გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გამოხატულ მხარდაჭერას მიესალმება
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მეგობარი ქვეყნების მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაფიქსირებულ მხარდაჭერას მიესალმება.
ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. “მივესალმები იმ მხარდამჭერ პოზიციას, რომელიც მეგობარმა ქვეყნებმა გაეროს უშიშროების საბჭოს 22 დეკემბრის სხდომაზე გამოხატეს. იმ რთულ ვითარებაში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20%, ასეულ ათასობით მოქალაქე ქცეულია ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად, საქართველო აწარმოებს კონსტრუქციულ, მშვიდობიან და რაციონალურ პოლიტიკას. ამის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციამ მაინც გადადგა ნაბიჯები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიისაკენ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს რეგიონის უსაფრთხოების გარემოს. მოცემულ რეალობაში უაღრესად მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები გამოხატავენ, როგორც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, ისე საქართველოს თანამიმდევრული პოლიტიკის მიმართ. მტკიცედ გვწამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურ ჩაბმულობას შეუძლია გადამწყვეტი როლი შეასრულოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესების შესაჩერებლად”, – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.