“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” – აუცილებელია საზოგადოებაში პოლიციელთა ავტორიტეტის ამაღლება
ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” ინფორმაციით, პოლიციის ოფიცრის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი წარსულში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე იყო დაკავებული. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებს.
“ჩვენთვის ცნობილია, რომ პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რამაზ. დ 2014 წლის 26 მაისს, წარსულში სწორედ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე იყო დაკავებული. რამაზ დ.-მ 22 წლის თარაშ მუკბანიანს სასიკვდილო ჭრილობა, ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში მიაყენა, შემდეგ კი წაქცეულ პოლიციელს ფიზიკურად გაუსწორდა. ბრალდებულმა ცეცხლნასროლი ჭრილობები კიდევ სამ პირს მიაყენა, დაზარალებულთა შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. აღიშნულიდან გამომდინარე, “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” მიიჩნევს, რომ აუცილებელია საზოგადოებაში პოლიციელთა ავტორიტეტის ამაღლება, რაშიც საზოგადოების თითოეულმა წევრმა უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა, რადგან სწორედ თითოეული პოლიციელი უზრუნველყოფს სახელმწიფოსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. განსაკუთრებული სისასტიკით მოკლული პოლიციელის მკვლელობიდან ორი დღე გავიდა, თუმცა არ გვსმენია საზოგადოების პროტესტი. გვაინტერესებს, სად არიან აღშფოთებული საზოგადოების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები? შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობისათვის დამნაშავეთა სამყაროს წევრების მიერ პოლიციელის მკვლელობა ჩვეულებრივი ფაქტია, ხოლო სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებისათვის შეაირაღებული წინააღმდეგობის გაწევის დროს დამნაშავის ლიკვიდირება მიუღებელი”, – ნათქვამია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგის” მიერ გავრცელებულ განაცხადებაში.