გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები მიიღო. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრისას განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები განიხილეს და იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს, რომელთა წინაშეც დღეს თბილისისა თუ რეგიონების უმაღლესი სასწავლებლები დგას. პრეზიდენტთან საუბრისას რექტორებმა ყურადღება უნივერსიტეტების ავტონომიის საკითხზეც გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ ამ სასწავლებლების ავტონომიურობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილისგან მათ სრული მხარდაჭერა მიიღეს. შეხვედრისას ის პროექტებიც განიხილეს, რომლებსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია წლის განმავლობაში უნივერსიტეტებთან ახორციელებდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას თანამშრომლობის მემორანდუმი სამ უმაღლეს სასწავლებელთან აქვს გაფორმებული, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო გაღრმავდება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ მსგავსი ტიპის კონსულტაციები კვლავაც გაგრძელდება და რეგულარულად გაიმართება. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე და პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები