უსაფრთხოებისა და კრიზისების საბჭო ალმოდებულ გემთან დაკავშირებით იტალიასთან მუდმივ კავშირშია

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი ბორან „ნორმან ატლანტიკის“ თაობაზე განცხადებას ავრცელებს. მათი ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ოპერატიული ცენტრი მუდმივ კონტაქტში იმყოფება იტალიის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის დირექტორატთან.
ამ პროცესში ასევე ჩართულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, თედო ჯაფარიძე.
აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, დავით სუჯაშვილი პირადად ესაუბრა საქათველოს ელჩს იტალიაში კახა სიხარულიძეს, ბოლო ინფორმაციით, საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი 478 მგზავრიდან საქართველოს 8 მოქალაქე იყო. როგორც საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ განაცხადა, ერთ-ერთი ქართველი, ფეხმძიმე ქალბატონი, ქალაქ ბარის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამაშველო – სამძებრო სამუშაოები. ამ დროისთვის ვერ დგინდება ერთ-ერთი ქართველი მგზავრის ადგილსამყოფელი, თუმცა ელჩი არ გამორიცხავს, რომ იგი იმ გადარჩენილ მგზავრებს შორის არის, რომლებიც ალბანეთისა და საბერძნეთის ტერიტორიებზე მაშველებმა გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის, იტალიისა და ალბანეთის სამაშველო სამსახურები ერთობლივად მონაწილეობენ.
შეგახსენებთ, რომ ადრიატიკის ზღვაში, 28 დეკემბერს გამთენიისას საბერძნეთის სანაპიროსთან ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ ხანძარი გაჩნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები