„თეატრი მხოლოდ ფუფუნების საგანი, მდიდარი და შეძლებული ადამიანების თავშეყრის ადგილი არ არის…“

„მსახიობობა რომ გადავწყვიტე, კინომსახიობობაზე ვფიქრობდი. ფაქტობრივად კინოგაქირავებაში შემოსული ყველა ფილმის სანახავად დავდიოდი. ეს საბჭოთა წლებია და ხშირად კარგი ფილმები არ შემოდიოდა. მაგრამ კინოთეატრ „გაზაფხულში“ მაღალი ხარისხის, პროფესიონალი რეჟისორების მიერ გადაღებული შედევრები გადიოდა. არჩევანი დიდი იყო და ძალიან ბევრი კარგი ფილმი ვნახე.
თეატრალურ ინსტიტუტში რომ ჩავაბარე, საბედნიეროდ, გამიმართლდა, იმ წელს მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში მოვხვდი. სწორედ სწავლის პროცესში ბატონმა მიშამ ჩემი მისწრაფებები შეატრიალა და თეატრით მთლიანად „მომწამლა“. კინო უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდა.“ – მსახიობი, რეჟისორი, კინომსახიობთა თეატრის დირექტორი ზურაბ გეწაძე.

– პირველი თეატრალური სპექტაკლი…
– პირველი – ჩვენი კურსის საკურსო სპექტაკლი ლუიჯი პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ იყო, სადაც მე რეჟისორის როლი ვითამაშე. რომელიც, ამავე დროს, თეატრის დირექტორიც იყო. სპექტაკლი გოგი მარგველაშვილმა ბატონ მიშა თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დადგა. ფაქტობრივად, ამ როლით მომიყვანა ბატონმა მიშამ თეატრში. ის პირველი სპექტაკლი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ახლაც ძალიან მიყვარს. ხშირად ამბობენ, მსახიობები რომ როლებს ვერ გამოარჩევენ, მე სწორედ იმ პირველ როლს გამოვარჩევ. მასზე ძალიან დიდი ენერეგია დავხარჯე და მაშინ ვისწავლე, თუ რა არის სცენაზე მსახიობის ხელოვნება.
– რეჟისურა…10904780_790827894299598_1963194871_n
– რეჟისურა თავისთავად ძალიან რთულია. მითუმეტეს, როდესაც მსახიობი მიდის რეჟისურაში, ეს კიდევ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. თუნდაც ის, რომ შენს პარტნიორებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, რომლებთან ერთადაც სცენაზე იდექი, ერთი თავით უნდა ამაღლდე, მათ თვალში ავტორიტეტი მოიპოვო, რომ დაგიჯერონ და გენდონ. თუმანიშვილის სკოლის ქმედითი ანალიზი სწორედ ეს არის. როდესაც, რეჟისორი მსახიობთან მუშაობს, თუ თვითონ მყარად არ არის, მსახიობი მას ჩიხში შეიყვანს და შემოქმედებითი პროცესიც რთულდება. ამიტომ, ჩვენთან თეატრში ასეა, რეჟისორი კარგად მომზადებული უნდა იყოს, რომ ნებისმიერ კითხვაზე, რომელსაც მსახიობი თუ მხატვარი დასვამს, პასუხი ჰქონდეს. შეიძლება რომელიმე მსახიობი გადაწყვეტილებაში არ გეთანხმებოდეს, მაგრამ თუ დაინახა, რომ შენს პრინციპებს მყარად იცავ და გადაწყვეტილების ლოგიკური გამართლება გაქვს, მაშინ ის აუცილებლად ბრმად გამოგყვება.
რეჟისურა ყოველთვის მაინტერესებდა. ძალიან ხშირად ვერეოდი რეჟისორის ფუნქციებში და ვაწუხებდი მათ. ვთავაზობდი იდეებს, ვეკამათებოდი, ხანდახან ვჩხუბობდით კიდეც, არა მხოლოდ ჩემი როლის, ზოგადად, სპექტაკლის შესახებ, მხატვრობაზე, განათებაზე, პლასტიკაზე, მუსიკალურ გადაწყვეტაზე… მე ამას ვაკეთებდი არა იმიტომ, რომ ვიღაცისთვის რაღაც დამემტკიცებინა, უბრალოდ ვთვლიდი, რომ საქმისთვის უკეთესი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ყველა რეჟისორს ეს არ მოსწონდა, თუმცა ხშირ შემთხვევაში რეჟისორები მომყვებოდნენ, ეთანხმებოდნენ ჩემს გადაწყვეტილებას.
2004 წელს სპექტაკლი „გმირი“ დავდგი და მივხვდი, რომ მხოლოდ ამ ერთი სპექტაკლით არ დავკმაყოფილდებოდი და სარეჟისორო ფაკულტეტზე, მაგისტრატურაში ჩავაბარე, სადაც რობიკო სტურუას ჯგუფში მოვხვდი.
სპექტაკლებს ვერ გამოვარჩევ. ამ შემთხვევაში სპექტაკლების მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ მაქვს, რადგან ენერგიას, დროს, ნერვებს ერთნაირად ვხარჯავ. შეიძლება, გამორჩეული ისევ პირველი სპექტაკლი იყოს. თუმცა, ვთვლი, რომ შემდეგი სპექტაკლები უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე პირველი და დღეს რომ დავდგა, სულ სხვანაირად დავდგამ, მაგრამ მაინც, ის ამ პროფესიასთან პირველი შეხება იყო. –
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მმართველი…961488_790827884299599_595402117_n
– 2009 წლის ზაფხულში დავინიშნე თეატრის მმართველად, რაზეც არასდროს მიოცნებია. მე მირჩევნია, შემოქმედებითი კუთხით ვიმუშაო, ვიდრე საორგანიზაციო საკითხები მოვაგვარო. უბრალოდ, არ მაინტერესბდა. მაგრამ დავინახე, რომ თეატრი ბევრი მიმართულებით სწორი გზით არ მიდიოდა. იგივე დაგეგმვის საკითხები, მენეჯმენტი, პიარი, შემოსავლის და გასავლის სწორი ხარჯვა, სპონსორებთან, მაყურებელთან ურთიერთობა, როგორ უნდა დაგეგმილიყო ახალი სპექტაკლების ჩაშვება, ძველი სპექტაკლების მოხსნა. ეს პრობლემები მატულობდა და აქედან დაიწყო ჩემი უკმაყოფილება. ისეთი აქტიური ვიყავი, რომ ბოლოს, 2004 წელს სამხატვრო საბჭოშიც ამირჩიეს. მაგრამ, როდესაც წინა მმართველის წასვლის საკითხი დადგა, გაჩნდა საშიშროება, რომ თეატრის მმართველად მოვიდოდა ვინმე ჩინოვნიკი, რომელსაც თეატრის შიდა სტრუქტურა არ ეცოდინებოდა. უნდა გითხრათ, რომ თეატრი ძალიან რთული ორგანიზმია, აქ სულ პატარა ურთიერთობაც თუ შეგეშალა, შეიძლება ყველაფერი დაინგრეს. სამწუხაროდ, საქართველოში არ არიან კულტურის მენეჯერები, რომლებმაც თეატრის შიდა საკითხები იციან. თითოეულ, თითქოს უმნიშვნელო ფაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, შენ უნდა გაითვალისწინო მსახიობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, როგორ უნდა მიუდგე მას, თუ ოთახში ტირილით გივარდება… ეს თუ არ იცი, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. მე არ ვამბობ, რომ მსახიობს კოჭი უნდა უგორო, უბრალოდ თეატრი ცოცხალი ორგანიზმია.
კანონით მმართველი წარმოადგენს თეატრს. ის არის ერთპიროვნული პასუხისმგებელი თეატრში მიმდინარე ყველა პროცესზე, როგორც შემოქმედებით, ისე ფინანსურ და საორგანიზაციო საკითხებზე. ამიტომ, ხშირად ვიკრიბებოდით და ვმსჯელობდით, როგორ მოვქცეულიყავით.
როდესაც კულტურის სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა, ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კარგი იქნებოდა, თუ რომელიმე ჩვენგანის კანდიდატურას წარვადგენდით და არ დავთანხმდებოდით შემოთავაზებულს. ერთ- ერთ ჩვენს შეხვედრაზე ჩემი კანდიდატურა დასახელდა, რომ თუ მე წინააღმდეგი არ ვიქნებოდი, დროებით მაინც ამეღო ეს ტვირთი საკუთარ თავზე. ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო და უარი ვთქვი. მაგრამ, ამ შემთხვევაში გავითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ჩემი სპექტაკლების პროდიუსერი მე ვიყავი, მე ვგეგმავდი რეპეტიციებს, პრემიერებს, მე ვხარჯავდი თანხას, მე ვმუშაობდი პიარზე, გაყიდვაზეც კი, შეიძლება, ითქვას, რომ გამოცდილება, რაც თეატრს სჭირდება, მე დაგროვილი მქონდა. ამიტომ შევიტანე განაცხადი კულტურის სამინისტროში.
ახლა კანონი შეიცვალა და თეატრის დირექტორი ვარ. პირველი პირი კი სამხატვრო ხელმძღვანელია.
– როგორი უნდა იყოს მსახიობი?
– ერთ–ერთი რუსი რეჟისორის თუ მსახიობის მოგონებებში წავიკითხე, რომ მსგავსი კითხვა სტანისლავსკის დაუსვეს. იგი ბაღში ისვენებდა და თავის მოსწავლეებთან საუბრობდა. ახალგაზრდა გოგონა მივიდა და უთხრა: მე მინდა გავხდე მსახიობი და რა არის ამისთვის საჭირო? სტანისლავსკიმ თავის მოწაფეებს ბოდიში მოუხადა, გოგონა სკამზე დასვა, დაიწყო და არ დამთავრდა… ეს არის გაუთავებელი სია: პლასტიკა, რიტმიკა, ხმა, სმენა, ენერგია, რომლითაც ის მაყურებელს მონუსხავს, ყურადღება…. ხანდახან ურთიერთგამომრიცხავიც, რადგან ამბობს, რომ უნდა იყოს ფეთქებადი და, ამავე დროს, თავის ემოციებს აკონტროლებდეს…
– რეჟისორი?
– ძალიან დიდი განსხვავება არ არის. შეიძლება რეჟისორს არ ჰქონდეს ხმა და კარგი პლასტიკა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს ინტელექტით, დროის შეგრძნებით. რადგან თეატრი მაინც ცოცხალია. არ შეიძლება სპექტაკლი დღეს დადგა და მომავალზე გათვალო. ის დღეს უნდა გაიგონ. გარდა ამისა, რეჟისორი ნახევარი ნაბიჯით მაინც უნდა უსწრებდეს საზოგადოების მოთხოვნას. ის ყოველთვის საქმის კურსში უნდა იყოს, თუ რა ხდება საზოგადოებაში. მას უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია. უნდა იყოს თამამი, უშიშარი, გადადგას მკვეთრი ნაბიჯები და არ უნდა შეეშინდეს ამის. საორგანიზციო საკითხებში უნდა ერკვეოდეს და დიპლომატიას, ფსიქოლოგიას ფლობდეს. რადგან ყველა მსახიობი სხვადასხვანაირია და ყველას თავისებურად უნდა ელაპარაკო, თუ გინდა რომ შედეგს მიაღწიო…
– თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემები…10921755_790827887632932_1840320839_n
– ქართულ თეატრს ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. სამწუხაროდ, ზოგადად, თეატრის მიმართ საზოგადოების მხრიდან შეიცვალა დამოკიდებულება და ქართული თეატრები, რაც არ უნდა ბევრი იმუშაონ პიარზე, ვერაფერს მიაღწევენ. მხოლოდ უმნიშვნელო შედეგი იქნება. საბჭოთა კავშირს შეიძლება ძალიან ბევრი ცუდი რამ ჰქონდა, მაგრამ მაშინ თეატრის მიმართ როგორც სახელმწიფოს, ისე მედიასაშუალებების მხრიდან სხვა დამოკიდებულება იყო, რაც თეატრის განვითარებას უწყობდა ხელს. გახსოვთ, ალბათ, საზოგადოებრივ არხზე ძალიან ბევრი გადაცემა არსებობდა თეატრზე, აფიშა, შეხვედრები, სპექტაკლები გადიოდა ეთერში. ეს საზოგადოებაზე მოქმედებდა და ინტერესი უფრო დიდი იყო. მახსოვს, სკოლაში სავალდებულო იყო, რომ ჯერ თოჯინების თეატრში, მოზარდმაყურებელთა თეატრში, შემდეგ უკვე დრამატულ აკადემიურ თეატრებში გვევლო. ასე იზრდებოდა მაყურებელი. ამიტომ, ვფიქრობ, ახლაც უნდა გადმოვიღოთ და დავნერგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც უკვე ჩამოყალიბდება სრულყოფილ ადამიანად, თეატრში აღარ ივლის. ინტერესი აღარ უჩნდება. მას ურჩევნია წავიდეს კაფეში, კინოში, ან საერთოდ არსად არ წავიდეს და სახლში ტელევიზორს უყუროს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება კულტურის, ხელოვნების მიმართ. ის ბავშვი, რომელიც უკვე თოჯინების თეატრში, მოზარდმაყურებელთა თეატრში დადის, ჩემი პოტენციური მაყურებელია. ვიცი, რომ ის შემდეგ ჩემთან მოვა, რუსთაველის, მარჯანიშვილის თეატრებში წავა. ბოლოს თავის თეატრს იპოვის და გახდება იმ თეატრის ერთგული მაყურებელი.
გარდა ამისა, არ არსებობს თეატრის განვითარებისთვის ყველაზე მთავარი – კრიტიკა. ბევრი უნდა წერონ კრიტიკოსებმა თეატრზე…
– მსახიობი, რეჟისორი და სამი წელი თეატრის მმართველი…
– სხვათა შორის, პირველად ახლა დავფიქრდი. ამ წუთას მე თქვენთან ვსაუბრობ, პარალელურად სპექტაკლი მაქვს, როგორც კი საგრიმიოროში შევდივარ, ვიღებ კოსტიუმს, ვიწყებ ჩაცმას, მე მსახიობი ვარ. ჩემი მდგომარეობა იმ წუთში იცვლება, იქ არის მხოლოდ როლი, რომელიც სცენაზე უნდა ვითამაშო. სავარძელში რომ ვჯდებოდი, უკვე მმართველი ვიყავი. თუ საგრიმიოროში შევდივარ პიესით და რეჟისორის ადგილი დავიკავე, რეჟისორი ვარ, იმ წუთში ვლაგდები. ხანდახან ნერვები მღალატობს და ვყვირი…
მაგრამ, ჩვენ გენიოსი –  დიმიტრი უზნაძე გვყავდა, რომელმაც „განწყობის ფსიქოლოგია“ შექმნა. ფსიქოლოგიაში ასეთი დიდი გარღვევა არავის არ გაუკეთებია. მასზე დიდი მეცნიერი ქართველებს არ გვყოლია. მან ისეთი კარი გააღო ფსიქოლოგიაში, რომელსაც მეტი კვლევა აღარ სჭირდება. ჩემს შემთხვევაში, ალბათ, სწორედ განწყობის ფსიქოლოგიასთან გვაქვს საქმე…
– საზოგადოებას ვეტყოდი…10917727_790827880966266_869775481_n
– საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ თეატრში ხშირად იარონ და შვილები მოიყვანონ, რომ მერე ხელოვნებასთან გაუცხოება არ მოხდეს. ჩვენ თუ გვიდნა, რომ ისეთი სახელმწიფო ავაშენოთ, სადაც განათლებაც, კულტურაც, ეკონომიკაც, ყველაფერი თავის ადგილზე იქნება, აუცილებელია ამ მხრივ მაღალ დონეზე ვიყოთ. ქართველი მაყურებელი ყოველთვის კრიტიკით გამოირჩეოდა. ახლაც თითოეული ადამიანი, რომელიც თეატრში, დადის კრიტიკოსია. საშინელი წნეხის ქვეშ გვიწევს პრემიერების თამაში. სხვა ქვეყნებში ასეთი დამოკიდებულება თეატრის მიმართ საზოგადოებას არ აქვს. ჩვენთან მაყურებელი ბევრს ითხოვს და სწორია. ეს უფრო მაღლა სწევს ნიშას.
პირადად ჩემი აზრია, რომ თეატრი მხოლოდ ფუფუნების საგანი, მდიდარი და შეძლებული ადამიანების თავშეყრის ადგილი არ არის. თეატრში ყველა, ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანი უნდა მოვიდეს. ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს თეატრში მოსვლა, სპექტაკლზე დასწრება და ხელოვნებასთან ზიარება. ასე რომ, იარეთ თეატრში. ჩვენ გელით…
– ფესტივალი „საჩუქარი“…
– ფესტივალი „საჩუქარი“ 17 ოქტომბერს გაიხსნა და საზეიმოდ 17 ნოემბერს დაიხურა. ერთი თვის განმავლობაში თბილისელ მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ქართულ თეატრალურ სივრცეში მსოფლიო პრემიერებს დასწრებოდა. ენახა: ანი ბოგარტის, დიმიტრი კრიმოვის, ანდრეი ჟოლდაკის, ანდრონ კონჩალოვსკის და სხვათა სპექტაკლები. ფესტივალის მიზანი კი კულტურათაშორისი ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცებაა.
– ახალი 2015 წელი…
– ახალ წელს მივულოცავ სრულიად საქართველოს. ჩემს კოლეგებს, მეგობრებს, ჩემს ოჯახს. ყველა თეატრს ბევრ მაყურებელს ვუსურვებ, რადგან ჩვენი სტიმული სწორედ მაყურებელია.
ჩვენ კი, კინომსახიობთა თეატრში 2015 წლისთვის არაერთი საინტერესო გეგმა გვაქვს. მაყურებელს ბევრი კარგი სიურპრიზი ელოდება.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები