“ნაციონალები” ცდილობენ, ევროსაბჭოში საქართველოსთვის საზიანო აქცენტები გააკეთონ – ბესელია

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს მცდელობა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქვეყნისთვის რაც შეიძლება ნეგატიური აქცენტები გააკეთონ, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ რეზოლუციაში ბოლო წლებში გატარებული რეფორმები აისახება.
„ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ მეგობარ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებულები, აქვთ მცდელობა, როგორც ეს ხდება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში, რაც შეიძლება ქვეყნისთვის ნეგატიური აქცენტები გააკეთონ და შეიტანონ ტექსტში, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტში უმრავლესობა სწორედ ობიექტურად შეაფასებს იმ რეფორმებს და იმ ცვლილებებს, რომელიც დემეოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში მოხდა სააკაშვილის მმართველობის შეცვლის შემდეგ“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას 18 დეკემბერს განახორციელებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის დავით კერესელიძის განცხადებით, ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციას მიიღებს. მანამდე, 17 დეკემბერს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს თაობაზე დებატები შედგება.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 10-მა ქვეყანამ – რუმინეთმა, ბულგარეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, მალტამ, სლოვაკეთმა, ესტონეთმა, უნგრეთმა, შვედეთმა, ხორვატიამ მოახდინა. ევროპარლამენტმა უკრაინასა და მოლდოვასთან შეთანხმების რატიფიცირება უკვე განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები