„დროს აცდენილი ხელოვნება ვერაფერს მოგვცემს…“

        „წერა დავიწყე, ისე, როგორც ყველა იწყებს. არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის.  ერთ დღეს ადგები, გინდა შენი გრძნობები თუ ემოციები გამოხატო და პოულობ გამოხატვის ხერხს. ვიღაც ხატავს, ვიღაც მუსიკას უკრავს, ფეხბურთს თამაშობს. ჩემთვის ეს შესაძლებლობა პოეზია და პროზა აღმოჩნდა. უფრო პოეზია, პროზის ნერვები არ მყოფნის. მეტი დრო სჭირდება.“ – პოეტი თორნიკე ჭელიძე.

– დაამთავრე ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, მაგრამ პრაქტიკული მუშაობა არ გააგრძელე…10888162_797265730322481_604158185_n
– მხოლოდ ერთი წელი ვიმუშავე მედიაკავშირ „ობიექტივში“ და ვერ გავიგე, რა უნდოდათ, სად ვმუშაობდი და წამოვედი. დაახლოებით ნახევარი წელი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-შიც ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ საერთოდ ყველაფერი, არის ჟურნალისტიკა. მათ შორის პოეზიაც. ის კი, რაც მაშინ ჟურნალისტიკაში ხდებოდა, არ მაინტერესებდა. ერთ მხარეს იყო ტელევიზიების ნაწილი და ვითომ გადარბენზე ცხოვრება, რომელიც ბუკოვსკის სტილს მაგონებს. მეორე მხარეს იყო ჟურნალ-გაზეთები, სადაც იბეჭდებოდა სამი კვირის წინანდელი ინფორმაცია და ჩამოყალიბებული იყო, ქართული ფილმის „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“ სიტუაცია. ამ გარემოში ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე.
– ახლა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მასწავლებლად მუშაობ …
– ახლა ვწერ, სამინისტროს ელექტრონული გაზეთისთვის „მასწავლებელი“. ამ კუთხით მივაგენი ჩემს თავს ჟურნალისტიკაში და ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა.
სკოლა რომ დავამთავრე, სულ ვამბობდი, რა უნდა მოხდეს, რომ სკოლაში ერთი დღე მაინც მივიდე-მეთქი. ამ გაზეთთან თანამშრომლობის შემდეგ გამიჩნდა სურვილი, მასწავლებლად წავსულიყავი სკოლაში. სამი წელია უკვე სკოლაში ვარ. ჯერ ჯავახეთში ვიყავი, ახლა მარნეულში ვარ. ეთნიკურ აზერბაიჯანელებს ვასწავლი ქართულ ენას. საინტერესოა, რადგან ეცნობი მათ ტრადიციებს, ცხოვრების წესს, რომელსაც შენი ცხოვრების წესიც უნდა შეუსაბამო. საერთოდ, ვთვლი, რომ ეს არის ის საქმე, რაც უნდა აკეთო, თუ გინდა ნამდვილი პროტესტი გამოხატო. ეს საქმე, აუცილებლად შეცვლის რაღაცას ქვეყანაში. შეიძლება დღეს არ ჩანს, მაგრამ მოვა დრო და შედეგს დავინახავთ.
– ხარ, ერთი კრებულის ავტორი, რომელიც ლიტერატურულ კონკურსზე „საბა“ იყო წარდგენილი…10937489_797265736989147_1889773019_n
– ჩემი კრებული ერთი წლის წინ გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა და მათ თვითონ წარადგინეს ლიტერატურულ კონკურსზე. ექვსი-შვიდი წლის წინ აქტიურად ვმონაწილეობდი კონკურსებში,  მაგრამ დღეს ვთვლი, რომ ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა, ზოგადად, ამ კონკურსებს დადებითად ვუყურებ და კარგია, რომ არსებობს. ლიტერატურულ პროცესს აცოცხლებს. ერთადერთი ადგილია, სადაც მწერლები და პოეტები ერთად იკრიბებიან. ერთი თაობის ორი მწერალი სახეზე მაინც უნდა ცნობდეს ერთმანეთს. დღეს აღარ არის დაჩები, როგორც საბჭოთა კავშირის დროს იყო, სადაც მწერლები ერთად ისვენებდნენ. გარდა ამისა, ამ კონკურსებმა წიგნის გამოცემის ხარისხის დონეც აწია.
– კრიტიკა საქართველოში…
– დღესდღეობით ჩვენთან კრიტიკა, ძირითადად, გინებაა. კარგი კრიტიკა ძალიან აკლია ქართულ ლიტერატურას. წელიწადში ალბათ, რამდენიმე წიგნზე თუ იწერება კრიტიკული წერილი. ჩემთვის კრიტიკული წერილი ერთგვარი ლიტერატურული ნამუშევარია. იმედი მაქვს, შეიცვლება სიტუაცია და ის ცუდი, რაც დღეს ხდება,  ლიტერატურის აღქმაში სალიტერატურო მასალად დარჩება. ამ ყველაფერზე ვიღაც კარგ ტექსტს დაწერს.
გოეთეს ჩანაწერებში მაქვს წაკითხული, მასზე და ერთ-ერთ მწერალზე ხშირად ლაპარაკობდნენ, რომელი უფრო უკეთესი იყო. გოეთე ამბობს: მე თუ მკითხავთ, ეს უკვე კარგია, როცა ორი ადამიანი გამოჩნდა გერმანიაში, რომლებზეც დავა შეიძლება, რომელი უკეთესიაო.
– განსხვავდება თუ არა შენი ცხოვრების რიტმი პოეზიის რიტმისგან?
– ალბათ არა. ამ ცხოვრების, მატერიალური სამყაროს გარეშე პოეზია ვერ იარსებებდა. ხშირად იმეორებენ, რომ პოეზია უფრო ამაღლებულია და ცხოვრება – ბინძური. მაგრამ სადღაც არ ყოფნაში პოეზიას ვერ შევქმნიდით. ვფიქრობ, ერთმანეთზეა დამოკიდებული. დროს აცდენილი ხელოვნება ვერაფერს მოგვცემს. პოეზიაც, ხელოვნებაც და ლიტერატურაც დროს უნდა მიყვებოდეს. რიტმი და ეპოქის გამოძახილი უნდა ისახებოდეს ლიტერატურაში. ერთად უნდა ვითარდებოდეს. ადამიანს უნდა დაემსგავსოს ტექსტი, რომ ცოცხალი იყოს.
– პოეზიაში უფრო მეტს იხარჯები თუ პროზაში? აპირებ თუ არა, პროზაში უფრო აქტიურად ჩართვას?10943155_797265726989148_1443635675_n
– პოეზიაში. ჩემთვის პოეზიას უფრო მეტი ემოცია მოაქვს. თუმცა ახლა არცერთში არ ვიხარჯები. შემოქმედებითი კრიზისის, გადაფასების პერიოდი მაქვს. სამომავლოდ, საერთოდ, არ ვიცი, რა იქნება. ერთი ვიცი, რომ ჩემგან კომპოზიტორი აღარ დადგება, რადგან ნოტების ცნობაც არ ვიცი და მხატვარი, თოვლის ბაბუას ვერ ვხატავ. ყველაფერი ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული. თუ რომელიმე ავტორმა იცის, რას გააკეთებს, მაშინ ის მკვდარია და ერთ დინებას მიყვება. მე მხოლოდ მას შემდეგ გავაგრძელებ წერას, როცა მივაგნებ ფორმას და დავრწმუნდები, რომ კომფორტულად ვგრძნობ თავს.
– სამაგიდო წიგნი, რომელსაც ყოველთვის უბრუნდები…
–  ასეთი წიგნი რამდენიმეა და დროთა განმავლობაში იცვლება. ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ბიბლია და ფოლკნერის რამდენიმე წიგნი. მათ შორის: „დროშები მტვერში“ და „აბესალომ, აბესალომ“. თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვიქნებოდი ფოლკნერის რომელიმე წიგნის გმირი და დავიბადებოდი მის მიერ შექმნილ სამყაროში.

მზევინარ ხუციშვილი

10944888_797265733655814_1992965016_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები