ალასანია მიიჩნევს, რომ ჭიკაიძის გადადგომის გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო


დარწმუნებული ვარ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, – აღნიშნულის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

„ჭიკაიძის გადადგომა არაა საკმარისი. მას უნდა დაეტოვებინა თანამდებობა. მას დაატოვებინეს თანამდებობა. დარწმუნებული ვარ, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ყოფილმა პრემიერმა ივანიშვილმა ისე, რომ არც კი დაელოდა ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, მის დაბრუნებას ქვეყანაში. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა ეს არაა საკმარისი. მთელი სიმძიმე არაკომპეტენტური კადრების წინ წამოწევის და მათთვის ამხელა უწყებების ბედის ჩაბარების ეკუთვნის პირდაპირ ირაკლი ღარიბაშვილს, ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, მათ შორის კრიმინოგენულზე უნდა გაიზიაროს ღარიბაშვილმა. ეს არის პირდაპირი შედეგი არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც არაფორმალური მართვით ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა“,– განაცხადა ალასანიამ.
ამასთან ალასანიას მიიჩნევს, რომ ძალოვან უწყებებში რეორგანიზაცია უნდა მოხდეს.
„ეს მომენტი უნდა გამოვიყენოთ და დაიწყოს ძირეული ცვლილება, როგორც პროკურატურის რეფორმის კუთხით, კვალიფიციური ხალხის დანიშვნით და შს სამინისტროს რეფორმით. აშკარად უნდა გაიყოს სამართალდაცვითი ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოების ნაწილისგან, ორი უწყება უნდა ჩამოყალიბდეს, რომელზეც იქნება ძლიერი სამოქალაქო და საპარლამენტო კონტროლი. ეს იყო „ქართული ოცნების“ დაპირება, რომელიც ასევე არ შეასრულა ბიძინა ივანიშვილმა. მას აწყობდა ისეთი სამართალდამცავი უწყებები, რომელიც იქნებოდა მორჩილი მის და შემდეგ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებების“, – განაცხადა ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები