თეა წულუკიანი გიორგი მარგველაშვილს მიმართავს
„მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, დავსხდეთ კონსულტაციების მაგიდასთან, პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს შევთავაზოთ უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ის კანდიდატურა, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება“, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, ახალ კანდიდატურასთან დაკავშირებით მთავრობასთან და პარლამენტთან კონსულტაციები დაიწყოს.
“ვფიქრობ, ის დარჩენილი დრო, რაც ჩვენ გვაქვს ახალი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, მართლმსაჯულების ხელმძღვანელის შესარჩევად, არის ძალიან ცოტა, მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, დავსხდეთ კონსულტაციების მაგიდასთან, პრეზიდენტმა და მთავრობამ პარლამენტს შევთავაზოთ ის კანდიდატურა, ვინც ყველასთვის მისაღები იქნება. მე მჯერა, რომ ხელისუფლების არც ერთი შტო, არც პარლამენტი, არც მთავრობა და არც სახელმწიფოს მეთაური საქართველოს პრეზიდენტი, არ გახდიან ამ თემას განხეთქილების ვაშლად, რადგან ეს იქნება ძალიან დასანანი და საზიანო ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციური განვითარებისთვის”, – განუცხადა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, არ შეიძლება იმის დაშვება, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეუთანხმებლად წარდგენილი კანდიდატი, პარლამენტმა ჩააგდოს.
“ეს ჩემთვის იქნება ძალიან სამწუხარო, ამიტომ იმედი მაქვს, რომ მთავრობა, პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია, უმოკლეს ვადებში დავსხდებით კონსულტაციების მაგიდასთან და ერთმანეთისთვის მისაღებ კანდიდატურაზე ჩამოვყალიბდებით”, – აღნიშნა წულუკიანმა.