ეკა ბესელია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე საუბრისას “ნაციონალებს” ახალაიას ახსენებს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს მორალური უფლება არ აქვთ, თავდაცვის უწყებაში პრობლემასა და ხარვეზზე ისაუბრონ.
“ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა ნებისმიერი უწყების და, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროსი, ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით გაკეთდა საჭირო განმარტება. გაირკვა, რომ განცხადება არ იყო შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან, განცხადება არ იყო სამინისტროს პირველი პირების პოზიცია, რაც ნიშნავს, რომ შიდა უწყების სივრცეში კოორდინაციის, თუ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, გარკვეული პრობლემა არის. ამას სჭირდება გამოსწორება, რაზეც სამინისტრო აუცილებლად იზრუნებს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება სწორად არ მიმაჩნია. სჯობს, საკითხზე დასრულდეს დებატები, განსაკუთრებით კი “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომელიც ყველა თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. არ მგონია, რომ მათ ბრალდებებს უნდა გაეცეს პასუხი, განსაკუთრებით, როდესაც მათი ხელისუფლების პირობებში იყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც გასამართლებულია წამებისა და ადამიანების არაადამიანური მოპყრობისათვის, მათ პრობლემაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვთ“, – აცხადებს ეკა ბესელია.