თეა წულუკიანი: 1-2 წელიწადში მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი გვეყოლება
ერთ-ორ წელიწადში ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ ორწლიანი ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
მინისტრის თქმით, მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი ქვეყანას მისცემს საშუალება, რომ არც ერთი სისხლის სამართლის პროცესის მიმართ არანაირი კითხვის ნიშნები აღარ იყოს.
“ეს ძალიან მალე უკვე შედეგს გამოიღებს. რაც შეეხება მომავალ პროცესებს, იქნება ეს ეუთოს, ევროკავშირის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მართლმსაჯულება, მოსამართლეები იყვნენ თავისი ხელმძღვანელობისგან დამოუკიდებელი, რომ ის აღქმაც კი არ არსებობდეს, რომელიც შეიძლება ხანდახან რომელიმე პროცესს ჩრდილს აყენებდეს. როგორც ODIHR-ის დასკვნა აჩვენებს, ახლა მთავარია, რომ რეკომენდაციები, რომლებიც გაიცა, უკვე სასამართლოს შიგნით რეფორმირებას მოემსახუროს და ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, ერთ-ორ წელიწადში ჩვენ გვეყოლება მოსამართლეთა ღირსეული კორპუსი, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ არანაირი კითხვის ნიშნები არც ერთი სისხლის სამართლის პროცესის მიმართ აღარ იქნება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.