„არცერთ ომში, მათ შორის უკრაინაშიც, საქართველოს მოქალაქეებს არაფერი ესაქმებათ“
„მე ვფიქრობ, რომ არცერთ ომში, მათ შორის უკრაინაშიც, ჩვენ არაფერი გვესაქმება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ქვეყნებთან სიტუაცია გავირთულოთ“, – აღნიშნული განცხადება საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში, საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ გააკეთა.
ხაბურძანიას განცხადებით, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის ტერორისტებთან თანამშრომლობისთვის მიღებული კანონი უნდა გავრცელდეს საქართველოს იმ მოქალაქეებზეც, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.
„ტერორიზმი, რა თქმა უნდა უნდა, უნდა დაიგმოს, მაგრამ ამის იდენტიფიცირება ეთნიკურ რელიგიურ ჯგუფებთან არ უნდა მოხდეს. ჩვენ სუსტი ქვეყანა ვართ, მცირე რესურსებით. რაც შეეხება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის ტერორისტებთან თანამშრომლობას, კარგი იქნება, ამ კუთხით თუ გამკაცრდება კანონი, მაგრამ ვფიქრობ, რომ თუ კანონი იქნება, ის უნდა იყოს ყველასთვის. არცერთ ომში ჩვენ არაფერი გვესაქმება. არა ვართ ჩვენ იმ რესურსების და ადგილმდებარეობის ქვეყანა, რომ ამ თვალსაზრისით თავისუფალი ვიყოთ. მაგალითად, უკრაინაში, ქართველები, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან იღუპებიან. მე ვფიქრობ, რომ არცერთ ომში, მათ შორის უკრაინაშიც, ჩვენ არაფერი გვესაქმება. არ გვაქვს იმის ფუფუნება, ქვეყნებთან სიტუაცია გავირთულოთ, თუნდაც იქ მოხალისედ წასული ადამიანებით“,- განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.