ესტონეთი ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მხარდაჭერას ჰპირდება
ესტონეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ყოველ ეჭვგარეშე ვაცხადებთ, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოიცავს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს,–ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ–მინისტრმა ტაავი რიივასმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ესტონეთი რიგის სამიტზე საქართველოს მყარ მხარდაჭერას ჰპირდება.
“იმედი მაქვს, რომ რიგის სამიტიდან მივიღებთ, როგორც იტყვიან, საკმაოდ ხელმოსაჭიდ მასალებს. შესაძლოა, გარანტიები 100%-ით არის იყოს გაცემული, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ესტონეთი საქართველოს მყარი მხარდამჭერია. საქართველო, ფაქტობრივად, ლიდერია კრიტერიუმების დაკმაყოფილების სარბიელზე. ნამდვილად შესაძლებელია უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღება და დამერწმუნეთ, რომ სამიტზე ესტონეთის მხარდაჭერა გექნებათ”, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატო-ში გაწევრიანების საკითხებს, შეხვედრის დიდი ნაწილი კი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს დაეთმო.
„ერთმანეთს დავუდასტურეთ მზაობა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ პოტენციალს, რათა მივაღწიოთ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის იმ ნიშნულს, რაც ჩვენი ქვეყნების პოლიტიკური ურთიერთობების მაღალ დონეს შეესაბამება,“-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელეს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მთელი საერთაშორიოს თანამეგობრობის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების 20% ჯერ კიდევ არის ოკუპირებული და ამ მიმართულებით არ გვაქვს გაუმჯობესება,“-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე შეშფოთება გამოხატა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებზე და აღნიშნა, რომ საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ევროპული არჩევანი არც ერთი ქვეყნის, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
“ჩვენი ევროპული გზა რუსეთის წინააღმდეგ საერთოდ არ არის მიმართული. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს, ხალხის გადასაწყვეტია, სად რა მიმართულებით ვიაროთ”, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა.