ზურაბ აბაშიძე: თუ პუტინი საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება, ამან შედეგი უნდა მოიტანოს
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერი-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ თუკი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი შეხვდება, ქართული მხარისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იქნება. მისივე თქმით, შეხვედრამ კონფლიქტების ეტაპობრივი დარეგულირების თვალსაზრისით, გარკვეული შედეგი უნდა მოიტანოს. „ასეთი შეხვედრა რაღაც ეტაპზე უნდა შედგეს, მაგრამ ამას დეტალური მომზადება სჭირდება. უნდა დაზუსტდეს, სად და როდის შედგება ეს შეხვედრა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვა, რომელიც ყველაზე მწვავე თემებთანაა დაკავშირებული, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებთან“,-განაცხადა აბაშიძემ. პუტინმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან შესახვედრად მზადყოფნა გამოთქვა.