დავით სუჯაშვილი რიჩარდ ნორლანდს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
„ეს იყო კარგი შესაძლებლობა ჩემთვის ,შევხვედროდი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანს, ბატონ დავით სუჯაშვილს. აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო მას ამ პოზიციაზე დანიშვნა. ამერიკა და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები და ჩვენ, სადაც კი ამის შესაძლებლობა გვექნება, ვეცდებით, ხელი შევუწყოთ, ჩვენი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე სენსიტიურ მიდგომას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მის მცდელობას, მაქსიმალურად განავითაროს თავისი შესაძლებლობები, ამავე დროს, რაც შეიძლება მეტად გამოიყენოს დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები. ჩვენ ვიმსჯელეთ საკითხების ფართო სპექტრზე, რომელიც, როგორც საქართველოსთვის, ისე ამერიკისთვის დიდ ინტერესს წარმოადგენს უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით. ეს იყო საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა და ვიმედოვნებთ ეს ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა.
დავით სუჯაშვილის განცხადებით, საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. „როგორც იცით, ამერიკა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაა. ვთვლი, რომ დღეს გვქონდა საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა, განვიხილეთ ჩვენთვის საინტერესო საკითხები, ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, განვიხილეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები, ვთვლი, რომ საქართველოს ურთიერთობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსმდივანმა დავით სუჯაშვილმა.