საქართველოში ონლაინთამაშები აიკრძალება
მომავალი წლიდან საქართველოში ონლაინთამაშები აიკრძალება. შესაბამისი კანონპროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მზად აქვს და მას საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნის.
დაახლოებით მსგავსი კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ერთი წლის წინათ, დეპუტატ კობა დავითაშვილის ავტორობითაც დარეგისტრირდა, თუმცა მაშინ საქმე პირველი მოსმენით განხილვას არ გასცდენია და დავითაშვილის ინიციატივაც კრახით დასრულდა.
ამის მიზეზი, ალბათ, ის გახლდათ, რომ დავითაშვილის კანონპროექტი ყველა სახის აზარტული თამაშების აკრძალვასა და რეკლამირებას ეხებოდა, რასაც არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის ეკონომიკისთვის, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ზიანი მოეტანა.
კობა დავითაშვილის განცხადებით, საზოგადოების ნაწილს აზარტული თამაშების, ისევე როგორც ნარკოტიკების მიმართ, დამოკიდებულება უვითარდება და ეს არის ავადმყოფობა. ასეთ მიდგომას კატეგორიულად არ ეთანხმება სათამაშო ბიზნესასოციაციის თავმჯდომარე. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სხვადასხვა სპორტული ტელეარხის დახურვას, სათამაშო ბიზნესის ჩავარდნას და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნას. ახვლედიანი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში „იატაკქვეშა“ აზარტული თამაშების განვითარებას არ გამორიცხავს.
დავითაშვილის ინიციატივისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით მმართველი უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს შს მინისტრის მოადგილის, ლევან იზორიას ინიციატივა, რომელიც აზარტული თამაშების მხოლოდ ინტერნეტში აკრძალვას გულისხმობს.
„სხვადასხვა გამოკითხვით, ონლაინთამაშებით არასრულწლოვანთა 70 პროცენტია დაკავებული. ეს იყო საჯარო გამოკითხვა და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ მზად გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ამის რეგულაციას მოვახდენთ, არა მხოლოდ არასრულწლოვნებთან, არამედ, ზოგადად, სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ჩვენ სერიოზულად ვთანამშრომლობდით, ყველა უწყებასთან, იყო გარკვეული შენიშვნები და კანონპროექტიც გვაქვს იმ კონდიციამდე მიყვანილი, რომ პარლამენტს განსახილველად წავუდგინოთ. არის კითხვა – რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ბალანსის დაცვა ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის უფლებებს შორის. ცალმხრივად, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა გადაწყდეს საკითხი. ამით ჩვენ იმ ტენდენციასაც ავუბამთ მხარს, რომელიც, ზოგადად, ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. იქ ეს რეგულაციები ცხადზე უცხადესი და აუცილებელი კრიტერიუმია“, – აღნიშნავს ლევან იზორია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ზემოხსენებული შეზღუდვები შესაძლოა, მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ქვეყნის ეკონომიკაზე მაინც აისახება, რადგანაც ონლაინთამაშებიდან ბიუჯეტში არცთუ ისე ცოტა თანხა შედის. რაც შეეხება, ზოგადად, სათამაშო ბიზნესს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, სათამაშო ბიზნესის ბრუნვისა და მოგების მნიშვნელოვანი ზრდა 2011 წლიდან დაიწყო, რომლის დროსაც სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ – 3.2-ჯერ, ხოლო მიღებულმა მოგებამ 54-ჯერ გადააჭარბა 2010 წლის შესაბამის მაჩვენებლებს. კვლევის შედეგებით, საგრძნობი ზრდის ტენდენცია შენარჩუნდა 2012-2013 წლებში. ასევე, ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს აზარტული და სხვა ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა. ხოლო სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს. რაც შეეხება ბაზრის ძირითად მოთამაშეებს, ანგარიშის მიხედვით 2014 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით ბაზარზე მოქმედი საწარმოების საერთო რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. აქედან 32 მსხვილი საწარმოა.
“პრაიმტაიმი“ დაინტერესდა ამ ბაზარზე მთავარი მოთამაშეების პოზიციით. როგორ აისახება ონლაინთამაშების აკრძალვა მათ შემოსავლებზე? სამწუხაროდ, არც ერთმა კომპანიამ ამ საკითხზე განმარტების გაკეთება არ ისურვა. თავად ონლაინთამაშების მომხმარებლებს შორის კი აზრი ორად იყოფა.
ზაზა, 26 წლის: – პირადად მე ხშირად ვთამაშობ ონლაინში, ძირითადად პოკერს. წაგებით რაიმე ისეთი კატასტროფული თანხა არ წამიგია. უფრო დროის გაყვანისა და გართობის საშუალებაა, ვიდრე ფულის კეთების აზარტი. არ მესმის, რატომ უნდა აიკრძალოს, მთელ მსოფლიოში არსებობს ასეთი მომსახურება ინტერნეტში. კი, ბატონო, არასრულწლოვნებზე დაწესდეს შეზღუდვები, მაგრამ მთლიანად გაუქმება არა მგონია, სწორი გადაწყვეტილება იყოს. თუ ინტერნეტში ამას აკრძალავენ, „ტიპები“ წავლენ და კაზინოში დასხდებიან, სადაც უფრო დიდი ცდუნებაა და, ალბათ, გაცილებით მეტსაც წააგებენ.
ვახო, 16 წლის: – კი, ვთამაშობ, თანაც საკმაოდ ხშირად. ნარდსა და პოკერს ვთამაშობ ხოლმე ინტერნეტში. საბოლოო ჯამში, უფრო წაგებაში ვარ, ვიდრე მოგებაში. თუ აიკრძალება, სხვა რაღაც გამოჩნდება. ისე კი, არა მგონია, აკრძალონ, რაც მაგათ აქედან ფული შესდით, ვითომ უარს იტყვიან? მაშინ, საერთოდ, კაზინოებიც უნდა აკრძალონ. მე არ ვმუშაობ, სკოლაში ვსწავლობ ჯერ, მაგრამ ჩემები ფულს რომ მაძლევენ, იმით ვთამაშობ, იყო შემთხვევები, რომ მართლა „საკაიფოდ“ მოვიგე, მაგრამ მაინც წაგებაში ვარ.
ელმირა, 35 წლის: – პოკერსა და ნარდს ვთამაშობ ხოლმე ონლაინში. ზოგადად, აზარტული ადამიანი ვარ და ჩამითრია, ასე ვთქვათ. ვერ ვიტყვი, რომ დამოკიდებული ვარ უკვე ასეთ თამაშებზე, მაგრამ, როცა დრო მაქვს, სიამოვნებით ვერთობი ხოლმე და ხანდახან ვიგებ კიდეც. სხვათა შორის, დავაკვირდი, რომ ბოლო პერიოდში ქალებიც საკმაოდ აქტიური მომხმარებლები გავხდით ასეთი თამაშების. ისე, არ ვარ წინააღმდეგი, რომ აიკრძალოს, რადგან ბევრი ვიცი, ვინც ამ თამაშებს მიეჯაჭვა და პრაქტიკულად სახლიდან აღარ გადიან, 24-საათიან რეჟიმში თამაშობენ და აგებენ.
წყარო: “პრაიმტაიმი”