„ყველა ის ვიზიტორი უნდა გაკონტროლდეს, რომლებიც შეიძლება ტერორიზმის თვალსაზრისით პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენდნენ“

საქართველოს უშიშროების ყოფილმა მინისტრმა ვალერი ხაბურძანიამ საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ტერორიზმის საფრთხეებსა და მისი პრევენციაზე ისაუბრა.
ხაბურძანიას თქმით, ტერორიზმის საფრთხე, რომელსაც რელიგიური საფუძველი უდევს, ახალი არ არის. მისი განცხადებით, აუცილებელია ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხის მიმართ ცოტა დელიკატური ყურადღება გამოიჩინოს და ეს ყურადღება საფრთხის პრევენციისკენ იყოს მიმართული.
უშიშროების ყოფილი მინისტრის მოსაზრებით, აუცილებელია ხელისუფლებამ საზღვრებზე კანონის ფარგლებში ყველა ის ვიზიტორი გააკონტროლოს, რომლებიც შეიძლება პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდნენ.
„აქტიურად უნდა ამუშავდეს ანტიტერორისტული დანაყოფები, კანონის ფარგლებში უნდა გაკონტროლდეს ყველა ის ვიზიტორი, რომლებიც შეიძლება პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენდნენ. ეს წესი ალბათ უფრო უნდა გავრცელდეს აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან ქვეითად შემოსულ პირებზე. ასევე არაბული ან თუნდაც ევროპული ქვეყნებიდან ტრანზიტით შემოსულ ადამიანებზე, რომლებიც შესაძლოა, ეთნიკური წარმომავლობის ან რელიგიური მრწამსის გამო დაკავშირებულნი იყვნენ ექსტრემისტულ ჯგუფებთან“, – განაცხადა ვალერი ხაბურძანიამ.
ხაბურძანიას თქმით, პოლიტიკოსებს მართებთ ძალიან მოზომილი განცხადებების გაკეთება, რომ ტერორისტული ჯგუფები არ გააღიზიანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები