შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჩან შუენი ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.
სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.