„პერსონა“ გილოცავთ ახალ წელს!
ახალ წელს ვულოცავ მათ, ვინც ამ დღეებში საახალწლო პროდუქტი ვერ შეიძინა, საჩუქრები ვერ მიიღო და არც ნაძვის ხე დაუდგამს, რადგან ამისთვის სახლი არ გააჩნია. ახალ წელს ვულოცავ ყველა მოხუცს და ბავშვს, რომლებიც მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებენ, მაგრამ ყოველთვის არ აქვთ. ახალ წელს ვულოცავ მათაც, ვინც ამ ადამიანების კარგად ყოფნისთვის ყველაფერს აკეთებს. – ჟურნალისტი ია ვეკუა.
ვულოცავ ახალ 2015 წელს ყველა ჩემს მეგობარს, ახლობელსა და სრულიად საქართველოს! გისურვებთ, ეს წელიწადი ყოფილიყოს აღმავლობის წელი მთელი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული ჩვენგანისთვის! ვისურვებდი, ეს წელი ყოფილიყოს ჩვენს ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის წელიწადი! შევძლოთ რეალური ნაბიჯების გადადგმა ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისაკენ და ვიხილო ზუგდიდის თეატრისა და სხვა მძიმე მდგომარეობაში მყოფი თეატრების რეაბილიტაციის პროცესი, რაც არა მარტო ჩემი, არამედ უამრავი სხვა ადამიანის ოცნებაცაა! – რეჟისორი ბადრი წერედიანი.
ახალი წელიც მოვიდა და მინდა მთელ საქართველოს მივულოცო 2015 წელი! ვისურვებდი, რომ ყველა ოჯახში სითბო, სიხარული და ბედნიერება შემოსულიყოს. ქვეყანაში აღარ იყოს გაჭირვება, მოწყენილი სახეები, უსამართლობა და ბოროტება. სიკეთეს გისურვებ, ჩემო საქართველო! – მხატვარი სოფო პურიჭამიაშვილი.
წარმატებებს გისურვებთ! გისურვებთ, რომ ახალი წლის ყოველი დღე ახალი შთაგონებით, ახალი ჩანაფიქრებით და ახალი ენერგიით იყოს სავსე. მშვიდობა და სიხარული ყოფილიყოს თქვენს გულებში. – ფოტოგრაფი დიმა სარალიძე.
სრულიად საქართველოს, ჩემს ხალხს, ჩემს დროებით უპატრონოდ დარჩენილ ტერიტორიებს ვულოცავ დამდეგ შობა -ახალ წელს! ფეხბედნიერი ყოფილიყოს, დღეგრძელობას, მზეგრძელობას, გამთლიანებას, ხვავსა და ბარაქას, ოჯახების სიმტკიცეს ვუსურვებ. შეეწიოს გერის წმინდა გიორგის მადლი და მომავალი წელიწადი ჩვენს სახლებში დაბრუნების წელი ყოფილიყოს! – ჟურნალისტი ლია ჩლაჩიძე.
მეტ შრომას გისურვებთ და ამ შრომით გამოწვეულ სიამოვნებას. ცხადია, ჯანმრთელობას და ბედნიერების დევნას. ამ დევნით არ დაღლას. ესეცაა ჩვენი მისია. – გიორგი კეკელიძე.
მივულოცავ ქართველ და ოს ხალხს. განსაკუთრებით, ჩემს ცხინვალელ კეთილ მეზობელს, დეიდა თამარ კოზაევას – არასდროს დამავიწყდება. – იურისტი ზაირა მარანელი.
მინდა, მოგილოცოთ ახალი 2015 წელი ჩემს უსაყვარლეს მოხუცებს, ყველა იმ ადამიანს, ვისაც კი ჩემი და ჩემი მეგობრების თანადგომა ესაჭიროება. გპირდებით, რომ ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენს გვერდით და ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტი შემართებით, ახალი პროექტებით, მოვალთ ყველგან, თითოეული თქვენგანის ოჯახებში. მიყვარხართ და ბედნიერი ვარ, რომ მაქვს იმის საშულება, ვიყო თქვენთან და მოგეფეროთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. მიყვარხართ. – თერაპევტი მაკა ბულეიშვილი.
დამდეგ ახალ წელს ვულოცავ სრულიად საქართველოს! დაე, 2015 წელმა საფუძველი ჩაუყაროს ქართველთა გაერთიანებას, სასიკეთო ცვლილებები დაიწყოს ჩვენი კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების მტკივნეულ საკითხში. ჩვენი გონიერებით შევძლოთ მავთულხლართების გაუქმება ქვეყნის შუაგულში. ვისწრაფვოდეთ ჯერ სამშობლოს და მერე საკუთარი კეთილდღეობისთვის! გილოცავთ!.. ფეხბედნიერი და იმედით სავსე შემობრძანებულიყოს!!! – პოეტი ლანა მანველი.
დამდეგ შობა–ახალ წელს ვულოცავ მთელ საქართველოს, ქართველ ხალხს – ქალაქში და სოფლად. ვუსურვებ მშვიდობას, წინსვლას, გამრავლებას, ოჯახის თითოეული წევრის ჯანმრთელობას, სიმშვიდეს და ბევრ სიხარულს – შინ და გარეთ. ვუსურვებ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც მათი ხელისუფლების წევრები, პრეზიდენტიდან დაწყებული, უბრალო ჩინოვნიკით დამთავრებული, საკუთარი საქმითა და საქციელით, ჩვეულებრივ მოქალაქეებს აჩვენებენ, რომ ისინიც მათსავით ქვეყნის რიგითი მოსამსახურეები არიან, რომლებიც ასრულებენ საკუთარ მოვალეობას და ღირსეულად მონაწილეობენ სახელმწიფოს განვითარებაში. ღრმად მწამს, რომ მხოლოდ ამ შეგნებამდე მიღწევის შემდეგ, მხოლოდ ამგვარი მენტალიტეტის ჩამოყალიბებისას გამოიკვეთება საქართველოს განვითარებისა და გაძლიერების რეალური შანსი. ჩემი ოცნება, და ამ შემთხვევაში, მთავარი საახალწლო სურვილიც ეს გახლავთ, რომელსაც ყველას ვუზიარებ. – მწერალი ბაჩო კვირტია.
თუ ვინმესთვის რამეს ნიშნავს ჩემი მილოცვა, მინდა დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცო ჩვენს ქვეყანას და ვთხოვო ყველა ქართველს ერისთვის ერთგულება, რომელიც ურთიერთთანადგომით იქნება გამოხატული და არა გათითოკაცებით. ღმერთმა გაგვაძლიეროს! – დავით ცინცაძე.
შობა-ახალ წელს გილოცავთ! განსაკუთრებით იმ ადამიანებს ვულოცავ, ვისაც ნაკლებად ეზეიმება, მაგრამ ყოველ ახალ დღეს მაინც იმედითა და სასწაულების რწმენით ხვდება. მინდა 2015 ოცნებების ახდენის წელი იყოს, აღარ არსებობდეს სოციალური სიდუხჭირე, უსახლკარო ბავშვები და ულუკმაპუროდ დარჩენილი ადამიანები. მინდა ეს ქალაქი, ეს ქვეყანა ხალხისთვის იყოს და არა მთავრობებისთვის. რომ თავად ხალხი იყოს საკუთარი ბედის და ცხოვრების შემოქმედი, იყოს უფრო ღირსეული, აქტიური, განათლებული. ბოლოს და ბოლოს, ვიქცეთ ისეთ საზოგადოებად, რომ სწორედ ჩვენი, სწორედ ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქეების ხმა იყოს გადამწყვეტი, რომ აღარასდროს გვინგრევდნენ კულტურას და ისტორიას, არ უშვებდნენ საბედისწერო შეცდომებს და არ ვახსენდებოდეთ მხოლოდ არჩევნების წინ. ახალი წელი სწორედ ძველის გადაფასებისა და ახალი ჭურჭლის ახალი ღვინით ავსების წელია. ეს ახლის დაბადება და შობაა! ვისურვებდი ქრისტეშობას ახალი, სუფთა გულებით შევეგებოთ. სინათლე, სიკეთე, სიყვარული ყველა ოჯახს და თითოეულ ადამიანს! – თეონა დოლენჯაშვილი.
გულით და სულით ვულოცავ ახალ წელს სრულიად საქართველოს! ვუსურვებ ჩემს ერს სიმრავლეს! პატრიარქს დღეგრძელობას! მთავრობას სიბრძნეს! მხედრობას სიძლიერეს! პატარებს სიხარულს! გაჭირვებულებს დალხინებას! პატიმარს თავისუფლებას! ემიგრანტს დაბრუნებას! მსოფლიოს მშვიდობას! ჩემს ოჯახს და მეგობრებს სულიერ სიმშვიდეს და დოვლათს! მოძულეს სიყვარულს! მოკეთეს უფლის წყალობას! განსაკუთრეთრებით ვულოცავ ჩემს გამზრდელ ბებოს, მარგალიტას, რომელიც ცხოვრობს ვლადიკავკაზში და საოცრად მენატრება. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს!
აგრეთვე ვულოცავ ჩემს ოსს და აფხაზ, ქრისტესმიერ და-ძმებს! და რაღა თქმა უნდა, გილოცავთ თქვენ, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ მთელ პერსონალს! მადლობა რომ საშუალება მომეცით ყველასთვის მიმელოცა. წარმატება და ბედნიერება თქვენ! – ნინო ბაშარული.
მინდა სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი 2015 წელი. მინდა მივულოცო ჩემს პატარა ოჯახს და უსაყვარლეს სამეგობროს, ყველას ვისთანაც სიყვარული და მეგობრობა გვაკავშირებს. დაე, ეს წელი გამარჯვებისა, სიუხვის და წარმატების წელი ყოფილიყოს ჩვენთვის. ყველი იმ ადამიანს, ვინც ხელოვნებას ემსახურება, ემსახურება თავგანწირვით, დაუზოგავად და უანგაროდ. ყველა იმ ადამიანს, ვინც გამოღვიძებისას, ბედნიერებას იგრძნობს ამ იანვრის დილას ან ამ ახალ წელს განთიადთან ერთად შეხვდება. ასევე, ყველა იმას, ვინც ბედნიერებისათვის იბრძვის, რადგან რწმენა ამისი არ დაუკარგავს. გისურვებთ სიუხვეს, ბედნირებასა და ღვთის წყალობას. დიდი სიყვარულით, თქვენი მონამორჩილი გიორგი აფხაზავა. მიყვარხართ…
ახალ წლის ხურჯინს, ვანაცვლებთ წარსულს და საქართველოს რჩეულად ვდგავართ, მანუგეშებელს ვევედრი ძალს, რომ ვულოცო ყველას, უცნობს თუ ნაცნობს, მზე ავსებს თვალებს, ფრქვევაა ტალღის, მსოფლიო ხალხო, სინათლეს გაღვრით, არ არის წუთი და წამი დაღლის… – ბარსელის მილოცვა.
მთელი გულით გილოცავთ ახალი 2015 წლის მობრძანებას! გისურვებთ ეს წელი ბედნიერების, სიმშვიდის და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს! ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ დიდ წარმატებას, ბედნიერ, ხალისიან მაყურებელს, რამეთუ ჩვენ მაყურებლით ვარსებობთ! სიკეთე და სიყვარული არ მოკლებოდეს ყველა ოჯახს საქართველოში. მე მჯერა, რომ საოცარი წელიწადი იქნება. გვჯეროდეს სასწაულის და გვიყვარდეს ერთმანეთი. მიყვარხართ! – ბუბა გოგორიშვილი.
ხანდახან მგონია, რომ ის კი არა, მე მივდივარ მასთან. მივდივარ და ნაძვის ხის სათამაშოდ სადღაც, რომელიღაცა ტოტზე ვეკონწიალები. მას კი იმდენი სათამაშო აქვს, არ ვჩანვარ. მე კი ძალიან მინდა გამოვჩნდე, ვიწელები, მხრებში ვიშლები, ტოტებიდან ხელ-ფეხს ვაშრაშუნებ და ვეუბნები: ნახე, მოვედი, აქ ვარ, დამინახე, ეს მე ვარ, ნაგავსაყრელების პრინცესა, ნახე, თავიდან დავიბადე, სულ-სულ ახლიდან, ნახე, გაქცევა არც მიფიქრია, მთელი წელი გელოდებოდი, ნახე, ისეთი საყვარელი ვარ, მთელი წელი უნდა დამარიგო, გამცე, გამაჩუქო, რომ მერე, ერთი წლის შემდეგ, ერთი კი არა, ბევრი ხელ-ფეხი ავაშრაშუნო შენს ტოტებზე. უნდა მოგილოცოთ! – თუ ყოველ წელს თავიდან დაბადება შეგიძლიათ. – კატო ჯავახიშვილი.
სიტყვას რომ ძალა აქვს, ყველამ იცის, მაგრამ ვინ ამბობს ამ სიტყვას, როგორი ადამიანის გულიდან და პირიდან ამოდის, ამასაც, გარკვეული მნიშვნელობა აქვს. როგორი მადლი და ძალა მოჰყვება იმ ადამიანის ნათქვამ სიტყვას, ამას, ის ადამიანი მიხვდება, ვინც ისმენს. ვისურვებდი, რომ ჩემს სიტყვასაც მადლი გამოჰყოლოდეს, სიხარული და ნუგეში მიენიჭებინოს ადამიანებისთვის. გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ადამიანებო! მიყვარხართ და ნუ გეშინიათ! ამის თქმა მინდოდა, სულ… – ნინო ქადაგიძე.
ახალი წელი ახალ ცხოვრებასთან, იმედებთან, ოცნებების ასრულებასთან ასოცირდება. 2015 წელს ვისურვებ: ადამიანები გახდნენ ლმობიერები, ერთმანეთის მიმართ შემწყნარებლები, რაც შეიძლება მეთი სიკეთე გაგვეღოს. ვისურვებ ჩემი ქალაქის ქუჩებში მომღიმარი და რეალიზებული ადამიანების ხილვას. და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ეპოვოთ ოჯახები, რომლებიც სითბოთი და სიყვარულით აავსებენ. ჩვენი საზოგადოების შეძლებულ ფენას ვუსურვებ ამ ბავშვებისკენ მიმავალი გზის აღმოჩენას! – თათია პაქსაშვილი.
ჩემო ლამაზო, კეთილო შვილო, მარი! ახალ წელს გილოცავ! 2015–ში 16–ის ხდები. მიდი. იარე! მე გვერდით მოვდივარ… – თამაზ ექვთიმიშვილი.
დედამიწას ვუსურვებ, მოეშვას და დაიწყოს ლაღად აზროვნება – ძალიან დაძაბულია.
აღარ იყოს შიმშილი და ომი. როცა არ არის შიმშილი, მაშინ მტაცებელიც კი არ გესხმის თავს.
მილიონერებს და მილიარდერებს ვუსურვებ, გონება განათებოდეთ, რომ თუ არ გახსნიან ამ თავიანთ მხაპავ ხელს და მნიშვნელოვნად მეტს არ გასცემენ სიღატაკის დაძლევასა და რეალურ განათლებაზე, ეს გამეფებული სიღატაკე და ძალმომრეობა მათვე შეჭამს ძალიან ველური ფორმით.
ყველაზე სანუკვარი ნატვრების ახდენის წელი დამდგარიყოს კეთილი ადამიანების ცხოვრებაში. იყოს მეტი სიყვარული, უზრუნველობა და გონიერება. უხუცესიდან უმრწემესამდე ყველას მივულოცავ. – ნინო გუგეშაშვილი.
ვფიქრობ, პირველს ვის მივულოცო ახალი წელი და პირველი ღმერთი მახსენდება… ისე გვეცხოვროს, როგორც თქვენ გაგიხარდებათ, უფალო, რადგან ნაკლები ცრემლი იქნება თქვენს სახეზე და მეტი ღიმილი… – დავით ოჩიაური.