ტელეკომპანია „ტვ 3“-ის თანამშრომლები დაითხოვეს

ტელეკომპანია „ტვ 3“ რეორგანიზაციას იწყებს. რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლები, გუშინ თათბირის შემდეგ სამსახურიდან დროებით დაითხოვეს – ამის შესახებ „კვირას“ ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, იგი არ ფლობს ინფორმაციას რეორგანიზაციის პროცესი რამდენ ხანს გასტანს.
„რეორგანიზაციის პროცესი რამდენ ხანს გასტანს, ჩემთვის უცნობია. რეორგანიზაციის შემდეგ არხის ხელმძღვანელობა კადრების საკითხს თავად გადაწყვეტს. შესაბამისად, არხის მიმართულებაც რეორგანიზაციის შემდეგ გაირკვევა“, – აღნიშნა მაია ჭუჭულაშვილმა.
„კვირას“ ინფორმაცია ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანების შესახებ, მაია ჭუჭულაშვილმა არ დაადასტურა. „მე პირადად ნოემბრის ჩათვლით ხელფასი აღებული მაქვს“, – აღნიშნა პროდიუსერმა.
თუმცა, „კვირას“ ინფორმაციით, არხს ფინანსური პრობლემებიც ჰქონდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს ნოემბრის ხელფასი ორი დღის წინ დაურიგდათ.
ამასთანავე, „კვირას“ ინფორმაციით, „ტვ 3“-ს ახალი ინვესტორი ჰყავს და არხის რეოეგანიზაციაც სწორედ ამ საკითხს უკავშირდება. ახალი ინვესტორი კი, სავარაუდოდ, აზერბაიჯანული მხარეა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები