დავით უსუფაშვილი 24-27 იანვარს ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა

საპარლამენტო დელეგაცია, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით, 24-27 იანვარს ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკას ეწვევა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ, ჰასან რუჰანისთან და მეჯლისის თავმჯდომარე, ალი ლარიჯანისთან.
ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ოფიციალური შეხვედრების დროს მხარეები ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების საკითხებს და საკანონმდებლო და სამთავრობო დონეებზე სამომავლო თანამშრომლობის ასპექტებს განიხილავენ.
ირანის დედაქალაქში სტუმრობისას საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავს. საპარლამენტო დელეგაცია ირანის ისლამური რესპუბლიკის ექსპრეზიდენტს, მიზანშეწონილობის საბჭოს თავმჯდომარეს, ალიაქბარ ჰაშემი რაფსანჯანის შეხვდება. ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, პარლამენტის თავმჯდომარე თეირანის უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციას წაიკითხავს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქართული დელეგაციის ისპაჰანში გამგზავრება და ფერეიდუნ-შაჰრის მონახულება. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ვიზიტისას ქართველი დეპუტატები “გოლესთანის” სასახლეს, “ბორჯე მილადის”, სპარსული ხალიჩების სალონს და ცენტრალური ბანკის საგანძურის მუზეუმს დაათვალიერებს.
საპარლამენტო დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტის წევრები – თედო ჯაფარიძე, გუბაზ სანიკიძე, დავით ბაქრაძე და შალვა კიკნაველიძე შედიან, საქართველოში 27 იანვარს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები