პრემიერი: რუსეთთან პოლიტიკური კლიმატი არ გაუმჯობესებულა

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ესტონეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასევე, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არც ერთი ქვეყნისა და, მათ შორის, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
„ორი წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვდიოდით ხელისუფლებაში, მხარს ვუჭერდით დიალოგის წარმოებას რუსეთთან და ასევე დავნიშნეთ რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი. რუსეთის მხრიდან ეტაპობრივად გაიხსნა ბაზარი და, რა თქმა უნდა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა პოლიტიკური კლიმატის გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს. რუსეთი კვლავ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას. მიუხედავად ჩვენი კონსტრუქციული ნაბიჯებისა, რუსეთს იმავე სულისკვეთებით არ უპასუხია და ამის ნათელი მაგალითი გახლავთ აფხაზეთთან ხელმოწერილი ხელშეკრულება. იგივე ხელშეკრულებას ამზადებს რუსეთი ცხინვალის რეგიონთანაც. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის გამო შეშფოთებას გამოვთქვამთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრიმა.
მისივე თქმით, სიტუაცია მარტივი არ არის, მაგრამ ქართული მხარე ინარჩუნებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მიმართულებით. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო თავისი ტერიტორიული მთლიანობის სანაცვლოდ არანაირ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.
“ჩვენი ევროპული გზა რუსეთის წინააღმდეგ საერთოდ არ არის მიმართული. ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი. საქართველოს, ხალხის გადასაწყვეტია, სად რა მიმართულებით ვიაროთ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები