შსს თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერის ჩაშლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერის ჩაშლის შესახებ ინფორმაციას არასწორს უწოდებს.
როგორც “კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, 1 იანვრიდან სამინისტროს ყველა თანამშრომელი დაზღვეული იქნება იგივე პირობებით და იგივე კომპანიებში (“ალდაგი”, “პსპ”), როგორც 2014 წელს.
“ტენდერის შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე”, – განაცხადეს უწყებაში.
შეგახსენებთ, დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია “საზოგადოებრივი ინიციატივის” წარმომადგენელმა ლაშა ფარულავამ და შმაგი ჩოხელმა განაცხადეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში თანამშრომელთა სამედიცინო დაზღვევის ტენდერი ჩაიშალა და 27 000 თანამშრომელი და მათი ოჯახები დაზღვევის გარეშე დარჩნენ.