პირადობის ახალი მოწმობა აქციის ფარგლებში 30 000-მდე მოქალაქემ მიიღო
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, პირადობის ახალი მოწმობა, 34 ლარის ნაცვლად, 15 ლარად, 29 742–მა მოქალაქემ მიიღო, – განაცხადა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა დღევანდელ ბრიფინგზე.
მისი თქმით, აქციით სარგებლობის მსურველმა ყველაზე მეტმა მოქალაქემ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის და გორის იუსტიციის სახლებს მიმართა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ტაბიძემ აღნიშნა, აქციის პირობების თანახმად, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად, სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადასაღები 3 ლარის გადასახადისგანაც.
მისი თქმით, დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი, 15 ლართან ერთად, მხოლოდ დაჩქარების ღირებულებას გადახდა მოუხდებათ.
აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის, როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ.
აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოკუმენტის გაცემასთან ერთად ხდება რეგისტრაციის ადგილის შეცვლა, მოქალაქემ უნდა მიმართოს სერვისების განვითარების სააგენტოს/იუსტიციის სახლის იმ ფილიალს, რომლის სამოქმედო ტერიტორიასაც განეკუთვნება მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი მისამართი.
დღეის მონაცემებით, ელექტრონული პირადობის მოწმობას უკვე 1 500 000-მდე ადამიანი ფლობს.