თეა წულუკიანი: სააკაშვილი ფრიადოსანია, მე კი „ორმოცდაერთოსანი“ ვარ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ესქპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს განცხადებას ეხმაურება. წულუკიანის თქმით, იგი იზიარებს, რომ სააკაშვილი ფრიადოსანია, თუმცა თვითონ „ორმოცდაერთოსანია“ და კოალიციასთან ერთად “ნაციონალური მოძრაობა” 41:5 დაამარცხა.
“ვიზიარებ, რომ სააკაშვილი არის ფრიადოსანი, მე კი ვარ „ორმოცდაერთოსანი“. 41:5 დავამარცხე “ნაციონალური მოძრაობა” კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” ერთად. ასეც ვაგრძელებ და ასეც გავაგრძელებ. ჩვენ ვართ უფრო წარმატებული მთავრობა, ვიდრე ბევრი აღმოსავლურ ევროპული ქვეყნის მთავრობა, თუნდაც ეკონომიკური ზრდის, თუნდაც რეფორმების კუთხით, რაც არ იყო ბატონი ხუთოსნის გეგმებში მთელი 9 წლის განმავლობაში. თუკი შეცდომა არის ის, რომ ციხეებში არავის აუპატიურებენ, თუკი შეცდომა არის ის, რომ მოსამართლე ჩემგან თავისუფალია, მზად ვარ, მივიღო ეს “შეცდომა”, – განაცხადა მინისტრმა “მაესტროს ცხრიანში”. ამასთან, მინისტრი მიიჩნევს, რომ „ხუთოსანმა“ ექსპრეზიდენტმა ევროპარლამენტის სხდომაზე საკუთარი ფიასკო ნახა. “მიხაროდა, რომ ვხედავდი საქართველოს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად, ამ ისტორიულ დღეს რომ ესწრებოდა. მიხაროდა, რომ იქ იყო ხუთოსანი, რათა თავისი თვალით დაენახა საკუთარი ფიასკო. ეს იყო მისთვის ფიასკო, რადგან რეზოლუციაში არის აღიარებული, რომ ამჟამინდელი მთავრობა არის რეფორმატორი, 2 წელი ტოტალურ შრომას ეწევა და ეს შრომა დაუფასდა”, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სამიანზე ძლივს “ქაჩავს”. “საქართველო ყოველთვის იყო „ხუთოსანი“ და „ათოსანი“. რამდეჯერ უნდა ვიყოთ კლასში ჩატოვების ზღვარზე? ფაქტია, რომ სამიანზე ძლივს ვქაჩავთ. მე მიხაროდა ხოლმე ამ ქალაქში ჩამოსვლა, რადგან „ხუთოსნები“ ვიყავით. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა იყოს „ოროსანი“, ვინც არ უნდა იყოს ამ ქვეყნის ლიდერი. არ მინდა, ყოველ წუთში გვემუქრებოდნენ, რომ საშემოდგომოს გამოგაყოლებენ, რომ გაგვრიცხავენ. რატომ?”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები