რა კავშირი აქვს მარიამ საჯაიას გადეპუტატებას მამის გარდაცვალებასთან
„როგორ მოხვდა „ნაციონალების“ სიაში მარიამ საჯაია“, -ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ ახალგაზრდა დეპუტატზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ადვოკატი ზურაბ თოდუა გაზეთს სკანდალურ ინფორმაციას აწვდის, იმის შესახებ თუ რა კავშირი აქვს მარიამ საჯაიას გადეპუტატებას დემურ საჯაიას თანამშრომლის ილია ქვარცხავას გარდაცვალების ფაქტთან.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბიზნესმენმა ილია დალაქიშვილმა, რომელსაც წინა ხელისუფლების მმართველობის დროს 6 – მილიონიანი ბიზნესი წაართვეს და დააპატიმრეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ახალი საქმის წამოწყება სცადა და შექმნა კომპანია, რომელიც მყარი ნარჩენების გადამუშავებით ნავთობპროდუქტს იღებდა. თუმცა, მას ისევ დასდეს ბრალი და ფინანსურმა პოლიციამ ამჯერად ის საბაჟო კონტროლის წესების დარღვევაში და ფულის გათეთრებაში დაადანაშაულა. ადვოკატ ზურაბ თოდუას ინფორმაციით, როდესაც ილია დალაქიშვილის კომპანიაში რევიზია ჩატარდა, ფინანსური პოლიციის თანამშრომლებმა პარალელურად იმ კომპანიების შემოწმება დაიწყეს, რომლებსაც ილია დალაქიშვილისგან საქონელი მიჰქონდათ. მისი თქმით, გამოძიების კვალი მარიამ საჯაიას მამის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში – „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“ მივიდა.
ზურაბ თოდუას განცხადებით, ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ დემურ საჯაიას კომპანიას სახელმწიფოსთვის 350 ათასი ჰქონდა დამალული. ადვოკატი აცხადებს, რომ საჯაია ფინანსურ პოლიციაში ორჯერ დაიბარეს, თუმცა მის ნაცვლად მისივე თანამშრომელი ილია ქვარცხავა დააკავეს. მას ბრალად ყალბი ანგარიშფაქტურების შედგენა წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ილია ქვარცხავას წინასასამართლო სხდომა 2012 წლის 27 იანვარს იყო ჩანიშნული, მაგრამ ის 26 იანვარს ღუდუშაურის სახლობის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ჩემ მიერ გამოთხოვილი მასალებით აღმოჩნდა, რომ ილია ქვარცხავა ღუდუშაურში გარდაიცვალა. ეტყობა, ძალიან მძიმედ იყო, რაკი ციხიდან გადაიყვანეს. ჩემ მიერ გამოკითხული პატიმრებისგან ვიცი, რომ ეს ადამიანი ძალიან გულჩათხრობილი, არაკონტაქტური იყო. თვითონ პატიმრებმაც კი არ იცოდნენ, რატომ იყო ეს ადამიანი ციხეში. ისინი მიამბობდნენ, რომ ქვარცხავა ხშირად გაჰყავდათ საკნიდან. ბრუნდებოდა შეწუხებული და ჩაფიქრებული. როცა ეს ადამიანი გაჰყავდათ, მალევე ვიგებდით ყვირილსო. ესენი ვარაუდობდნენ, რომ მას უტყამდნენ. ამის მეც მჯერა, რომ ეს ადამიანი ცემაში შემოაკვდათ, ან ამ ცემამ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც ის საბოლოოდ გარდაიცვალა. ჩემი ვარაუდით, ამ ადამიანისგან ითხოვდნენ, მიეცა ჩვენება დემურ საჯაიას წინააღმდეგ. მას ასეთი ჩვენება არ მიუცია. საქმეში ასეთი ჩვენება არ დევს. სწორედ ილია ქვარცხავას გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში დემურ საჯაიას გული გაუსკდა და ისიც გარდაიცვალა. ამის შემდეგ, რამდენიმე თვეში მარიამ საჯაია „ნაციონალების“ სიის პირველ ათეულში ხვდება“, – აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა.
მისი თქმით, მარიამ საჯაიას დედამ ნაზი არონიამ იაქტიურა და ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან კავშირშია. ადვოკატის ეჭვს ისიც ამყარებს, რომ როგორც თავად ამბობს, ღუდუშაურის საავადმყოფოში გარდაცვლილი ილია ქვარცხავას ცხედარს ექსპერტიზა არ ჩატარებია და მისი გარდაცვალების ფაქტი დღემდე ბურუსით არის მოცული.
„უფრო მეტ საფუძველს მაძლევს ეჭვისთვის ის ფაქტი, რომ ამ საქმის გაუხმაურებლობისთვის შესაძლოა დაუსვეს საკითხი სააკაშვილს – აი, შენმა ფინანსურმა და შენმა პროკურატურამ რა გააკეთა და თუ გინდა, რომ ჩუმად ვიყოთ, რამე პირობები შემოგვთავაზეო. არ გამოვრიცხავ, რომ მარიამ საჯაია სწორედ ფინანსური პოლიციის მიერ ჩატარებული ეგზეკუციის მასალების არ გახმაურებისთვის იყოს წარმოჩენილი, როგორც ახალგაზრდა პარლამენტარი საქართველოში. ჩემი სამართლებრივი ანალიზი და მტკიცებულება მაძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს“, – აცხადებს ადვოკატი ზურაბ თოდუა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში.
მისი თქმით, სწორედ 2012 წელს, ილია ქვარცხავასა და დემურ საჯაიას გარდაცვალების შემდეგ, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, დეპუტატის ქვედა ზღვრული ასაკი 25-დან 21 წელზე ჩამოვიდა და მალევე „ნაციონალური მოძრაობის“ პირველ ათეულში მარიამ საჯაიაც აღმოჩნდა. ექსპერტები ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მაშინ პოლიტიკაში, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის – ნაზი არონიას ქალიშვილის მარიამ საჯაიას გამოჩენას უკავშირებდნენ.