დავით უსუფაშვილი ესტონეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი თბილისში, პარლამენტის სასახლეში, საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფ ესტონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ტაავი რიივასს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ თანადგომისთვის, რასაც ესტონეთი წლებია საქართველოს მიმართ იჩენს. მისივე თქმით, საქართველოსა და ესტონეთს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ და ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საპარლამენტო დიპლომატია და საპარლამენტო ურთიერთოებები ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის პროცესში. მან ესტონეთის პარლამენტის მაგალითი გაიხსენა და განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი აკისრია ქვეყნის ევროპასთან დაახლოების გზაზე. მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესზე.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებებით არსებული პოტენციალი სრულად უნდა იყოს გამოყენებული.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ტაავი რიივასმა აღნიშნა, რომ ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას. პარლამენტის თავმჯდომარემ და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს რიგის სამიტზე და მის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე მხარეები ვრცლად შეეხნენ გეოპოლიტიკურ ვითარებას, უსაფრთხოების საკითხებს, უკრაინის კრიზისს და რეგიონულ პრობლემებს.
დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესში საქართველოსთვის პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.