„ევროპა – ის კომპეტენციას არ გიკარგავს…“
„შენს რუბრიკას პერსონა ქვია, ხომ? ჰოდა, რადგან ჟურნალისტიც ვარ და რესპონდენტიც, მოდი, მე თვითონ ავარჩევ ფორმატს. არ ვიცი, როგორ, მაგრამ ვცადოთ. ჩვეულებრივი სტანდარტული ინტერვიუ რომ არ გამოვიდეს, ფორმა შევცვალოთ. ჩემზე კი არ მოვყვები, არამედ ჩემს ირგვლივ ადამიანებზე, რომლებიც აღფრთოვანებას არ მინელებენ.
როცა როკკლუბში ვაკეთებდი „არტ საღამოებს“ (ეს იყო ლიტერატურის და მუსიკის სიმბიოზი), მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სამ წელზე მეტი გაგრძელდა, ჩემი საყვარელი პოეტის საღამო არ გამიკეთებია, რომელიც ყველაზე საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. ახლა, როცა ჩემი ბლოგი მაქვს, ვწერ თემებზე და ადამიანებზე, არ დამიწერია ძალიან საინტერესო შეხვედრებზე. ალბათ, ეს შიშის ერთ-ერთი ფორმაა.“ – ეკატერინე ლემონჯავა.
– შიში ნევროზის ერთ-ერთი სახეობაა…
-ჰო, მაშინ, შიშის კლასიფიკაციის მიღმაც არსებობენ შიშები, არანევროზული.
– მოდი, თემატურად მივიდეთ იმ ადამიანებამდე და როკკლუბით დავიწყოთ…
– როკკლუბი. ეს იყო ერთადერთი ადგილი საქართველოში, რომელიც ორიენტირებული იყო არაფორმალური კულტურის, როგორც შექმნის, ისე ტირაჟირების პროცესზე. ეს პატარა, 80 კვ. მეტრის სარდაფი განუმეორებელი აღმოჩნდა თავისი უნიკალურობით. ვგულისხმობ, შემოქმედებისა და თავისუფლებისადმი დამოკიდებულების ხარისხს. ახლა, როცა თითქმის სამი წელი გავიდა კლუბის დახურვიდან, მისი შეფასებისას მე ვამბობ, რომ როკკლუბმა, თანამედროვე ქართული სუბკულტურის მხარდაჭერის გარდა, ახალგაზრდებში წიგნის კითხვის კულტურა დანერგა. ამაზე სახელმწიფო პროგრამები დგება, დეპარტამენტები მუშაობენ და სპეციალურ პროექტებს ახორციელებენ. ამას როკკლუბი საკუთარი ინიციატივით აკეთებდა. უფრო მეტიც, ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდულ საქმეთა პოლიტიკას ქმნიან (ეს გახლავთ სპეციალური სახელმწიიფო პროექტი, რომელიც ყველა ასაკის და კატეგორიის ახალგაზრდასთან მუშაობის პოლიტიკას ადგენს და ახორციელებს), არასდროს გახსენებიათ სუბკულტურები. არათუ ჩვენი ტიპის ქვეყნებში, ისეთ ქვეყნებშიც კი, როგორიც არის: საფრანგეთი, ნორვეგია, შვედეთი, მთავრობები ყველაფერს აკეთებენ არაფორმალური კულტურების მხარდასაჭერად. მესმის, რომ ჩვენ, როგორც სახელმწიფო, შექმნის პროცესში ვართ. ამიტომ, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ არ მესმის არასწორი პრიორიტეტების, სანაცნობო პრივილეგიების, კომპრომისების, რომელიც საქმეს აჩერებს. ასევე არ მესმის არაკომპლექსურობის, როცა ერთის გაკეთება აუცილებელია და მეორის გადადება შეიძლება.
– მახსოვს, ერთხელ თქვი, რომ ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია ფენა, რომელიც პოსტსაბჭოთა მენტალიტეტის მატარებელი არ იყოს…
– თუკი, მაგალითად, ქართული ლიტერატურის ისტორიას გადახედავთ, გასული საუკუნის 20-30-იანი წლებიდან მოყოლებული, ვნახავთ, რომ პოეტები და მწერლები, რომლითაც ჩვენ ვამაყობთ (მხოლოდ რამდენიმე მათგანია გამონაკლისი), ყველაზე მეტად ასმენდნენ სხვა ადამიანებს, ან სხვა ფორმებით ერგებოდნენ კონკრეტულ რეალობას. ისინი დღემდე ჩვეულებრივი კომფორმისტები არიან და საზოგადოების სხვა ნაწილისგან განსხვავებით უბრალოდ, წერენ. ზოგი ცუდად, ზოგი უარესად და იშვიათად, კარგად. ყოველთვის მეგონა, რომ მუსიკოსის და ლიტერატორის, ანუ, ადამიანებისთვის, რომლებიც აღქმის განზომილების შექმნის პროცესში არიან, მორალური ან თავისუფლების ხარისხი სხვა უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, მე მაქვს არასწორი დამოკიდებულება. მაგრამ, თუკი ეს არ გაგაჩნია და არც ნაწერით გამოირჩევი (ან მუსიკით), მაშინ სინდისი მაინც უნდა გქონდეს და მხოლოდ საკუთარ ოთახში დააბოლე სივრცე, რომლითაც სუნთქავ. მაგრამ საბჭოთა სისტემამ სინდისის დეფინიციაც შეცვალა და ჩვენ კიდევ იმ განსაზღვრებებით ვცხოვრობთ. ევროპა ევროკავშირში გაერთიანება კი არ არის, თავისუფლება და შესაძლებლობების გამოყენებაა. ამიტომ, საქართველოდან ევროპამდე იმაზე დიდი მანძილია, ვიდრე საქართველოს სახელმწიფოდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
– შენი ევროპა საქართველოდან წასვლის შემდეგ დაიწყო?
– ალბათ, არა. ჩემი ევროპა საქართველოშივე რომ არ დაწყებულიყო, დავრჩებოდი მშვიდი და ბედნიერი, ისე, როგორც ძალიან ბევრი, რომლებიც უშიშროებასთან და პოლიციასთან თანამშრომლობენ, როგორც მონები ან სხვადასხვა შეკვეთილი მოქმედების მონაწილეები, ან დამდგმელები და სანაცვლოდ იღებენ ხელფასს, თუ მოგვარებულ ცხოვრებისეულ პრობლემებს. მე ბოდიში მოვუხადე საქართველოს იმის გამო, რომ ვერ შევდექი კონსპირაციული აგენტი, რომელიც თურმე ჩემი სახით სჭირდებოდა სამშობლოს და დავტოვე საქმე, ოჯახი, მეგობრები. წავედი ევროპაში, რომელსაც მე არ ვიცნობდი. სხვათა შორის, ჩემი საქმე დღემდე გენერალურ პროკურატურაშია და ის ადამიანები, რომლებმაც ჩემ მიმართ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ისევ კუდში მუშაობენ. განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს ჩემი საქმის გამოძიებისადმი. 2012 წელს გენერალურ პროკურატურაში შეტანილ ჩემს საჩივარს არ ვანახლებ. მეგის ქარდავას, რომელიც მასობრივ წამებასა და სასტიკ მოქმედებებში იყო ბრალდებული, ბრალი დაუმტკიცდა და 3 წელი და 9 თვე მიესაჯა. ბევრი პოლიციელი, რომელთაც დანაშაული ძალიან მარტივად დაუმტკიცდებოდა, ციხიდან გამოუშვეს, იმიტომ, რომ მათ ითანამშრომლეს გამოძიებასთან. ადამიანები კი, რომლებსაც ამ ძალოვანებმა სიცოცხლე გაუმწარეს, ცხოვრება აურიეს, მიაყენეს ფიზიკური და სულიერი ტრავმა, ღირსება შეულახეს და ზოგი მოკლეს კიდეც, თითქოს არ არსებულან, ისე უგულებელყო ჩვენმა კოჰაბიტირებულმა მთავრობამ, რომელმაც მითხრა, რომ თურმე ჩემი დაკვეთა ყოფილა ეს.
– შემდეგ რა მოხდა ევროპაში?
– საქართველოში ძალიან ბევრმა, მათ შორის პოლიტიკოსმაც, არ იციან რა არის ევროპა. ინფორმაცია, რომელსაც მაწვდიან, ევროპაზე არ არის კომპეტენტური. უნდა უთხრან ხალხს, რომ არც ევროპა და არც ამერიკა იდეალური არ არის, მაგრამ ეს არის ის მაქსიმუმი, რაც დღემდე შეძლო შეექმნა ადამიანის გონებას და მონდომებას, რომ უკეთესის ქონა აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული.
