ირაკლი ღარიბაშვილი Aberdeen Asset Management-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Aberdeen Asset Management-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. გამართული შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ბიზნესგარემო იყო.
მარტინ ჟილბერტსთან საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე და იმ ფაქტზე, რომ ხელმოწერის შემდეგ საქართველოსთვის ევროკავშირის შიდა ბაზარი გაიხსნა, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 28 ქვეყანას და 500 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
Aberdeen Asset Management -ს საქართველოსა და ქართული კომპანიების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებში უკვე ჩადებული აქვს 300 მლნ დოლარზე მეტი. კომპანიის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული კურსი, სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხის და კერძო საკუთრების დაცვის მხრივ გადადგმული ნაბიჯები.
ქართული მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი და ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები