გურული ბიჭის ფიქრები, „გურულ დღიურებამდე“
მასზე არსებობს: ბევრი ჭორი – მართალიც და ტყუილიც. არაერთი სტატია – სუბიექტურიც და ობიექტურიც. უამრავი იარლიყი ერთი ადამიანის მიმართულებით, რომლის მიღმაც უფრო ბევრი საქმე, გეგმა და, ალბათ, შეცდომებიც არის. პერსონა – პარლამენტის ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.
– ფიქრები გურიიდან თბილისამდე…
– ზოგადად, ჯიუტი ადამიანი ვარ. ალბათ, ეს იყო, ამბიცია და ილუზიაც, რომ მქონდა უნარი და შესაძლებლობები, გარკვეული წარმატებისთვის მიმეღწია. ჩვეულებრივი ამბავია. თუ ადამიანს ეს განცდა არ აქვს, მსგავსი ტიპის ნაბიჯებს ვერ გადადგამს. თუმცა, მქონდა გარკვეული შიში – რამდენად დავძლევდი განსხვავებულ საზოგადოებას. ამ გადასახედიდან ვთვლი, რომ დიდი განსხვავება არ არის, თბილისისა და რეგიონის საზოგადოებას შორის, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, იმ გარემოებასთან შედარებით, სადაც მე ვცხოვრობდი, თბილისი კატასტროფულად განსხვავებული იყო. ამ შემთხვევაში, პროფესიული თვალსაზრისით მზაობას ვგულისხმობ. მაგალითად, ჩემი კურსელები ისეთ ავტორებს კითხულობდნენ, რომელთა შესახებ მე არაფერი ვიცოდი. გარკვეულწილად, შეიძლება ეს ჩემი ბრალიც იყო, თუმცა – დიდწილად იმ კონტექსტისა, სადაც ვცხოვრობდი. ჩემი არეალი იმ წიგნებით ამოიწურებოდა, რაც სახლში მქონდა და ამ წიგნებს იმეორებდა ბიბლიოთეკაც. ბუნებრივია, იმ წიგნებში ცუდი არაფერი იყო. ვკითხულობდი კლასიკოსი მწერლების შემოქმედებას და არა თანამედროვე ლიტერატურას. გარდა ამისა, ჩვენ სკოლაში, ძირითადად და ხშირ შემთხვევაში, არცთუ სათანადოდ ვეცნობოდით იმ ავტორებს, რომლებიც სასკოლო პროგრამაში იყო შესული. თუმცა, ვთვლი, რომ ეს არ იყო, მასწავლებლების დანაშაული. მათ შეიძლება ჰქონდათ პოტენციური უნარები და შესაძლებლობები სხვანაირად და უფრო კარგად წარემართათ თემები, მაგრამ გარკვეული ინერციის მსხვერპლნი იყვნენ, რომელიც პათეტიკურობასა და ფსევდოკანონიკურობას შორის მერყეობს. მაგალითად, „ვეფხისტყაოსანი“ სხვა რაღაცებით უფრო შეიძლება შეაყვარო მოსწავლეს, ვიდრე თემებით: „ქალთა სახეები“ და „მეგობრობა“… ამიტომ, მიუხედავად ჩემი ამბიციებისა, სხვა მზაობა მქონდა და თბილისში სხვა მოცემულობა დამხვდა, რომლის გადასალახავად ძალიან ბევრი შრომა, დრო, დაკვირვება და რისკი დამჭირდა.
– რისკი – მაგალითად…
– რისკში იგულისხმება ის, რომ მეორე-მესამე კურსზე უკვე ვცდილობდი, საკუთარი თავი მომენახა და, საერთოდაც, გადამეწყვიტა, რამდენად იყო ჩემი ძირითადი საქმე ის, რასაც შევეჭიდე. ალბათ, ისევ ჩემი ამბიციები ყოველთვის მიბიძგებდა, რაღაც სახის მოქმედებებისკენ. არ მაძლევდა უფლებას გავჩერებულიყავი და ჩავრთულიყავი ძალიან ბევრ ამბავში.
– ციხე – პირველი ადგილი, სადაც შენი პროფესიით მუშაობა დაიწყე…
– მაშინ მესამე კურსზე ვიყავი. ტასისი – ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროგრამა აფინანსებდა პროექტს. ორ მასწავლებელ ბიჭს ითხოვდნენ. მე და ჩემმა მეგობარმა მივიღეთ ამ პროექტში მონაწილეობა, გავიმარჯვეთ და დავიწყეთ ციხეში ქართულის სწავლება. მოგვიანებით გავშალეთ ეს პროექტი. ჩვენი ნიუანსები შევიტანეთ, რომლებიც განათლების სამინისტროს შევთავაზეთ. სხვა ჯგუფებიც ჩაერთნენ და ინგლისური, კომპიუტერიც კი შევიტანეთ, ქალაქ რუსთავის მეორე, ახლა მგონი 14 ზონაში. ვთვლი, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სიანტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ცოტა სხვანაირ ადამიანებთან მიწევდა მუშაობა, მე თვითონ პროფესიული თვალსაზრით პირველი ნაბიჯი გადავდგი. ჩემი საქმე, რომლის კეთებაც ყველაზე მეტად მომწონდა და ეს არ იყო მანდარინის გაყიდვა ბელაქანში.
მართალია, უნივერსიტეტში პედაგოგიკას გვასწავლიდნენ და პრაქტიკებზე დავდიოდით სკოლაში. ფორმალური გამოცდილება მქონდა, როგორ იგებოდა გაკვეთილი, მაგრამ პროფესიონალიც რომ ვყოფილიყავი, ციხეში არაფერში გამომადგებოდა. იქ სულ სხვანაირი გარემოა.
– როგორი გარემო დაგხვდათ და რით დაიწყეთ?
– შიში არ მქონდა, რადგან ჩემში არის რაღაც მოცემულობა, რომელიც გულისხმობს სიამოვნებას გამოწვევებით. პირველივე შესვლაზე გრძნობ ამ სივრცის უცნაურობას. მიუხედავად იმისა, რომ ერთი რკინის კარია, რომელიც შეიძლება ნებისმიერ ოთახს მიამაგრო. გხვდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, ცოტა განსხვავებული ფსიქოლოგიური მოცემულობით.
როგორც გითხარით, პროექტი ევროკავშირმა მოამზადა და თავისთავად ყველაფერი დაგეგმილი იყო. გამოკითხვა ჩაატარეს წინასწარ და პროექტში ჩართულობის მსურველები აღმოჩნდნენ. სხვათაშორის, რამდენიმე ადამიანი გამოვიდა და დღემდე ვმეგობრობთ. ერთ-ერთი მათგანი მხატვარი ირაკლი ცაბაძეა, რომელიც დღემდე ჩვენთან, პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოფენებს აწყობს.
პირველად, მათ შევეკითხე, რა აინტერესებდათ. პასუხები სხვადასხვაგვარი მივიღე. მართალია, ეს არ უთქვამთ, მაგრამ, ადვილად შესამჩნევი იყო, რომ მათ აინტერესებდათ, კარგი გაგებით დროის გაყვანა და ინგლისურის სწავლა – რესოციალიზაცია. მახსოვს, ერთი კაცი მოვიდა, ჯონ ლენონის ფანი. მოიტანა სიმღერა„Imagine“-ის ტექსტი. ვუთარგმნეთ და გავატანეთ. მასზე ბედნიერი ალბათ, არავინ იყო. თუმცა, მოგვიანებით დავამატეთ ინგლისურის და განცხადებების წერის შესწავლა.
ვსაუბრობდით დათა თუთაშხიას ფენომენზე; რატომ ყალიბდება ადამიანი ყაჩაღად; რას ნიშნავს ეგრეთ წოდებული კარგი და ცუდი ყაჩაღები. განვიხილავდით სტენადალის „წითელ და შავს“ და ვცდილობდით, აქედან დაენახათ სამყარო, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ. ვსაუბრობდით ლიტერატურაზე, როგორც ფსიქოლოგიურ მოვლენაზე, რაც ახლოს იყო მათ პრობლემასთან. მართალია, დანაშაული ჩაიდინეს, მაგრამ ამისთვის რაღაც წინაპირობა და განცდები ჰქონდათ.
– წიგნები ჰქონდათ?
– რაღაც წიგნები ჰქონდათ ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკის დირექტორი რომ გავხდი, ჩვენც ჩავიტანეთ. ახლა გვაქვს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ყველა ციხეში თანამედროვე ბიბლიოთეკის გაკეთებას. მათ შორის კომპიუტერებით უზრუნველყოფას.
– ჟურნალი „ლილ“…
– ციხეში მუშაობის პარალელურად უნივერსიტეტში, მე და ჩემი მეგობრები საკუთარი ხარჯებით ვაკეთებდით ჟურნალ „ლილ“-ს, რომელშიც ჩვენი სტუდენტების, ნიჭიერი ახალგაზრდების და ჩემი თაობიდან დღეს უკვე აღიარებული ადამიანების მიერ მომზადებულ, სერიოზული ავტორების თარგმანებს ვბეჭდავდით.
დღეს შეიძლება ჟურნალი არავის არაფერს არ ეუბნება, მაგრამ მაშინდელი უნივერსიტეტის ცხოვრებაში მართლა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. სრულიად განსხვავდებოდა ტიპური საუნივერსიტეტო გამოცემებისგან, რომლებიც დაშტამპული იყო გარკვეული ნიშნით. ჩვენ თავისუფლად ვქმომედებდით. ძალიან ბევრი ვიწვალეთ, რომ საკუთარი ნიშა დაგვემკვიდრებინა.
სანამ ფულს ვიშოვიდით მის გამოსაცემად: ბევრი გზა მოვსინჯეთ: მაგალითად, მე და ჩემს მეგობრებს გადაგვიტანია მანდარინი ნატანებიდან ბაქოში გასაყიდად. სხვა საკითხია, რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს საკითხი თავისი კომიკური ნიუანსებით, მაგრამ გამოცდილებისთვის კარგი იყო. ასეთი ნიუანსური გამოცდილებები ბევრი მქონდა.
ამ ჟურნალს უკავშირდება უცნაური მოგზაურობაც, რომელსაც დღეს პირველად თქვენ გიყვებით. ცხადია არავითარი პოლიტიკური კონტექსტი ამ ამბავს არ ებმის, საამისოდ, სულ მცირე, კარგა ხნის მომხდარია. თანაც, ეს ცალმხრივი პროცესი იყო. მეორე ადამიანს ამის შესახებ არასდროს გაუგია. მაშინ, ბიძინა ივანიშვილი – ეს სახელი და გვარი ასეთი ცნობილი არ გახლდათ, მაგრამ ვიცოდით, რომ მას ფული ჰქონდა. დაფინანსების ადვილად მოძიების ინფანტილური მიდრეკილებები ჯერ კიდევ გვქონდა და გადავწყვიტეთ, დახმარება გვეთხოვა. რატომღაც ასე ხდება, რთული ამბები ყოველთვის მე მბარდება და გამამგზავრეს: სოფელ ჭორვილაში 50 ლარით წავედი, რომელიც განკუთვნილი იყო მგზავრობისთვის და ღამის გასათევი ადგილისთვის. სამარშუტო ტაქსით ჭიათურის გადასახვევამდე ჩავედი და სატვირთო მანქანას სოფელ კორბოულამდე გავყევი. იქიდან კიდევ რაღაცას… ადგილზე არავინ იყო და ადგილობრივ მღვდელთან მივედი, რომ ეგებ ვინმეს გზა მიესწავლა, ვინც ამ საკითხებს კურირებდა. მასთან დღეში ალბათ, ასობით ადამიანი მიდიოდა გაჭირვების, ავადმყოფობის და სხვადასხვა საკითხის გამო. გასაკვირიც არ არის, რომ ჩემი პროექტი აქ ძნელად მოსატანი იყო. პატიოსნად მითხრა, რომ ამგვარი წერილები „ქართუს“ ფონდში უნდა მიმეტანა. უკან მოწყენილი დავბრუნდი. ღამე ვიღაც კაცთან, სადღაც ვაგონში გავათენე, რომელიც გზაგასაყარზე იდგა. რამდენიმე ოჯახში, სადაც უნდა გავჩერებულიყავი, გოგო ჰყავდათ და მამაკაცს არ ტოვებდნენ. იმ ღამით არ მიძინია, მანდარინის და სხვა ამბების გადაბმით მივხვდი, რომ არასდროს უნდა დანებდე, ოღონდ ყველაფერი შენი გასაკეთებლია. ნებისმიერი საქმე, რომელიც გიყვარს და გინდა გააკეთო, აუცილებლად გამოვა, თუ მოინდომებ და ყველანაირ რესურს ჩადებ. ცოტა სახალისო, ცოტა მძიმე გამოცდილების შემდეგ, მე და ჩემი მეგობრები მზად ვიყავით ცხოვრებისთვის სწორად გვეცქირა.
ამის შემდეგ „ლილ“-ის 12 ნომერი გამოვუშვით, რადგან შეუძლებელი იყო, ციხის ხელფასით მუშაობის გაგრძელება. ფაქტობრივად არაფერი გვრჩებოდა ხელფასიდან. 2005 წლის ბოლოს ჟურნალი „ლილე“ ელექტრონულ ბიბლიოთეკად „ლიბ.გე“ გადაკეთდა, რომელიც დღემდე არსებობს და მალე ახალ ფორმატს შეიძენს.
– ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი – რამდენად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება?
– ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის ადგილი დიდი ხნის განმავლობაში იყო ვაკანტური. ჩემი კანდიდატურა კახა ბენდუქიძემ ურჩია პარლამენტს, რომელთანაც მე თავისუფალ უნივერსიტეტში ვთანამშრომლობდი – ლექციებს ვკითხულობდი. მაგისტრატურა უკვე დამთავრებული მქონდა, ვიყავი „საბას“ ლაურეატი. სხვათაშორის, კახა ბენდუქიძეს უნდოდა „ლიბ.გე“ თავისუფალი უნივერსიტეტის პროდუქტად ექცია. გვქონდა მოლაპარაკებები, რიგ შემთხვევაში საკმაოდ მძიმეც. ვერ ვთანხმდებოდით და ვერც შევთანხმდით. „ლიბ.გე“ დარჩა ისე, როგორც იყო – ჩვენს მფლობელობაში.
მის წინადადებაზე ერთი თვე ვიფიქრე, ჩემი გეგმა გავუგზავნე, მან პარლამენტს აჩვენა და დავთანხმდი. ვთქვი, რომ მივიღებდი ამ გამოწვევასაც. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ, მე პოლიტიკაში გარეული არასდროს ვყოფილვარ და არც სურვილი მქონდა. სამწუხაროდ, საქართველოში ამგვარი ტიპის დაწესებულებებიც კი გულისხმობს, რომ შეიძლება პოლიტიკურ ამბავში გაერიო. მაგრამ ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩემი ბიბლიოთეკის დირექტორობა არანაირ პოლიტიკურ აქტივობას არ გამოიწვევდა. ჯერჯერობით მსგავსი პრობლემა არ შემქმნია, – არც ახალ და არც ძველ მთავრობასთან. ვერცერთი ადამიანი ვერ გაიხსენებს რომ ბიბლიოთეკამ პოლიტიკური შეხედულების გამო შეზღუდა. ეს ასეც გაგრძელდება.
მეორე პრობლემად ის იდგა, რომ საჯარო სამსახური გარკვეულწილად რეგულირებულია, რომელიც ინტერპრეტაციების ნაკლებობას და რუტინის სიჭარბეს გულისხმობს. შესაბამისად, ასე ადვილად არ მიმიღია გადაწყვეტილება. გარდა ამისა, ანაზღაურება მნიშვნელოვნად მომაკლდა, ვიდრე მქონდა. თუმცა, არ ვნანობ, რადგან ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვემსახურები. მინდა ეროვნული ბიბლიოთეკა თანამედროვე ევროპული ტიპის დაწესებულებად ჩამოყალიბდეს. ამიტომ, არასდროს ვწუწუნებ იმ სირთულეებზე, ხანდახან უსაფუძვლო კრიტიკაზე და ლანძღვაზეც, რომელსაც არ იშურებენ.
– ძალიან შორს წაგვიყვანს იმ პროექტებზე საუბარი, რომლებიც ბიბლიოთეკაში განახორციელეთ. თუ შეგიძლია, რომელიმე მათგანი გამოარჩიო?
– რამდენიმე პროექტს შევეხები. ერთ-ერთი მათგანია დიგიტალიზაციის გააქტიურება – დაწყებული ფოტომატიანედან, ჩვეულებრივი ტიპური გამოცემების გაციფრებით დამთავრებული. ჩვენ გავაკეთეთ, თანამედროვე საბიბლიოთეკო ტექნოლოგიების ცენტრი, სადაც არის ძალიან დიდი ლაბორატორია.
მეორე ეს არის ის, რომ ბიბლიოთეკა აქტიური სხეული გახდა და ალბათ არ არსებობს ძირითადი ღონისძიებები, რომლებიც აქ არ იმართება.
მესამე – ჩვენ შემოვიყვანეთ ძალიან ბევრი კერძო ბიზნესის წარმომადგენელი და ბიბლიოთეკის გარემონტებაში გვეხმარებიან.
მეოთხე – გარე აქტივობები. ჩვენ არაერთ სოფლის ბიბლიოთეკას გადავეცით წიგნები და კომპიუტერები, მსოფლიოს 25 სხვადასხვა ქალაქში გავხსენით ქართული წიგნის კუთხე.
აგრეთვე, გავხსენით ყველაზე დიდი ელექტრონული დარბაზი საქართველოში და რამდენიმე მუზეუმი, რომელიც ძალიან მალე იქნება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
ეს, ძალიან ცოტაა იმ პროექტებიდან, რაც განვახორციელეთ.
– წერისთვის გრჩება დრო?
– ძალიან ცოტა, მითუმეტეს იმ ადამიანისთვის, რომელიც ფიქრობს, იყოს პროზის მწერალი. მაგრამ ასე აეწყო ჩემი ცხოვრება და ჯერჯერობით ყველაფერს ვუთავსებ ერთმანეთს.
– გურია…
– გურიას ბავშვობის მერე, მეორედ დავაკვირდი, როცა „გურულ დღიურებზე“ ვმუშაობდი. ბევრი სხვადსხვა ნიუანსი აღმოვაჩინე. ერთია, როცა ბავშვი უყურებ და მეორე უკვე ზრდასრული ადამიანი – საშუალება გაქვს გურიის გაცილებით მეტი სოფელი ნახო. თვისობრივად სხვადსხვა სახეები დავინახე. ბუნებრივია, რაღაცები ემთხვეოდა ერთმანეთს, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, სადაც მე ვიზრდებოდი. ამ წიგნის წარმატებასაც ხელი სწორედ იმან შეუწყო, რომ ეს არის სინთეზი იმისა, თუ, როგორ ხედავს ბავშვი თავის დროინდელ ამბებსა და როგორ ხედავს ადამიანი, რომელიც უკვე შორიდან აკვირდება იმ ყველაფერს. დღიურები სრულიად პირობითი სათაურია. ეს არ არის კლასიკური პროზა. ეს არის ტიპური ესეისტიკა მხატვრული ჩართულობებით და გარკვეულწილად გარდამავალი ხიდი პოეზიიდან პროზამდე.
– ახალი წელი – ადამაინებს, ყოველთვის გვაქვს მოლოდინის შეგრძნება…
– 90-იანმა წლებმა განაპირობა ასე, რომ ახალ წელს 12 საათამდე, 15 წუთით ადრე უნდა მოსულიყო შუქი. ეს განცდა ისეთი ძლიერი იყო, რომ ვფიქრობ, რაღაც ასეთი მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა მოხდეს, რომელიც წელიწადში ერთხელ ხდება. შუქი მოდიოდა და ტელევიზიის მხოლოდ ორი ალტერნატივა იყო – საქართველოს და რუსეთის პირველი არხები. სადაც გადაცემები, ძირითადად, ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ ყველაფერს დიდი სიამოვნებით ვიმეორებდი. ისე კი, გურიაში კალანდობისთვის უფრო ემზადებიან, რომელიც 14 დღეში მოდის და პომპეზურად აღინიშნება.
ჩემი მოლოდინები განპირობებულია ჩემი გეგმების მიხედვით და როდის დაიწყება ათვლა, მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები საკრალური და რიტუალური ტიპის არსებები ვართ. გვინდა, არსებობდეს მიჯნები, რომლის უკან რაღაცებს წავშლით. ყველაფერი კარგი კი გვინდა მომავალ წელს მოხდეს. ვისურვებდი, ასეც იყოს, არა მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, ყველას თანაბრად კარგს ვერ ვუსურვებ. ცხადია, ნებისმიერი ადამიანი, რბილად რომ ვთქვათ, ერთნაიარად არ მიყვარს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათთვის ცუდი ჩავიფიქრო. მეტიც, დიდად გამიხარდება, თუ უკეთესები გახდებიან.
მზევინარ ხუციშვილი