„თავისუფალი თაობა 20 დეკემბერს სააკაშვილის ფიტულს დაწვავს“
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, მიხეილ სააკაშვილის სახელობის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკასთან აქციას გავმართავთ და მის ფიტულს დავწვავთ,- აღნიშნული განცხადება არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის “ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მისი განცხადებით, აქციის საშუალებით ორგანიზაციის წარმომადგენლები მოითხოვენ, ბიბლიოთეკას მოღალატე პიროვნების სახელი გადაერქვას და სხვა ადამიანის, თუნდაც ზვიად გამსახურდიას სახელი დაერქვას.
„აქცია თეატრალიზებული იქნება, სადაც პროტესტის ნიშნად სააკაშვილის ფიტულს დავწვავთ. გვინდა, გავაპროტესტოთ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის არსებობა. ჩვენ უშუალოდ ბიბლიოთეკის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ მიუღებელია ის, რომ მას მოღალატე პიროვნების სახელი ჰქვია. სააკაშვილი არის მკვლელი, სადისტი, აქციების დამრბევი. ყველა იმ უბედურების შემქმნელი, რაც 9 წლის განმავლობაში საქართველოში ხდებოდა იყო სააკაშვილი. შეეცვალოს ბიბლიოთეკას სახელი და დაერქვას თუნდაც ზვიად გამსახურდიას სახელი“,- განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.