„წმინდა სამართლებრივი კვალიფიკაციით, ვაზაგაშვილის შემთხვევაში საქმე განზრახ მკვლელობასთან გვაქვს“
„წმინდა სამართლებრივი კვალიფიკაციის მიხედვით, ვაზაგაშვილის შემთხვევაში საქმე დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარ განზრახ მკვლელობასთან გვაქვს“,- აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიგლა აგულაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, მკვლელობა, სავარაუდოდ, პროფესიონალთა ჯგუფმა ჩაიდინა.
„წმინდა სამართლებრივი კვალიფიკაციის მიხედვით, ვაგაზაშვილის მკვლელობა ტერორისტულ აქტად ვერ შეფასდება, ეს უფრო არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და ის, სავარაუდოდ, პირთა ჯგუფმა ჩაიდინა. ამ ტიპის დანაშაულის დაგეგმვასა და განხორციელებას გარკვეული პროფესიული ცოდნა სჭირდება. შეიძინო და შემდეგ დაამონტაჟო ასაფეთქებელი ნივთიერებები, – ცხადყოფს იმას, რომ საქმე უფრო მომზადებულ ადამიანთან, შესაძლოა, პროფესიონალთანაც გვქონდეს. დამნაშავეები უფრო ინფორმირებულ და პროფესიონალთა კატეგორიაში უნდა ვეძებოთ“, – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კასპის რაიონის სოფელ ყარაფალაში იური ვაზაგაშვილი მისი შვილის საფლავზე ნაღმზე აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.