ვინ არის მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის სამინისტროს ახლად დანიშნული სარდალი?
აღმოსავლეთ მიმართულების ახლად დანიშნულმა სახმელეთო სარდალმა ალექსანდრე კიკნაძემ ცხინვალში 2004 წლის 31 ოქტომბერს, ავტოავარიის შედეგად, მამაკაცი მოკლა,- ამის შესახებ „კვირას“ ექსკლუზიურ ინტერვიუში უსაფრთხოების ექსპერტმა და უშიშროების სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილმა მაღალჩინოსანმა კონსტანტინე ფორჩხიძემ განუცხადა. ფორჩხიძის თქმით, კიკნაძე არათუ არ დასჯილა მკვლელობის გამო, არამედ მის მიმართ ბრალიც კი არ ყოფილა წარდგენილი. როგორც ყოფილმა მაღალჩინოსანმა „კვირასთან“ საუბრისას განმარტა, კიკნაძის სასჯელის გარეშე გადარჩენა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მისმა სიახლოვემ განაპირობა. მისი თქმით, ცხინვალში მშვიდობისმყოფელთა ბატალიონის მაშინდელი მეთაური ალექსანდრე კიკნაძე მომხდარი ფაქტის შემდეგ პირიქით, მაშინდელმა ხელისუფლებამ დააწინაურა და თბილისში გადმოიყვანა.
„ავარია 2004 წლის 31 ოქტომბერს მოხდა. ავტომობილს ცხინვალში იმდროინდელი ქართული სამშვიდობო კონტინგენტის ბატალიონის მეთაური ალეკო კიკნაძე თავად მართავდა. ის დაეჯახა მოპირდაპირე მხარეს მოძრავ ავტომობილს, რის შედეგადაც ერთი მამაკაცი გარდაიცვალა. მიუხედავად ამ ფაქტისა, გამოძიება არ წარმართულა იმ კუთხით, რომ დამნაშავე დასჯილიყო. გავრცელებული ინფორმაციით, ბატონი ალექსანდრე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. მას პასუხიც არ უგია ამაზე. ის არამარტო პასუხისმგებლობას აარიდეს, არამედ თბილისში გადმოიყვანეს და დააწინაურეს. ეს დამსახურება იყო იმისა, რომ მას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ყოველთვის კარგი კონტაქტები ჰქონდა და წლების განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში მათ აქტიურ მხარდამჭერად ითვლებოდა. გამოძიებამ მისი ბრალეულობაც და ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტიც დამალა. ის არათუ გამართლდა, არამედ ბრალიც არ ყოფილა წარდგენილი მის მიმართ“, – განაცხადა კონსტანტინე ფორჩხიძემ.
ფორჩხიძის თქმით, მისი დანიშვნა უშუალოდ თავდაცვის სამინისტროს მისამართით გარკვეულ კითხვებს ბადებს – ბოლო პერიოდში თავდაცვის სამინისტროში კადრების დანიშვნასთან დაკავშირებით მრავალი კითხვა ჩნდება. უშიშროების სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანის განცხადებით, საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში ამ დრომდე ბევრი საბჭოთა ოფიცერი მუშაობს.
„საკვანძო თანამდებობებზე ინიშნებიან ყოფილი საბჭოთა ოფიცრები. ეს ძალზე საყურადღებოა დღეს, მაშინ, როდესაც ჩვენ მალე ევროპული ოჯახის წევრი უნდა გავხდეთ, ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას აგვისტოს თვემდე და ასეთი კადრების დანიშვნა, შესაძლოა, დიდ საფრთხეს წარმოადგენდეს არამარტო თავდაცვის სამინისტროსთვის, არამედ უშუალოდ ქვეყნისათვის. ახლახან კავშირგაბმულობის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა ნუკრი კაიშაური, პოლკოვნიკი, რომელმაც საბჭოთა კავშირის უმაღლესი სკოლა დამთავრა. ეს იყო სუკის კავშირგაბმულობის სკოლა ქალაქ არიოლში. შენარჩუნებული არიან ასეთივე ძველი კადრები. იგივე, მაგალითად, სოლომონ ქარჩაიძე ყოფილი საბჭოთა ოფიცერია და ისიც მკვლელობაზეა ნასამართლევი. მან 92 წელს იარაღის მიბჯენით მოკლა მე-11 ბრიგადის ზურგის უფროსი ზაზა თარგამაძე“,- განაცხადა კონსტანტინე ფორჩხიძემ.
ფორჩხიძის ვარაუდით, საქმე შეიძლება შესაბამისი სტრუქტურის არაკომპეტენტურობასთან გვქონდეს, რადგან მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო კონტრდაზვერვას უნდა ეკითხებოდეს, ხომ არ არსებობს მაკომპრომეტირებელი მასალები კონკრეტულ პირებზე, ვინც უნდა დაინიშნოს. მანვე არ გამორიცხა, რომ არაკომპეტენტურობასთან ერთად, რაიმე სხვა ინტერესიც არსებობდეს. მისივე თქმით, შესაძლოა, გარკვეული გავლენის საფეხურზე მყოფი პირები უშუალოდ ძალოვან სტრუქტურებში ასეთი ადამიანების დანიშვნას ხელს უწყობდნენ.
ცირა შერგელაშვილი