მიმდინარე წლის იანვარში საბერძნეთის მისადგომებთან, ერთ-ერთ კუნძულზე მესაზღვრეებს უცხო ქვეყნის მოქალაქეები რომ არ მიეღოთ, ისინი ჩახოცეს – 16 ქალი და ბავშვი. ერთ თვეში იგივე მოხდა ესპანეთში. შარშანწინ ნოემბერში ისევ ესპანეთში ხუთმა პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი იმიტომ სცემა, რომ გეი იყო – ის გარდაიცვალა. მე პოლონეთმა დამაკავა საჰაერო სივრცის არალეგალური გადაკვეთის ბრალდებით და ვცხოვრობდი თანამედროვე საკონცენტრაციო ბანაკში.
სამი კვირის წინ ჩემი კამერუნელი მეგობრის ტყუპი ძმისშვილები დაიღუპნენ იტალიის საზღვრებთან, დანარჩენ 36 ადამიანთან ერთად. ჯერ არ ვიცი ზუსტად, მესაზღვრეებმა ჩახოცეს თუ ტექნიკური პრობლემის გამო დაიღუპნენ.
ანუ, ევროპა არ ნიშნავს იმას, რომ იქ პრობლემა არ არსებობს. ევროპა ნიშნავს იმას, რომ პრობლემის მოგვარების შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი ტიპის სახელმწიფოებში.
მე, საქართველოს მოქალაქემ პოლონეთის მიგრაციის ისტორიაში ყველაზე დიდი საპროტესტო აქცია მოვაწყვე, რომელიც ისეთი მასშტაბური იყო, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში მხარდამჭერი მიტინგები გამართეს. პოლონეთის მთავრობა იძულებული გახდა, მონიტორინგის ჯგუფი შეექმნა, რომელმაც რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ დადო დასკვნა: „Migration is not a crime“. ამ დასკვნის საფუძველზე პოლონეთში კანონი მიგრაციის შესახებ შეიცვალა.
ეს არის ევროპა – ის მუდამ მზად არის, მოგისმინოს და შეიცვალოს.
პოლონეთის საპროტესტო აქცია იმდენად გახმაურებული იყო, რომ როცა გაეროში კოფი ანანის მიერ დაარსებულმა ორგანიზაციამ ვენაში, გაეროში ჩაატარა კონფერენცია და ფორუმი თემაზე: „მიგრანტების უფლებები ევროპის ქვეყნებში“, მე მომიწვიეს პოლონეთის შესახებ მომხსენებლად.
ეს არსი ევროპა – ის კომპეტენციას არ გიკარგავს.
როცა ევროპაში გავაკეთე მოწოდება, რომ საჭირო იყო დოკუმენტური ფილმის შექმნა პოლონეთზე, როგორც მაგალითზე, რომ უკეთესად გახდომა ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენიმე რეჟისორი გამომეხმაურა.
ეს არის ევროპა – ისინი არ კითხულობენ, ვისი შვილი ხარ, ვისი საყვარელი და ბიძა ვინ არის, ან ვინ დაურეკა „ჩემიანია, მიხედეო“, რომ იდეა მოიწონონ.
როცა გაეროს ფორუმზე გამოვედი ინიციატივით, რომ მიგრანტების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად 18 დეკემბრის ჯგუფი შეგვექმნა და ორგანიზება გაგვეწია ერთობლივი აქციისთვის ყველა შესაძლო კონტინენტზე, ჩემს წინადადებას გამოეხმაურნენ. შარშან 18 დეკემბერი 35 ადგილას აღვნიშნეთ (მათ შორის ამერიკის და ავსტრალიის კონტინენტებზე). ჩვენი ლოზუნგი იყო: „For life and dignity.“
წელს ჯერ არ მიგვიღია ყველა ადგილიდან მონაცემები და არ დაგვიჯამებია აქცია.
ეს არის ევროპა – მას ინიციატივები მოსწონს და არ ამბობს შენს ქვეყანას მიხედე, აქ რა გესაქმებაო.
– და ახლა ადამიანებზე, რომლებიც რუბრიკას მოუხდებოდნენ…
– ჩემმა მეგობარმა, რომელიც როსკილდეს უნივერსიტეტის სტუდენტი იყო იმ დროისთვის (ახლა ბანგლადეშის გაეროს ოფისში მუშაობს), იცოდა, რომ კრისტიანიას ნახვა იყო ჩემი ოცნება. ეს არის 70-იან წლებში კოპენჰაგენში დაარსებული ჰიპების ქალაქი. აქ არ შეიძლება ფოტოს გადაღება, სირბილი (რადგანაც ეს პანიკის განწყობას ქმნის) და აკრძალულია მანქანით სიარული. კრისტიანია მსოფლიოში ცნობილია იმით, რომ პირდაპირ დახლებზე იყიდება მარიხუანა და ჰაშიში. პოლიციამ ბევრჯერ დაარბია ქალაქი და შეეცადა აეკრძალა მარიხუანის და ჰაშიშის გაყიდვა, მაგრამ ქალაქის დასაცავად ძალიან ბევრი აქცია მოეწყო, ბევრი როკკონცერტი მიეძღვნა, ბევრი მანიფესტი დაიწერა. როგორც კი შედიხარ თაღში, რომლის იქითაც კრისტიანია იწყება, თავი ფილმისთვის სპეციალურად აშენებულ ქალაქში გგონია, იმდენად განსხვავდება იმ ყველაფრისგან, რაც კი ოდესმე გინახავს. შენობის ფასადებიდან დაწყებული, სუნით დასრულებული, რომელიც ქალაქის ყველა კუთხეში ტრიალებს, ზოგან მეტად, ზოგან ნაკლებად.
ჩემმა მეგობარმა დამპატიჟა თავისთან როსკილდეში, რომელიც კოპენჰაგენიდან 25 კილომეტრშია. „დამპატიჟა“ ნიშნავს, „ბილეთი გამომიგზავნა და დამხვდა“. როსკილდას უდიდეს როკფესტივალზე, სადაც წელს ჰედლაინერი „როლინგ სტოუნი“ იყო, ბილეთი მიყიდა (მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ვერ წავედი ფესტივალზე), მასპინძლობა გაუწია ჩემს შვედ მეგობარს, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა შვედეთიდან ჩემს სანახავად. სადილები მოაწყო. ვენაში (სადაც მისგან მივდიოდი) და საქართველოში ჩემი მეგობრებისთვის საჩუქრები გამატანა.
მეც ხომ ისე გავიზარდე, როგორც დანარჩენები, იმ სადღეგრძელოთი, ქართველებზე ძალიან არავინ იცის სტუმრის პატივისცემაო. ამიტომ, ეს ყველაფერი იმდენად გამიკვირდა, რომ ვკითხე, რატომ აკეთებ-მეთქი ამდენ რამეს. მან მითხრა, იმიტომ, რომ ჩემთვისაც ასე გაუკეთებიათო. მას გორა ქვია და, როცა ვფიქრობ იმაზე, რომ ვიღაცისგან შეიძლება დავიღალო (საქციელით, ურთიერთობით), ყოველთვის გორა მახსენდება, ადამიანი, რომელიც მეორე ადამიანთან არ იღლება, არ იღლება გრძნობების გაცემით, ზრუნვით, ყურადღებით, მზადყოფნით, მუდმივად გეგულებოდეს გვერდით, დახმარების სურვილით.
ჩემი საქართველოს დატოვება ბევრად განაპირობეს ჩემს ირგვლივ ადამიანებმა. საზოგადოებას შეუძლია მოგკლას და არავინ თქვას, რომ ძლიერი უნდა იყო და უნდა გაუძლო. ზუსტად იგივენაირად, არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაფიქრებითაც ძალას გაძლევენ. მე ასეთი ბევრი მყავს, საბედნიეროდ.
ბევრი ვილაპარაკე და ახლა რეზიუმე გავაკეთოთ.
– კარგი, მაშინ მომავალ გეგმებზე ვისაუბროთ. ვთქვათ, აპირებ თუ არა როკკლუბის გახსნას?
– არა, ცხადია. არ ვაპირებ. ენთუზიაზმი აღარ მაქვს. ფინანსურად მომგებიანი კი არასდროს ყოფილა. ამ ქვეყანაში ინიციატივები დასჯადია. მალე ჩემი წიგნი გამოვა ვენაში. პოლონეთში უნდა გამოსულიყო, მაგრამ შეიცვალა რაღაცები. რამდენიმე თვეში დოკუმენტური ფილმი გამოვა, მიგრანტების ცხოვრებაზე. მე ახლა მიგრანტების უფლებების მხარდამჭერ მოძრაობაში ვარ და, ჩემს ევროპელ მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრი პროექტის განხორციელებას ვაპირებ. როკკლუბი კი, მივხვდი, რომ მხოლოდ მე მჭირდებოდა.
მზევინარ ხუციშვილი