ბუნებრივი რესურსების გამჭვირვალობის ინიციატივის შესახებ სემინარი ჩატარდა
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და „საერთაშორისო ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, ბუნებრივი რესურსების გამჭირვალობის ინიციატივის შესახებ (EITI) სემინარი ჩატარდა.
როგორც „კვირას“ სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა, რომელზეც EITI-ის ძირითად სტანდარტებზე, მოთხოვნებსა და ანგარიშგებაზე ისაუბრეს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ გახსნა.
სემინარს ასევე გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო კომპანიები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფინანსური მხარდაჭერა ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ და „ბუნებრივი რესურსების მმართველობის ინსტიტუტმა“ განახორციელა.
ბუნებრივი რესურსების გამჭვირვალობის ინიციატივა (EITI) წარმოადგენს გლობალურ სტანდარტს, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ბუნებრივი რესურსებიდან და ენერგო ტრანზიტიდან მიღებული შემოსავლების გამჭვირვალობას.
მას გააჩნია კომპანიების მიერ გადახდილი სახელმწიფო გადასახადების და მთავრობის მიერ მიღებული შემოსავლების მონიტორინგისა და რეგულირების დახვეწილი და მოქნილი მეთოდოლოგია. EITI სტანდარტით წევრი ქვეყანა ამზადებს და აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რომლის ძირითადი კომპონენტია, ერთი მხრივ, კომპანიების მიერ გადახდილი გადასახადები და, მეორე მხრივ, მთავრობის მიერ მიღებული შემოსავლები. სახელმწიფოში, სადაც ინერგება ეს ინიციატივა, პროცესის განხორციელებას ახდენს EITI საერთაშორისო სამდივნოს წარმომადგენლობა ქვეყანაში, ხოლო ზედამხედველობას დაინტერესებულ მხარეთა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შედგება სამი სექტორისგან: სამთავრობო სექტორი შესაბამისი სამინისტროებით და უწყებებით, მომპოვებელი და ტრანზიტის ოპერატორი სუბიექტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
EITI-ის ინიცირება 2002 წელს მდგრადი განვითარების მსოფლიო სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერის მიერ მოხდა. ინიციატივას მიუერთდა ბუნებრივი რესურსებით მდიდარი 39 ქვეყანა (23 წევრი და 16 კანდიდატი ქვეყანა).