დავით ბაქრაძე პრემიერთან შეხვედრაზე მისი არდასწრების მიზეზს განმარტავს
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ხსნის, თუ რატომ არ ესწრებოდა პრემიერთან საგარეო პოლიტიკის საკითხებზე გამართულ შეხვედრას. მინისტრის განმარტებით, შეხვედრა ევროპულ და ევროატლანტიკურ თემატიკას და მის კოორდინაციას არ შეეხებოდა. მისივე თქმით, ის ინფორმირებულია იმ თემატიკის შესახებ, რაზეც იყო საუბარი შეხვედრაზე, თუმცა ის, რომ ინფორმაციას ფლობს, არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე უნდა ისაუბროს, ამიტომ დეტალების დაკონკრეტებისგან სახელმწიფო მინისტრმა თავი შეიკავა.
“ზოგადად, შეხვედრები იმართება ძალიან ბევრ საკითხებზე, მათ შორის საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებებთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა არ შეეხებოდა ევროპულ და ევროატლანტიკურ თემატიკას და მის კოორდინაციას, შესაბამისად, ამაში გასაკვირი და აღსანიშნავი არაფერია”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საგარეო-პოლიტიკურ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი დავით სუჯაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზვიად კვაჭანტირაძე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გია ვოლსკი დაესწრნენ.