„საკანონმდებლო ბაზა საქართველოში არქეოლოგიურ ძეგლებს ვერ იცავს“

საინფორმაციო- ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ მარინა მიზანდარმა, არქეოლოგმა, ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში იულონ გაგოშიძემ და არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა საყდრისის გარშემო განვითარებულ მოვლენებსა და არქეოლოგიური ძეგლების დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
„საკანონმდებლო ბაზა საქართველოში ძალიან სუსტია და, შესაბამისად, ვერ იცავს არქეოლოგიურ ძეგლებს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა გოდერძი ნარიმანიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი თქმით, ის, რაც საქართველოში არქეოლოგიურ ძეგლებთან მიმართებაში ბოლო დროს ხორციელდება, კულტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების პასუხისმგებლობაა.
„ საკანონმდებლო ბაზა საქართველოში ძალიან სუსტია და, შესაბამისად, ვერ იცავს არქეოლოგიურ ძეგლებს, მაშინაც კი, როდესაც შესაძლებელია არსებული კანონის ფარგლებში მოქმედება, სახელმწიფო ორგანოები ვერ იქცევიან სათანადოდ. ის, რაც ბერი კლდეებზე მოხდა 2014 წელს 7 იანვარს, განახორციელა „არემჯი გოლდმა“, როდესაც საყდრისი – ყაჩაღიანზე დაიწყო უკანონო სამუშაოები. მან ისე დაიწყო მსხვილი სამუშაოები, რომ არ ჰქონდა კულტურის სამინისტროს დასკვნა. არც ბერი კლდეებზე და არც საყდრისზე კომპანიებს არ ჰქონიათ კულტურის სამინისტროს შესაბამისი დასკვნა, რომ სამუშაოები დაეწყოთ. კარიერის და მადნის მოპოვების შემთხვევაში ყველა ვალდებულია, აიღოს ნებართვა კულტურის სამიინისტროდან, რაც ამ კომპანიას არ ჰქონია. ეს კანონდარღვევაა. ეს კულტურის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა გოდერძი ნარიმანიშვილმა.
არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის სისტემაზე გააკეთა აქცენტი საქართველოს ყოფილმა მინისტრმა დიასპორის საკითხებში, არქეოლოგმა იულონ გაგოშიძემ.
გაგოშიძემ ის ისტორიული ძეგლებიც გაიხსენა, რომლებიც უკანონოდ განადგურდა.
„ ქარელში 400- ზე მეტი სამარხი გაითხარა ქრისტეშობამდე მესამე და მეორე ათასწლეულისა. ჩვენს თვალწინ დაინგრა შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი, შუა ბრინჯაოს ხანა არის ქრისტეშობამდე მეორე ათასწლეულის პირველი ნახევარი. 4000 – დან 3 500 წლამდე ასაკის ყორღანი. უფრო ადრე დაუნგრევიათ ხალკოლითის ხანის სამარხი. ეს გამოუსწორებელი შეცდომაა. ანალოგიური შეცდომა იყო არაგვის ხეობაში, სადაც გზის მშენებლობის დროს აგრეთვე ძალიან კარგი სამარხი დაინგრა, ამის მსგავსია ის, რაც საყდრისში მოხდა. რეფორმა უნდა გატარდეს, აუცილებელია არქეოლოგიური მემკვიდრეობის დაცვის სისტემა შეიცვალოს. უნდა შეწყდეს მოპოვებითი სამუშაოები, გამოიყოს თანხები და გაგრძელდეს შესწავლა და არქეოლოგიური გათხრები“,- განაცხადა იულონ გაგოშიძემ.
ისტორიული და არქეოლოგიური ძეგლების დაცვის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილმა მოადგილე, მარინე მიზანდარმაც. მისი თქმით, იმით, რაც კულტურულ ძეგლებთან მიმართებაში ხდება, ირღვევა ის საერთაშორისო კონვენციები, რომლებსაც წლების მანძილზე მიერთებულია საქართველო.
„ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას არა აქვს სახელმწიფო ხედვა, მას არ ესმის კულტურული მემკვიდრეობის როლი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის. არ ხორციელდება ის, რაც დღეს კანონით არის გაწერილი. ირღვევა საერთაშორისო კონვენციები, რომლებსაც წლების მანძილზე მიერთებულია საქართველო. ეს არის იუნესკოს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ, ეს არის ფაროს კონვენცია კულტურული მემკვიდრეობის შესახებ… მსოფლოში უძველესი მაღაროს განადგურებას ხელისუფლება ამართლებს 3 000 კაცის დასაქმებით. სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სწორედ კულტურულ მემდკიდრეობას იყენებს კაცი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს გრძელვადიან სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. უნდა შეწყდეს ამ არქეოლოგიურ ობიექტზე ყოველგვარი სამუშაო, რომელიც უამრავ ინფორმაციას მოიცავს და ძალიან დიდი ღირებულების მატარებელია“,- განაცხადა მარინე მიზანდარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები