„თბილისის 2015 წლის ბიუჯეტი ყველაზე მეტად მორგებულია ხალხის საჭიროებებზე“
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა.
ტალიაშვილის განმარტებით, ეს პირველი ბიუჯეტია, რომლის შედგენის პროცესშიც მოქალაქეები იყვნენ ჩართულნი. მისი განცხადებით, ეს ბიუჯეტი ყველაზე მეტად არის მორგებული საზოგადოებაზე. მანვე ჟურნალისტებთან იმ პროგრამების შესახებაც ისაუბრა, რომელიც დედაქალაქის ბიუჯეტის მიხედვით არის პრიორიტეტული.
„პრიორიტეტები განისაზღვრა მოქალაქეთა გამოკითხვის შედეგად. საკრებულოში მისვლის პირველივე დღიდან ჩვენ დავიწყეთ პრობლემების ამოწევა, შემდეგ ეს პრობლემები და საჭიროებები ბიუჯეტში აისახა. კომუნალური გადასახადების დაფინანსება 50%-დან 100%-მდე გაიზარდა, 2015 წელს აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი. ბიუჯეტი ფორმულირდებოდა აბსოლუტურად გამჭვირვალედ. მე ვერ გავიზიარებ ოპონენტთა მოსაზრებას, რომ თითქოსდა ეს ჩინოვნიკზე მორგებული ბიუჯეტია. როგორ არის ეს ჩინოვნიკზე მორგებული, როდესაც C ჰეპატიტის უპრეცედენტო პროგრამას აფინანსებს ეს ბიუჯეტი, როგორ არის ჩინოვნიკზე მორგებული, როდესაც ლეიკემიითა და სხვა ონკოჰემატოლოგიური პაციენტების დაფინანსება იწყება, ამაზე მილიონობით ლარია გამოყოფილი. ამ ბიუჯეტით დახარისხდა და მოხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა დაფინანსება. უსინათლოთა პროგრამების დაფინანსებაზე გამოიყო ერთი მილიონი ლარი. როგორ არის ჩინოვნიკზე მორგებული. როდესაც 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მიუსაფართათვის თავშესაფრის მშენებლობა. იწყება ასევე უფასო სასადილოების აბსოლუტურად განახლებული სისტემით მუშაობა. მხოლოდ სოციალური დაცვის მიმართულებით 170 მილიონი გაიწერა. გამგეობებში 9 მილიონი ლარი უშუალოდ სოციალურ დაცვას გამოეყო“,- განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის საკრებულო დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტს დღეს დაამტკიცებს. ბიუჯეტი წელს 799 მილიონი ლარით განისაზღვრა.