დევნილობაში მყოფ 656 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დევნილობაში მყოფ 656 ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა.
როგორც ჟურნალისტებს დღევანდელი სხდომის შემდეგ დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა, გადაწყვეტილება იმ პროგრამის ფარგლებშია მიღებული, რომელიც საცხოვრებელი სახლების 10 000 დევნილი ოჯახისთვის საკუთრებაში გადაცემას გულისხმობს.
“საქართველოს მთავრობა ასრულებს პროგრამას, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. ეს არის დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების საკუთრებაში გადაცემის პროგრამა. მოგეხსენებათ, ეს არის 10-თვიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომდევნო წლის პირველ ოქტომბრამდე, სავარაუდოდ, 10 000 ოჯახს უნდა გადაეცეს სახლები. მთავრობის სხდომაზე დღეს გავიდა ამ პროგრამის ერთი ნაწილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე 656 ოჯახს სახლები საკუთრებაში გადაეცემათ”, – განაცხადა მინისტრმა.
სოზარ სუბარის განცხადებით, აღნიშნული ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლები გაიცემა როგორც თბილისში, ისე ბათუმში, წყალტუბოში, კასპში, ხონსა და საქართველოს სხვა რაიონებში.