„მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ქართველი…“
„მომღერლები არ ბერდებიან, მათ გული არ უბერდებათ. რადგან სიმღერა თავისთავად საოცარი მოვლენაა. მას მოაქვს ჯანმრთელობა და სილამაზე. თვალები სხვაგვარად გიბრწყინავს და გჯერა ყველა ზღაპრის. გჯერა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების. მუსიკაა მთელი სამყარო…“ – მუსიკოსი ნინო ბაშარული.
– მუსიკასთან პირველი შეხება…
– პირველი შეხება?- პირველი ჰაერის ჩასუნთქვისთანავე. თუმცა, არ მისწავლია მუსიკალურ სასწავლებელში. მუსიკა ყოველი ადამიანის ქვეცნობიერშია, რამეთუ უფალმა სამყარო მუსიკის თანხლებით შექმნა. მის შექმნას მოანდომა შვიდი დღე და ღამე და სამყარო შექმნა შვიდი ძირითადი ფერისა და მუსიკალური ნოტის მეშვეობით. წარმოგიდგენიათ, როგორი მოსასმენია გალაქტიკაში არსებული ბგერათა გამა? რომელიც ვისთვის ხმაურია და ვისთვის უფლის მიერ შექმნილი კოსმიური სიმფონია. აი ეს უკვე, გემოვნების საკითხია. მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ…
– წერთ ლექსებსაც…
– ვწერდი. ახლა კითხვას ვამჯობინებ. როდესაც ორი ერთნაირად ძლიერი და ბობოქარი ხელოვნების არჩევანის წინაშე დგახარ, ერთი უნდა აირჩიო. მე ავირჩიე მუსიკა. ლექსებს კი მეუღლე წერს. პოეტია. ასე რომ, მე პოეზიის მშვენიერებას ყოველდღიურად ვეხები მაინც. მიწევს…
– რა მოაქვს თქვენს ცხოვრებაში მუსიკას და პოეზიას?
– მუსიკას მოაქვს მსმენელის სიხარულით მონიჭებული ჩემი უსაზღვრო ბედნიერება. ცნობილი გამოთქმაა, რომ მომღერლები არ ბერდებიან, მათ გული არ უბერდებათ. რადგან სიმღერა თავისთავად საოცარი მოვლენაა. მას მოაქვს ჯანმრთელობა და სილამაზე. თვალები სხვაგვარად გიბრწყინავს და გჯერა ყველა ზღაპრის. გჯერა სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების. მუსიკაა მთელი სამყარო და გულით მებრალებიან ადამიანები, რომლებიც ამ საოცარ ნეტარებას ვერ ან არ განიცდიან. გული მწყდება მათზეც, ვინც 24-საათიან რეჟიმში სხვათა განკითხვასა და დაცინვაში არიან. იმის მაგივრად, რომ უფლის საჩუქარი სიცოცხლის დრო, ამ საოცარი მუსიკის მოსმენაში დახარჯონ. თუმცა, ამას ძალიან დიდი სიბრძნე სჭირდება და დროთა განმავლობაში მჯერა, ამ სიბრძნესაც ეზიარებიან.
– გარემო, რომელიც თქვენთვის მუშაობისთვის აუცილებელია…
– გარემო? – სასაცილო სანახავია, როდესაც მე გიტარის ჰანგების ფონზე მუზა მომაწყდება ხოლმე და ახალი მელოდიის შექმნის დროს ჩემი მეუღლე მომენტალურად მიწერს ტექსტს. ამ დროს ჩვენი ორი წლის ლაზარე ფანჯრის შუშას გვილეწავს, მამამისის სახელოსნოდან მოპარული ჩაქუჩით. უფროსი ვაჟი კი მეორე ოთახიდან ბანს მაძლევს და მიჩუქურთმებს ახალ სიმღერას. ანსამბლ „ალილოს“ წევრია და სხვაგვარად არც შეუძლია. დანარჩენები როლებში შეჭრილი თამაშობენ „ვორკრაფტს“ ან „მორტალ კონბატს“ თუ, რაღაცას… ასეთი პირობების ფონზე ნამდვილ შედევრებს შექმნის კაცი, დამეთანხმებით… მადლობა ღმერთს, რომ განმარტოების საშუალებაც მეძლევა და ამ დროს ვარ სხვა განზომილებაში. მუშაობისთვის აუცილებელი ატრიბუტებია: სიმშვიდე, საკუთარ თავში ჩაძირვა და სუფთა ჰაერი.
– „ჯეოსტარი“ და, საერთოდ, კონკურსები – რა მოაქვთ და რას ტოვებენ თქვენს ცხოვრებაში?
– „ჯეოსტარი“ იყო საკუთარი ძალების გამოცდის სარბიელი. აგრეთვე, დიდი სცენის შეჩვევის კარგი საშუალება და სხვა არაფერი. მე სიამოვნებას და სიხარულს ვერ განვიცდიდი კონკურსის დროს, რადგან ვხედავდი, მღეროდნენ იმისთვის, რომ შემდეგ ტურში გადასულიყვნენ. „ჯეოსტარში“ ამ წნეხს ვერ გავუძელი. უკვე მალე მინდოდა, რომ დამეტოვებინა პროექტი. მივხვდი, ეს ის არ იყო, რისთვისაც ვისწრაფოდი. კონკურსს მოაქვს სხვათა დამარცხებით გამოწვეული მცდარი განსაკუთრებულობის შეგრძნება და არა ბედნიერება. მოსკოვიდან მირეკავენ ჩემი მეგობრები და დღემდე მთხოვენ, რომ „რუსეთის ხმაში“ მივიღო მონაწილეობა. მათ სჯერათ ჩემი გამარჯვების, მაგრამ, ზუსტად ამის გამო, რაც ზემოთ ავღნიშნე, თავს ვიკავებ. თუმცა, თუ გადავწყვიტე, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთის მუსიკალურ სამყაროს გავაცნო ჩემი შემოქმედება, რადგან ბაბუა იყო დედის მხრიდან რუსული წარმოშობის, აქ დაბადებული და გაზრდილი. ასე, რომ გენეტიკურ მოვალეობად ვთვლი, ჩემი სიმღერები რუსეთშიც გავაჟღერო. პროდიუსერი რომ მყავდეს, რა თქმა უნდა, კონკურსს საერთოდ ამოვიგდებდი თავიდან. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებ.
– ყველაზე საინტერესო კონკურსი…
– ყველაზე საინტერესო კონკურსი საკუთარ თავშია. დიდად სატელევიზიო კონკურსებს ვერ ვადევნებ თვალს. თუმცა, გამოვარჩევ „voice“-ს.
– ადამიანები თქვენს ცხოვრებაში…
– ძალიან მიყვარს ადამიანები თავიანთი ნაკლოვანებებითა და დადებითით. რადგან არც მე ვარ ანგელოზი. მეც ბევრი მინუსი მაქვს. მიყვარს თვითკრიტიკა. ზოგჯერ ადამიანის ნაკლოვანება ჩემთვის მიმზიდველია. ყველა სტანდარტულად კარგი ხომ ვერ იქნება. ნაკლოვანება უკვე ნიშნავს, გაქვს შანსი, გახდე იმ უნაკლოზე უკეთესი, ვინც სტაბილურად სულ კარგი და საყვარელი იყო. ბარიერებით და ბრძოლებით მეტად გამოიწრთობი. ასე, რომ თავისუფლად და ენთუზიაზმითაც კი ვმეგობრობ ყველა კატეგორიის ადამიანთან, მომპარავიდან დაწყებული მითიური ღვთაებით დამთავრებული. არ იცი, ვინ, როდის რა გმირობას ჩაიდენს. ყველა მიყვარს. მხოლოდ ერთ კატეგორიას ვერ ვცნობ – უმადურს. მას მთელი სამყარო რომ აჩუქო, სულ უკმაყოფილოა.
– მთა, ხევსურეთი…
– მთა, ეს ის დიდი ძალაა, სადაც ჩემი სული იკვებება. მე ფიზიკურადაც რომ ვერ მოვხვდე მთაში, საკუთარ თავში ვიძირები და უმაღლეს მწვერვალებს ვიპყრობ. ყველა ადამიანი რომ იცნობდეს საკუთარ სამყაროს, ომი არ იარსებებდა. მთა, ფშავ-ხევსურეთი, გუდამაყარი – თუშეთი ჩემთვის ქართული ლეგენდაა. ზღაპარი, სადაც ხშირად ვსეირნობ. ის, დიდ ენერგიას მაძლევს. ჩვენი კავკასიის მთები ეზოთერულ საიდუმლოებებს მალავენ. მათ განსაკუთრებული ძალა აქვთ. ამაზე საუბრობდნენ კიდეც ბრძენი ფილოსოფოსები. მე ბედნიერი ვარ, რომ მთიულური გენი მაქვს. ვერ ვძლებ ხოლმე დიდხანს სხვა ქვეყანაში. ჯიუტი და გამოუსწორებელი ვარ ჩემი სამშობლოს სიყვარულში. მსურს, რომ ადამიანები ამაში ვეჯიბრებიდეთ ერთმანეთს და არა მატერიალური ვალდებულებების და ძალაუფლების მოპოვებაში.
– ხალხის სიყვარული…
– ხალხის სიყვარული დაუძლეველი სენივით შეპყრობილი სიყვარულია. ხანდახან სულს მიხუთავს. მინდა, განვიკურნო მისგან, რადგან ვხედავ მათ ერთმანეთის მიმართ გაუტანლობას, მტრობას, შურს და მინდა, აღარ მიყვარდნენ. მაგრამ იქვე, ორ ნაბიჯში, ადამიანებში იმხელა სიყვარული გამოანათებს ხოლმე, რომ ტირილი მინდება. მადლობა ჩემს მეგობრებს, მსმენელებს, გულშემატკივრებს, მოკეთეებს იმ მზიანი სიტყვებისთვის, ჩემთვის რომ ემეტებათ. მოძულეებსაც მადლობა, რომ დროს მაინც მითმობენ, თუ სიყვარულს არა. ჩვენ – ქართველებს სიყვარულის დეფიციტი გვაქვს. ევროპულმა ზომიერებამ ჩვენი უანგარო, ზეადამიანური სიყვარული ერთმანეთის მიმართ შეანელა. ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს სტუმრად მისვლამდე მობილურზე დარეკვა. უფალი ხომ ისე, გაუფრთხილებლად სტუმრობდა და სტუმრობს ყველას. კიდევ ბევრი სხვა რამ არის, რაც გადმოვიღეთ ევროპიდან და ამაზე არ მინდა, ახლა საუბარი იმდენად გულს მტკენს. მანკიერებების ათვისებაში ქართველებს ბადალი არ გვყავს. მე ქართველი ვარ, მაშასადამე, ვარ ქართველი.
– ახალი წელი…
– როგორც ბავშვობაში ველოდებოდი თოვლის პაპას, ისე ველოდები ახლაც. ოღონდ გავიზარდე და უკვე სხვა დატვირთვა აქვს კეთილი თეთრწვეროსნის მოლოდინს. ტრადიციისამებრ, სახლში, ოჯახურ კერაში ვხვდებით. კონცერტში მონაწილეობაზეც კი უარი ვთქვი. შვილებთან ერთად ახალი წლის შეხვედრა უდიდესი ბედნიერებაა. ვერაფრის დიდებით ვერ მოვიკლებ ამ ბედნიერებას.
ახალი წელი საოცარი იქნება ჩვენთვის, თუ სიტყვას „საოცრებას“ მისი შინაარსისამებრ გავივლებთ თავში. ადამიანებმა სიტყვების უაზროდ გადაყრა ვისწავლეთ. მის მნიშვნელობას და არსს ვეღარ ვხვდებით. არც გვაქვს მოთხოვნილება ჩაწვდომის. უმეტყველოდ ვცვეთთ საკრალური მნიშვნელობის სასიყვარულო და სითბოს გამომხატველ სიტყვებს. ვუსურვებ საკუთარ თავს და ყველას, რომ ყოველი სიტყვა დაკვირვებით და გააზრებით ვთქვათ. სიტყვების კარმული ეპოქაა დამდგარი. სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ ყველამ. გილოცავთ ახალ წელს და გილოცავთ მთელი გულით და სულით ყველას. ჩემს საყვარელ მსმენელს კი ვუმზადებ საკუთარი სიმღერების ალბომს, რომელსაც გაზაფხულზე გამოვცემ. ალბომში ის სიმღერები შევა, რომლებიც მათმა სიყვარულმა დამაწერინა.
მზევინარ ხუციშვილი