქართველოს პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართა. ჭიკაიძის მოთხოვნა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები