„მე ენერგიას ყინულიდან ვიღებ…“

   „ამ სპორტის ძალიან ლამაზ სახეობაში ჩემი ინიციატივით მოვხვდი. გახსოვთ, ალბათ, მაშინ ხშირად იყო დიდი ჩემპიონატების ტრანსლაციები და ძალიან მომწონდა. მშობლებს სულ ვთხოვდი, მათ შეასრულეს ჩემი ბავშვური ოცნება და მიმიყვანეს თბილისის საციგურაო მოედანზე, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს. მე უკვე 6 წლის ვიყავი და ცოტა დაგვიანებულად ითვლებოდა 4-5 წლამდეა მიღება, რადგან ასაკის მიხედვით არის ნორმატივები განაწილებული და შეჯიბრიც ასაკობრივ კატეგორიებში ტარდება. თავიდანვე სპორტულ ჯგუფში ვერ მოვხვდი, მაგრამ ჩემი დიდი მონდომების შედეგად, საქართველოს ჩემპიონატში ვმონაწილეობდი და გავიმარჯვე. ეს ჩემი პირველი მწვრთნელის ლია გაბელაიას დამსახურებაა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი კარიერა ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც მერე ნელ-ნელა აღმავლობისკენ წავიდა და დღემდე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.“ – საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.

– 90-იანი წლები, ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოში და, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპი სპორტსმენებისთვის…10934680_798072703575117_1326840667_n
– ჩემი თაობის სპორტულმა კარიერამ საკმაოდ კარგ დროს ჩაიარა. ჩვენ მაშინ „დინამოში“ ვიყავით და სახელმწიფოს მხრიდან ძალიან კარგი ხელშეწყობა გვქონდა. 90-იან წლებში ყველაზე რთული ყინულის შენარჩუნება იყო. მაშინ მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ  ვიცი, ჩემი მწვრთნელები, როგორ ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ სპორტსმენებიც და ყინულის მოედანიც. სწორედ მათი დიდი ძალისხმევის და მონდომების შედეგად ეს ყველაფერი შენარჩუნდა, მაშინ, როცა ყველაფერი დახურული, მთელი საქართველო ჩაბნელებული იყო.
მე და ჩემი თაობის სპორტსმენებს კი გამოგვიცდია იასეთი პერიოდიც, როცა ორი წელი ყინული არ გვქონდა. არ დავნებდით და დარბაზში ვვარჯიშობდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან სპეციფიკური სპორტია. შეუძლებელია დარბაზში, ან ნებისმიერ ადგილზე მოამზადო სპორტსმენი და შეჯიბრზე ყინულზე გაიყვანო. ამას უშუალოდ ყინულზე მეცადინეობა სჭირდება. მაგრამ ჩვენ სულ რამდენიმე დღე ვემზადებოდით ყინულზე და გავდიოდით შეჯიბრზე.
მოგვიანებით კი, როცა უკვე მწვრთნელად ვმუშაობდი, იმ პერიოდშიც რთული მდგომარეობა გვქონდა. ხშირად არ იყო შუქი. ბავშვებს, ძირითადად, სკოლის შემდეგ, საღამოს ვამეცადინებდით. ჩემი მოწაფეები ახლა თავად არიან მწვრთნელები და ხშირად მახსენებენ, მაკა მას, გახსოვთ, როგორ გვავარჯიშებდით? შუქი რომ ქრებოდა, მოედნის კარს ვაღებდით, მანქანას ვქოქავდით და ანთებულ ფარებზე ვმეცადინეობდით. როგორი ნიჭიერიც არ უნდა იყოს სპორტსმენი, მას სათანდო ხელის შეწყობა სჭირდება, რომ შედეგი აჩვენოს და წარმატებული იყოს. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, იქ აღარ დავბრუნდეთ.
– ვინ არის მწვრთნელი სპორტსმენის ცხოვრებაში?10934754_798072713575116_1403937472_n
– მწვრთნელი სპორტსმენის ცხოვრებაშ  ძალიან ადრეულ ასაკში შემოდის, რომელთანაც უფრო მეტ დროს ატარებ, ვიდრე საკუთარი ოჯახის წევრებთან. ის არ არის ადამიანი, რომელიც მხოლოდ ილეთებს გასწავლის. ის არის  შენი ცხოვრების მეგზური, გზამკვლევი, რომელიც ყველაფერში გეხმარება. გასწავლის ადამიანურ თვისებებს, წესრიგს, შრომისმოყვარეობას, ფაქტობრივად, ყველა იმ თვისებას, რაც ცხოვრებაში გჭირდება. მათ შორის ბრძოლისუნარიანობას, მეტოქის პატივისცემას, რაც რთულია და, ვფიქრობ, დღეს ძალიან გვაკლია ქართველებს. ის მეტოქე მხოლოდ ყინულის მოედანზეა და იმის გარეთ უკვე შენი მეგობარი უნდა იყოს. უნდა მიაჩვიოს მეგობრობას. მეტოქის პატივისცემა ნიშნავს, პირველ რიგში, იმას, რომ შენ მის შრომას აფასებ და იცი ამ შრომის ფასი. მე მადლობელი ვარ, რომ მყავდა ასეთი მწვრთნელი. დღემდე ხშირად ვიხსენებ მის გაკვეთილებს და რჩევებს. მიხარია, როდესაც ჩემი სპორტსმენებიც მეუბნებიან, რომ მე მათთვის მხოლოდ მწვრთნელი არ ვიყავი. ყოველთვის ვცდილობდი, როგორც საკუთარ შვილებს, ისე მოვქცეოდი. გარდა ამისა, ამბობენ, რადგან სპორტსმენია, გაუნათლებელი უნდა იყოს. მართალია, რთულია სპორტისა და განათლების შეთავსება, მაგრამ შესაძლებელია. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბავშვებს სწავლაშიც. მერე უკვე, ისინიც გეხმარებიან. მე როგორც, მწვრთნელმა ჩემი ბავშვებისგან ბევრი ვისწავლე. ფაქტობრივად, მათთან ერთად იზრდები.
 – რა ხდება, როცა ტურნირზე გადიხარ?
– ივიწყებ ყველას და ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ხალხი ესწრება, ფაქტობრივად მაყურებელს ვერ ხედავ. ერთადერთი, ვისაც ყინულის მოედანზე ნებისმიერ მონაკვეთში ვხედავდი, ჩემი მწვრთნელი იყო. ამდენ ხალხში ყოველთვის მის გამომეტყველებას ვაფიქსირებდი. კონტაქტი სპორტსმენსა და მწვრთნელს შორის ყველაზე დიდია უშუალოდ შეჯიბრის დროსაც. შენ კი, დამოუკიდებლად ყველაფერს ასრულებ, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მოდის მწვრთნელისგან. მეორე ადამიანი, რომელსაც ვხედავდი, იყო დედაჩემი, რომელიც ძალიან დიდ სტიმულს მაძლევდა.
ყინულზე, ფაქტობრივად, ხდები მსახიობი. ის შენი სცენაა და ცდილობ, როლი კარგად შეასრულო. ყველაზე მთავარია, ტექნიკური ილეთების კარგად შესრულება. არ უნდა დაეცე, რადგან სპორტსმენების ძირითადი ყურადღება ამას ექცევა. შემდეგ უკვე პროგრამა კომპოზიციურად ლამაზად უნდა იყოს შესრულებული მაყურებლისთვის. რადგან, მართალია, ტურნირზე მსაჯები წყვეტენ ყველაფერს, მაგრამ მაყურებლის მხარდაჭერაც ძალიან მნიშვნელოვანია.
– ამბობენ, მთავარია მონაწილეობის მიღება და არა გამარჯვებაო…10942447_798072710241783_1525884009_n
– მონაწილეობა ძალიან კარგია, მით უმეტეს, მაღალი დონის საერთაშორისო ჩემპიონატებზე, მაგრამ გამარჯვება არის ის შეგრძნება, რომელიც ცხოვრებაში არაფერს არ შეედრება. განუმეორებელია, როცა კვარცხლბეკზე დგახარ და შენი ქვეყნის დროშა იწევა, ისმის შენი ქვეყნის ჰიმნი, ეს გრძნობა შეიძლება მხოლოდ ჩემი შვილების დაბადების დროს განცდილ ბედნიერებას შევადარო. ხარ ძალიან ამაყი. ამაყი, არა მხოლოდ საკუთარი თავის, შენი ქვეყნის, იმ ადამიანების გამო, ვინც ამაში შრომა ჩადო. მე მინდა, ყველა სპორტსმენმა გამოსცადოს ეს გრძნობა ცხოვრებაში. ის მთელი ცხოვრება რჩება და გაძლევს სტიმულს, იყო ლიდერი და წარმატებული.
-როდის იყავით ყველაზე ამაყი ?
– ყველაზე ამაყი ვიყავი, როცა ელენე გედევანიშვილმა  ევროპის ჩემპიონატზე მეორე ბრინჯაოს მედალი აიღო. ამ პერიოდში მე ვიყავი მისი არა მხოლოდ მეგობარი და გვერდში მდგომი ადამიანი, არამედ ხელმძღვანელიც. ჩვენ ერთად ვიბრძოლეთ ამისთვის და საქართველოს ძალიან დიდი წარმატება მოვუტანეთ. რადგან არა მხოლოდ ფიგურულ ციგურაობაში, მთელი ზამთრის სახეობებისთვის, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო.
საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი…
– მე გავიარე ფიგურულ ციგურაობაში ყველა ეტაპი. ვიყავი სპორტსმენი, მწვრთნელი, ცხრა თვის ორსულიც კი ვიდექი ყინულზე და ბავშვებს ვავარჯიშებდი. ვიყავი მსაჯიც. ჩემს ცხოვრებაში არ ყოფილა ეტაპი, როცა ფიგურულ ციგურაობასთან არ ვიყავი დაკავშირებული. ეს ცხოვრებამ თავისით მოიტანა და ბედნიერი ვარ, რომ ვხელმძღვანელობ იმ სახეობას, რომელიც მიყვარს და ჩემი ცხოვრების ნაწილია. მიხარია, რომ მომეცა საშუალება, კიდევ ერთხელ, უკვე არა  როგორც სპორტსმენმა, არამედ ხელმძღვანელმა შევძლო და ხელი შევუწყო ამ სახეობის განვითარებას საქართველოში.
მადლობელი ვარ, რომ ყურადღებას გვაქცევენ და ხელს გვიწყობენ – სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ვცდილობთ, კერძო სექტორიც ჩავრთოთ. მართალია, მეტი ხელის შეწყობა არის საჭირო, მაგრამ უკმაყოფილოები არ ვართ.
გარდა ამისა, საზოგადოებისგან დიდი ინტერესია. ბევრი ბავშვი გვყავს. ეს ისეთი სპორტია, თუ ერთხელ მოიწამლე, მერე მთელი ცხოვრება ვერ მიატოვებ. მე კი მინდა, რომ ადამიანებს, ვისაც ძალიან უყვართ ეს სპორტი, ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავისი წვლილი შეიტანონ ამ ულამაზესი სახეობის განვითარებაში. ამიტომ, ვამზადებთ ახალგზარდა კადრებს. ვუშვებთ ტრენინგებზე, ვცდილობთ, კიდევ უფრო მეტი ვასწავლოთ და იყვნენ ჩართულები.10947684_798072706908450_1025090517_n
როგორც დაგეგმილი მქონდა, როცა მოვედი ხელმძღვანელად, ნელ-ნელა ვვითარდებით და წინ მივდივართ. 50 წლის მანძილზე მხოლოდ ერთი საციგურაო მოედანი გვქონდა. ოთხი წლის განმავლობაში კი სამი მოედანი გავხსენით. ინფრასტრუქტურა ყველაზე დიდი პრობლემაა, რომლის გარეშეც შეუძლებელია სპორტის ამ სახეობაზე ლაპარაკი. ამიტომ, ჯერჯერობით ძალიან ბევრია კიდევ გასაკეთებელი. ჩემი ყველაზე დიდი და სანუკვარი ბავშვობის ოცნება  დედაქალაქში, თბილისში სტანდარტული საციგურაო მოედანია. ბავშვობაშიც და ახლაც ამაზე მიწევს ოცნება. გული მწყდება. მინდა ვინატრო, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს. ძალიან მინდა, ოლიმპიურ თამაშებზე შევძლოთ კვარცხლბეკზე დადგომა.
ჩემთვის საციგურაო მოედანი ყველაფერია. დაღლილობის, სტრესის მოხსნის, უარყოფითი ენერგიისგან გათავისუფლება. მთავარია, ჩავიცვა ციგურები და ყინულზე დავდგე, იქ ყველაფერი მავიწყდება და განახლებული გამოვდივარ. ახლა, იშვიათად მაქვს ყინულზე ციგურაობის საშუალება და ძალიან მენატრება.

მზევინარ ხუციშვილი

10945944_798072700241784_1974027678_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები